Pages

Thursday, December 9, 2010

ნაცია, ეროვნება და ეთნოსი

გუშინწინ საინტერესო ინციდენტის მოწმე გავხდი. ბარში ვიჯექი. ჩემს შორიახლოს ოთხი ადამიანი საუბრობდა - ერთი გოგონა და სამი ბიჭი. გოგონა ამერიკელი იყო, ერთი ბიჭი - შოტლანდიელი, დანარჩენი ორი - ქართველები. რაღაც მომენტში შევატყვე, რომ გოგონა ანერვიულდა და ემოციურად დაიწყო ლაპარაკი, ბოლოს კი აშკარა ჩხუბზე გადავიდა და ერთ-ერთ ქართველ ბიჭს უყვიროდა, შენ საერთოდ აზრზე არა ხარ და რატომ ლაპარაკობ ეგრეო. ბოლოს კი შეურაცხყოფილი წამოხტა, ინგლისური აქცენტით დაიყვირა ’მადლობა, სასიამოვნოა’ და ბარიდან გაიქცა. შოტლანდიელიც გაყვა.

დავინტერესდი რა გახდა ამერიკელი გოგონას გაბრაზების მიზეზი და აი რა გავარკვიე:

საუბარი ამერიკაზე ჩამოვარდნილა და ერთ-ერთ ქართველ ბიჭს წამოუროშავს, ამერიკა ნაცია არ არისო. თავდაპირველად გოგონა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ასე არ იყო და პასპორტის ჩვენებითაც ’იმუქრებოდა’, მაგრამ ბიჭი მაინც თავისაზე იდგა და ამტკიცებდა, რომ ამერიკელი ეროვნება არ არის და პასპორტი აქ არაფერ შუაშია. მოკლედ საბოლოოდ გოგონა გაბრაზდა და გაიქცა.

ამის შემდეგ ბიჭმა გულწრფელად ინერვიულა და მაინც ბოლომდე ვერ გაიგო რა იყო მის სიტყვებში გასაბრაზებელი. გარშემო მყოფები ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ შეცდა, მაგრამ ბიჭი ჯიუტად იმეორებდა: ’რა გინდათ ეხლა მითხრათ? რომ ამერიკელი ეროვნებაა???!!!’. საბოლოოდ წიგნის გადაშლა გვირჩია ყველას და ისიც გაიქცა.

ჰოდა აი რა მინდა ვთქვა. არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებსაც დღემდე სჯერათ, რომ ეროვნება ეთნოსზე უნდა იყოს დაფუძნებული, საქართველოში მცხოვრები ადამიანი გვარად ჯაფარიძე - ქართველია, ხოლო საქართველოში მცხოვრები ადამიანი გვარად მარტიროსიანი - არაქართველი.

ამერიკელ გოგონას კი თავში აქვს ბავშვობიდან ჩაბეჭდილი, რომ ეროვნება დაფუძნებულია მხოლოდ მოქალაქეობაზე და რომ ამერიკელი გვარად ფერნანდესი და ამერიკელი გვარად ლუმუმბა თანამემამულეები არიან და ერთ ეროვნებას წარმოადგენენ.

ინგლისურ ენაში სიტყვა nation (ერი) უკვე დიდი ხანია გაიგივებულია სიტყვასთან country (ქვეყანა).

ჩვენ ჩამოვრჩით. ძალიან ჩამოვრჩით. ჩვენი ყველა უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა 90-იანების დასაწყისში სწორედ ჩვენი უკუღმართი აზროვნებიდან მოდის და შეიძლება კაცს ტვინში სისხლი ჩაგექცეს, როდესაც ხედავ, რომ უამრავი ადამიანი ამას დღემდე ვერ აცნობიერებს.

ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც შემოვიღეთ საშინელი ტერმინი - ’არაქართველი’ და ამ ტერმინით მოვიხსენიებდით ყველას, ვისაც ქართული გვარი არ ჰქონდა. მეტიც - იმასაც გამოვჩხრიკავდით, რომ რომელიღაც კონკრეტულ ადამიანს ქართული გვარი, ვთქვათ, ბებიისგან ჰქონდა აღებული და სინამდვილეში ისიც არაქართველი იყო. ჩვენ ვერ შევძელით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის გვეთქვა, რომ ყველანი ერთნი ვართ, პირიქით - ყველანაირად ვაგრძნობინებდით და ზოგჯერ პირდაპირ ვეუბნებოდით ’არაქართველებს’, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენი იყო და ისინი აქ სტუმრად იყვნენ.

ჩვენ ამას დღემდე ვერ ვხვდებით და ამერიკელებს დამცინავად ვუყურებთ: ’ეგ ხომ ერი არ არის საერთოდ’.

მთელი აზრზე მოსული სამყაროსთვის ’ეროვნება’ და ’ეთნოსი’ უკვე დიდი ხანია განსხვავებული ტერმინებია, ჩვენ კი ჯერ-ჯერობით აზრზე მოსვლა არ გვეღირსა.

Monday, November 22, 2010

მარტინ ლუთერ კინგი


მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლებს ვუსმენ აბ ბოლო დროს ხშირად. რაღაც განსაკუთრებული იყო ამ კაცის სიტყვებში, ინტონაციაში, გამოხედვაში, ჟესტებში. ერთი წამითაც ვერ ვწყვიტავ თვალს და რომ დაამთავრებს სიტყვას, თავიდან ვუსმენ, როგორც კარგ სიმღერას.

ყველაზე ცნობილი მისი სიტყვა არის ’მე მაქვს ოცნება’, რომელიც მან ვაშინგტონში აბრაჰამ ლინკოლნის მემორიალის წინ შეკრებილი ასობით ათასი ადამიანის წინაშე თქვა.

ამ სიტყვას ხშირად ვუსმენ და ერთი მომენტი მიტრიალებს თავში და არ მასვენებს.

სადღაც შუაში კინგი სხვადასხვა შტატებიდან ჩასულ ხალხს მიმართავს: ’დაბრუნდით თქვენ-თქვენ სახლებში და გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით’.

მე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ადამიანს და ქართული პოლიტიკის მსხვერპლს ამ დროს მრავალმა აზრმა გამიელვა თავში. მათ შორის ისიც ვიფიქრე, რომ მარტინ ლუთერ კინგი ამერიკის მთავრობის კაცი იყო, მოსყიდული იყო, მოქრთამული. ’აბა რა ლოგიკით უშვებდა სახლში ასი ათასობით ადამიანს, როცა ჰქონდა შანსი, რომ გაძღოლოდა მათ თეთრი სახლისკენ და უფრო რადიკალური სომებისთვის მიემართა’, ვფიქრობდი და ბოლოს მივხვდი რომ უბრალოდ არსებობს ჭკვიანი და იდეის ერთგული ხალხი. მართლა არსებობს.

მარტინ ლუთერ კინგმა იცოდა რომ პრეზიდენტის გადადგომა ან სხვა მსგავსი ქმედება არ უშველიდა იმ პრობლემას, რომელიც ამერიკის წინაშე იდგა. ხალხის აზროვნება უნდა შეცვლილიყო. უბრალო, სადღაც ოკლაჰომაში ან არკანზასში მცხოვრები ამერიკილი უნდა მიმხვდარიყო, რომ ადამიანი - ადამიანია, მიუხედადად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა.

მარტინ ლუთერ კინგმა ეს შეძლო. მან ადამიანებს აზროვნება შეუცვალა. იმ დღეს ის ელაპარაკა მთელ ამერიკას. არა მხოლოდ იქ შეკრებილ ხალხს და არა მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს, არამედ ჯერ არდაბადებულ თაობას (ეს ვიღაცის სიტყვებია, არ მახსოვს. ნუ ჩემი ნაღდად არ არის).

მართინ ლუთერ კინგისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ ტოვებენ კვალს, რომლის მიხედვით თაობები ცხოვრებას სწავლობენ.

”მე რასაც ვამბობ, ძალიან მარტივია: ცხოვრება ერთია, ჩვენ გაბმულნი ვართ ერთ ბადეში და ერთი ბედი გვაქვს. ნებისმიერი რამ, რაც ერთ ადამიანზე ახდენს პირდაპირ ზეგავლენას, სხვა ადამიანებსაც ეხებათ ირიბად. რაღაც უცნაური მიზეზის გამოა რომ მე ვერ ვიქნები ის ვინც უნდა ვიყო, სანამ თქვენ არ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ და თქვენ ვერ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ, სანამ მე არ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო”.

- მარტინ ლუთერ კინგი -

Wednesday, November 3, 2010

კლიმატოლოგიური სტონიკა

დიშინ გულას ბამოვედი ჩათუმიდან. ’საბი კლუბლაიმი’ გამ ხოგიგიათ? ისტად ზუქ კოყო ინცერტი. ვაყოფილი კმარ, საგრამ მაუნდი ცულიან ძადი იყო. ისე აყო ი თუსე, აინც მარაუშავდა.

წვითუმში ბამდა. მამაგიეროდ სეორე კას დღერგი იმინდი აყო - გა მზემოვიდა. დთელი მღე ვილვარში ბუსეირნე და მამის ღატარებლით თბიმოვედი წალისში.

კალიან ძარგი გასვენება დამომივიდა.

Sunday, October 10, 2010

ირინა სენდლერი


რამდენიმე დღის წინ ფეისბუკი გავხსენი და ჩემი ერთ-ერთი მეგობრის მიერ გამოქვეყნებული სტატია მომხვდა თვალში. იქვე, ფოტოზე, მოხუცი ქალბატონი იყო გამოსახული. დამაინტერესა და წავიკითხე. მას მერე შთაბეჭდლების ქვეშ ვარ, თავიდან არ ამომდის ირინა სენდლერის ამბავი.

არ მინდა ახლა თავიდან მოვყვე ყველაფერი რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა, უბრალოდ მომინდა მეთქვა ის რაც რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ დავასკვენი: ღმერთი არსებობს და ის ყველაზე მძიმე დღეებში ანგელოზებს აგზავნის დედამიწაზე.

ირინა სენდლერმა მეორე მსოფლიო ომის დროს 2 500 ბავშვი გამოიყვანა გეტოდან და სიკვდილს გადაარჩინა. აი ასე, სათითაოდ, 2 500!!! ჩანთაში სვამდა და გამოჰყავდა, რიგ რიგობით და ყოველ ჯერზე თავის სიცოცხლეს აგდებდა საფრთხეში იმისთვის რომ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა.

ერთ დღეს ის გესტაპომ შეიპყრო და საშინლად აწამა. დასახვრეტად მიჰყავდათ, როდესაც თანამოაზრეებმა დაიხსნეს. ომის შემდეგ ირინამ იმ 2 500 ბავშვის მშობლებისთვის დაბრუნება განიზრახა, მაგრამ საუბედუროთ მშობლების უმრავლესობას საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოხდა სული.

სენდლერი 2008 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საკუთარ თავს განსაკუთრებულად რელიგიურად არ ვთვლი და ამ მხრივ გაუნათლებელიც ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ცაში ბევრი ანგელოზი დაფრინავს. ერთ-ერთი მათგანის სახელი მე პირადად ნამდვილად ვიცი.

Wednesday, September 29, 2010

ერთი ჩემი ნაცნობია, რომელსაც ასევე მთელი საქართველო იცნობს, იმიტომ რომ ტელევიზორშია ხშირად და თან იუმორისტულ შოუში, ჰოდა გუშინ ვიღაც უცნობი (უფრო სწორად სულ ორჯერ ნანახი) ტიპისგან მესიჯი მიიღო. ტიპი გულწრფელად თხოვდა ვინმე ისეთი ქალის ნომერი გამიჩითე, მარტო რო ცხოვრობდეს და უარს არაფერზე ამბობდესო, შენ გეცოდინებაო, ეგ არ გეშლებაო.

სხვათა შორის, ეს ყველაფერი არც ისე სასაცილოა, იმიტომ რომ ხშირად ჩემთვისაც მოუმართავთ მსგავსი თხოვნით ნაცნობ-უბნელებს: "აუ, რამაზ, ტელევიზიაში მუშაობ და ქალებში მარტო რო დადიხარ, ჩვენც წაგვიყვანე რა".

ყველაზე მაგარი რაღაცა ერთმა მეზობელმა მითხრა.

- აუ, რამაზ, ტელევიზიაში ან რადიოში დამაწყებინე მუშაობა რა
- და რა გინდა, რომ გააკეთო?
- აუ, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, რამეს გავაკეთებ, პროსტა მანდ ისეთი გოგოები მუშაობენ რა... აი როგორ გითხრა... უკომპლექსო რა... ხო აზრზე ხარ რას გეუბნები?

მოკლედ ვერ ვართ საკუთარ მატორზე...


აქვე მეორე ამბავსაც გეტყვით.

ამ რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, ლეონიძის (ყოფილი კიროვის) ქუჩაზე რო 'პოპულია' იქ შევედი და ასეთი სცენა დამხვდა: სალაროსთან იდგა სამი ახალგაზრდა უცხოელი მამაკაცი (სავარაუდოდ ბალტიისპირელები იყვნენ), გარშემო მაღაზიის მთელი პერსონალი ეხვია (ძირითადად გოგოები) და რაღაც სისულელეებს ეკითხებოდნენ, მერე ერთმანეთს ქართულად გადაულაპარაკებდნენ კიდევ უარეს სისულელეს და კვდებოდნენ სიცილით. უცხოელები დაბნეული სახეებით უყურებდნენ ერთმანეთს. ნერვები მომეშალა და მინდოდა შენიშვნა მიმეცა, მაგრამ გადავიფიქრე. მაინც ვერ გაიგებდნენ რა მინდოდა და რას ვერჩოდი...

Wednesday, September 15, 2010

ბობ დილანი - ქრონიკები, ნაწილი 1


როგორც შეგპირდით ვაქვეყნებ ერთ ფრაგმენტს ბობ დილანის ავტობიოგრაფიიდან. თავად წიგნი საკმაოდ საინტერესოდ არის შედგენილი: სულ 5 თავია, პირველი და მეორე მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც ახალგაზრდა რობერტ ალენ ციმერმანი (დილანის ნამდვილი სახელი და გვარია, თუ ვინმემ არ იცის) მშობლიური მინესოტიდან ნიუ იორკში ჩადის სამსახურის საძებნელად და თავის პირველ კონტრაქტს აფორმებს. მესამე თავს გადავყავართ 60-იანი წლების ბოლოსკენ, როდესაც ის უკვე ლეგენდარული მუსიკოსია, თავის მორიგ ალბომზე მუშაობს და თანამშრომლობს ცნობილ ბიტნიკ პოეტთან არჩიბალდ მაკლიშთან. მეოთხე თავი ეხება 80-იანი წლების მეორე ნახევარს და ალბომს 'Oh Mercy', ხოლო მეხუთე თავში დილანი ისევ 60-იანი წლების დასაწყისში გვაბრუნებს.

ფრაგმენტი, რომელიც თქვენთვის შევარჩიე, მეოთხე თავიდან არის აღებული. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, წაიკითხეთ და თავად შეაფასეთ.



...რამდენიმე ხნით ადრე ტომ პეტისთან და 'ჰარტბრეიკერსთან' ერთად თვრამეტთვიან ტურნეში ვიყავი. იმ დროისთვის ეს ჩემი ბოლო კონცერტები იყო. შთაგონების ვერანაირ წყაროს ვერ ვპოულობდი. ყველაფერი, რითაც დავიწყე, დაკარგული და გამქრალი იყო. ტომი თავისი კარიერის მწვერვალზე იდგა, მე კი ჩემი კარიერის ფსკერზე. ჩიხში ვიყავი შესული. ყველაფერი დამსხვრეული იყო. ჩემი საკუთარი სიმღერები ჩემთვის უცხო გახდა, მათთან შეხების უნარი დავკარგე და მათ ზედაპირს ვეღარ ვლახავდი. ალბათ უბრალოდ ჩემი დრო აღარ იდგა. გულში რაღაცნაირი სიცარიელე სუფევდა და ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდი ამ ყველაფერს და ჩემს კარავს ავშლიდი. ხელფასის ერთი დიდი დღეც პეტისთან ერთად და ჩემთვის ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო. როგორც იტყვიან, თამაში დასრულდა. თუ ფრთიხლად არ ვიქნებოდი, შესაძლოა საბოლოოდ საგიჟეთში ამომეყო თავი. სარკე შემოტრიალდა და მომავალი დავინახე - ბებერი მსახიობი, რომელიც თავისი წარსული დიდი დღეების მოწმე თეატრის წინ ნაგვის ურნაში იქექება.

ბევრი კარგი სიმღერა მქონდა დაწრილი და გამოცემული, მაგრამ მათ უმრავლესობას აღარ ვუკრავდი. მგონი სადღაც ოცამდე მათგანი მქონდა პროგრამაში, დანარჩენები კი ხედმეტად ბნელად და გაუგებრად მეჩვენებოდა - რაღაც განსაკუთრებულს, რადიკალურად კრეატიულს მათ ვეღარაფერს დავუმატებდი. ეს ყველაფერი აყროლებული ხორცით სავსე ჩანთის ტარებას ჰგავდა. ვერაფრით ვხვდებოდი საიდან გაჩნდა ეს სიმღერები. სინათლე ჩაქვრა, ასანთი ბოლომდე დაიწვა. ყველაფერს ვაკეთებდი. მთელი ძალით და მონდომებით ვცდილობდი, მაგრამ ძრავა აღარ იქოქებოდა.

ბენმონტ ტენჩი, ტომ პეტის ჯგუფის წევრი, სულ მთხოვდა, თითქმის მემუდარებოდა, რომ კონცერტის პროგრამაში სხვა სიმღერებიც შემეტანა. 'თავისუფლების ზარები' - შეგვიძლია ეს ვცადოთ? ან იქნებ 'ჩემი ბოლო გვერდები' გამოდგეს? ან 'ინციდენტი ესპანურ ჰარლემში'? პასუხად ყოველთვის რაღაც სისულელეებს ვიმიზეზებდი. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი ვის და რატომ ვემართლებოდი, მე ხომ საკუთარ თავს მივუხურე კარი. საქმე იმაში იყო, რომ აქამდე ჩემს ინტუიციას და ინსტინქტს თვალდახუჭული ვენდობოდი, ახლა კი ეს ქალბატონები სვავებად იქცნენ და მძიძგნიდნენ. სპონტანურობაც კი უცხო გახდა ჩემთვის. თივის ზვინები დაბმული არ მქონდა, ამიტომ ქარის შიში გამიჩნდა.

პეტისთან ერთად მიმდინარე ტურნე ნაწილებად დაიყო და პაუზის დროს, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ელიოტ რობერტსმა 'გრეითვულ დედთან' ერთად რამდენიმე კონცერტი დამიგეგმა. რეპეტიციები უნდა გამევლო, ამიტომ ჯგუფთან შესახვედრად სან რაფაელში გავემგზავრე. მეგონა ეს ერთი გადაფურთხებასავით მარტივი იქნებოდა. დაახლოებით ერთსაათიანი რეპეტიციის შემდეგ კი მივხვდი, რომ 'გრეითვულ დედს' სურდა უფრო მეტი სიმღერა დაგვეკრა, ვიდრე ამას ტომ პეტისთან ერთად ვაკეთებდი. მათ სურდათ ყველა სიმღერა გაგვერჩია - სიმღერები, რომლებიც მათ მოსწონდათ, თან ისეთები, რომლებიც იშვიათად თუ ვინმეს გაუგონია. თავი უხერხულ მდგომარეობაში ვიგრძენი. მუხრუჭების ჭრიალი მესმოდა. თავიდანვე რომ მცოდნოდა ეს ყველაფერი, კონცერტებში მონაწილეობას არ დავთანხმდებოდი. ვერც ერთ მათ მიერ შემოთავაზებულ სიმღერას ვერ ვგრძნობდი და არც კი ვიცოდი როგორ უნდა მემღერა ისინი. ბევრი მათგანი მხოლოდ ერთხელ შესასრულებლად დაიწერა. ისეც ხდებოდა, რომ სიმღერებს სახელების მიხედვით ვერ ვცნობდი და ერთი მეორეში მერეოდა. ტექსტების ფრაგმენტების ნახვა მჭირდებოდა რომ მივმხვდარიყავი რომელ სიმღერებზე იყო საუბარი, მაგრამ რომ ვნახავდი, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა გადმომეცა ეს ყველაფერი ემოციურად. განსაკუთრებით ეს ძველ სიმღერებს ეხებოდა.

სრულ იდიოტად ვგრძნობდი თავს. სურვილი გამიჩნდა იქაურობას სასწრაფოდ გავცლოდი. ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა. სადმე, საგიჟეთისმაგვარ ადგილას მინდოდა წავსულიყავი და ამ ყვეკლაფერზე მეფიქრა. ვთქვი რომ სასტუმროში რაღაც დამრჩა და ქუჩაში გამოვედი. წვიმა ცრიდა. თავი დავხარე და ფეხით გავუყევი გზას. უკან მიბრუნებას აღარ ვაპირებდი. თუ ტყუილის თქმა გჭირდება, სწრაფად და მაქსიმალურად კარგად უნდა გააკეთო ეს. ქუჩას ზემოთ ავუყევი - ოთხი, ხუთი, შესაძლოა ექვსი კვარტალი გავიარე და უცბად საიდანღაც ჯაზის ჰანგები შემომესმა. პატარა ბართან მივედი, შევიხედე და დავინახე მუსიკოსები, რომლებიც ოთახის მეორე ბოლოში ისხდნენ და უკრავდნენ. წვიმდა. ბარში სულ რამდენიმე ადამიანი იჯდა. ერთ-ერთი მათგანი რაღაცაზე იცინოდა. ეს ადგილი უსასრულობაში მიმავალი მატარებლის ბოლო გაჩერებას ჰგავდა. ჰაერი სიგარეტის კვამლით იყო გაჟღენთილი. რაღაც უხილავმა ძალამ მიბიძგა და შიგნით შევედი. გრძელი, ვიწრო ოთახი გავიარე და ბოლოში გავედი, სადაც, ცოტათი ამაღლებულ სცენაზე, აგურის კედელთან, ჯაზმენები უკრავდნენ. იქვე ახლოს, ბართან დავდექი, ჯინ-ტონიკი შევუკვეთე და მომღერალს შევხედე. ხანში შესულ მამაკაცს ანგორის პიჯაკი ეცვა, თავზე პატარა კეპი ეხურა და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ჰალსტუხი ეკეთა. დრამერს ქაუბოის ქუდი ეხურა, ბასისტს და პიანისტს კი რაღაცნაირად სუფთად და ფაქიზად ეცვათ. ჯაზურ ბალადებს უკრავდნენ - 'დრო ჩემს ხელთაა', 'სევდიანი კვირადღე' - მსგავს რაღაცეებს. მომღერალი ბილი ექსტაინს მაგონებდა. სიმძლავრე მასში არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს არც სჭირდებოდა. მშვიდი იყო, მაგრამ მის სიმღერაში რაღაცნაირი ბუნებრივი სიძლიერე ჩანდა. მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ამ ადამიანმა ჩემი სულის ფანჯარა გახსნა. თითქოს მეუბნებოდა: 'აი ასე უნდა გააკეთო'. ყველაფერს საოცრად სწრაფად მივხვდი. ვგრძნობდი როგორ მუშაობდა ეს ადამიანი ამ სიძლიერის მოსაპოვებლად - რას აკეთებდა, რომ ამისთვის მიეღწია. ვიცოდი საიდანაც მისდიოდა ეს ძალა და საბოლოო ჯამში სწორედ მისი ხმა იყო ის, რამაც საკუთარი თავი დამიბრუნა. გამახსენდა, რომ ოდესღაც მეც ვაკეთებდი ასე. ეს დიდი ხნის წინ იყო და ავტომატურად ხდებოდა. არავის არასოდეს უსწავლებია. ეს ტექნიკა საოცრად ელემენტარული, საოცრად მარტივი იყო, მაგრამ მე სრულიად აღარ მახსოვდა. თითქოს დამავიწყდა საკუთარ შარვალზე ღილები როგორ უნდა შემეკრა. ნეტა კვლავ თუ შევძლებდი ამის გაკეთებას. უნდა მეცადა. შანსი მჭირდებოდა. ოდნავ მაინც რომ ჩავწვდომოდი ამ ტექნიკას, მთელ მარათონს ერთი ამოსუნთქვით გავივლიდი.

'გრეითვულ დედის' რეპეტიციაზე ისე დავბრუნდი, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მომენტალურად საქმეზე გადავედი. ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდით. მათ მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ჩემი სიმღერა ავარჩიე. ძალიან მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა მემღერა იმ მეთოდით, რომლითან ის მოხუცი მომღერალი მღეროდა. წინათგრძნობა მქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. თავიდან რთულად წავიდა - აგურის კედლის ბურღვასავით. მხოლოდ მტვერს ვყლაპავდი, მაგრამ შემდეგ საოცრება მოხდა და შიგნით რაღაც გამეხსნა. თავიდან მხოლოდ ხველებანარევი ღრუტუნი ისმოდა. ის სხეულიდან ამომდიოდა, მაგრამ ტვინში არ გადიოდა. ადრე ეს არასოდეს მომსვლია, ის იწვოდა, მაგრამ მე ფხიზლად ვიყავი. სტრუქტურა ჯერ სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ მქონდა, კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდებოდა, მაგრამ იდეას ჩავწვდი. სრული კონცენტრირება უნდა მომეხდინა, რადგან ამ ტექნიკის ერთდროულად რამდენიმე ფინტი უნდა გამომეყენებინა. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ ნებისმიერ სიმღერას შევასრულებდი და არც ერთი მათგანი სიტყვების ტყვეობაში აღარ იქნებოდა. გონება გამეხსნა. საბოლოოდ, 'გრეითვულ დედის' ყველა კონცერტში მივიღე მონაწილეობა და ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი ჩემს თავში. შესაძლოა სასმელში რაღაც გამირიეს, არ ვიცი, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ სიმღერას სიამოვნებით ვასრულებდი. იმ ბებერი ჯაზ მომღერლის მადლიერი უნდა ვიყო...


ერთი პატარა პოსტ სკრიპტუმი ჩემგან.

ბობ დილანისა და 'გრეითვულ დედის' (Grateful Dead) ერთობლივი კონცერტი ალბომის სახით გამოვიდა, თუ არ ვცდები 1989 წელს. მისი სახელწოდებაა 'Dylan and The Dead'. თუ დაგაინტერესათ შეგიძლიათ მოისმინოთ აი აგერ - http://gol.ge/index.php?cat=music&order=1.1&details=1283&album=11504

Monday, September 6, 2010

პარიზი

ვიღაცამ მითხრა ამას წინათ, როცა პარიზში მივდიოდი, ეგ ისეთი ქალაქია, ან გადაირევი ისე მოგეწონება, ან პირიქით - საშინლად არ მოგეწონებაო. შუალედი არ არსებობსო. ვინმემ გამაცანით ის ხალხი, ვისაც ეს ქალაქი საშინლად არ მოეწონა, გეხვეწებით. უნდა დაველაპარაკო.


Monday, July 26, 2010

ტირილის ინსტრუქცია

ხულიო კორტასარი

გვერდზე გადავდოთ მოტივები და მივხედოთ ტირილის სწორ მანერას, თან უნდა გვესმოდეს, რომ ეს ტირილი არ უნდა გადაიზარდოს სკანდალში და არც შეურაცხყოს ღიმილი თავისი პარალელური და სულელური მსგავსებით. ძირითადი, ანუ ჩვეულებრივი ტირილი ხდება სახის კუნთების შეკუმშვით, რასაც მოჰყვება სპაზმური ხასიათის ხმები და ცრემლები, ბოლოს კი ჟღვლინტები, რადგან ტირილი სრულდება იმ დროს, როდესაც ადამიანი ენერგიულად იხოცავს ცხვირს. ტირილის დროს უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე და თუ ეს შეუძლებელია იმის გამო, რომ თქვენ გარე სამყაროს რწმენა უფრო გაქვთ, მაშინ იფიქრეთ იხვზე, რომელსაც ჭიანჭველები დაესია, ან კიდევ მაგელანის სრუტის იმ პატარა ყურეებზე, რომლებშიც არავინ არასდროს შედის. როგორც კი ტირილი დაიწყება, სახე უნდა დაიფაროთ ორივე ხელით ისე, რომ ხელისგულები თქვენსკენ იყოს მიტრიალებული. ბავშვებმა უნდა იტირონ ისე, რომ სახეზე მკლავი ჰქონდეთ აფარებული. სურვილისამებრ შეუძლიათ იდგნენ ოთახის ერთ-ერთ კუთხეში. ტირილის საშუალო ხანგრძლივობა უნდა იყოს სამი წუთი.

Saturday, July 24, 2010

მდინარე

ხულიო კორტასარი

ჰო, როგორც ჩანს ასეა. შენ წახვედი და მომაძახე, რომ სენაში გადაეშვებოდი, თუ რაღაც ამდაგვარი სისულელე, რომლის მსგავსი შუაღამეზე თუ ითქმება ხოლმე, როცა ზეწარი უკვე დაჭმნუჭნულია და პირი - გამშრალი, როცა სიბნელეში ხელებს და ფეხებს იქნევ, მე კი არ გისმენ, რადგან უკვე კარგა ხანია ვცდილობ არ მესმოდეს ის, რასაც ამბობ. შენი სიტყვები ჩემი დახუჭული თვალების მიღმა ისმის, სიზმრები კი ისევ სადღაც ქვემოთ მექაჩებიან. კარგი, რაში მაინტერესებს წახვედი თუ არა, უკვე დამხრჩვალი ხარ თუ ჯერ კიდევ დადიხარ სანაპიროზე და წყალს დასცქერი? მით უმეტეს რომ არსადაც არ წასულხარ, ჩემს გვერდით გძინავს და არათანაბრად სუნთქავ. ესე იგი არ წახვედი, არადა მიდიოდი ღამის რაღაც მომენტში, სანამ მე ძილი მომერეოდა და მიყვიროდი, რომ სენაში გადაეშვებოდი. როგორც ჩანს მაინც შეგეშინდა, გადაიფიქრე და ახლა ჩემს გვერდით წევხარ, თითქმის ეხები ჩემს სხეულს და ისე კანკალებ, თითქოს შენს სიზმარში რაღაც ხდება, თითქოს გესიზმრება, რომ მართლაც წახვედი, სანაპირომდე მიაღწიე და წყალში გადაეშვი. არც კი ვიცი მერამდენედ ხდება, რომ რაღაც იდიოტური ისტერიკის შემდეგ მაინც იძინებ დასიებული თვალებით და გძინავს დილის თერთმეტ საათამდე, როდესაც გაზეთები მოაქვთ და ახალ ამბებში მათ შესახებ წერია, ვინც მართლა დაიხრჩო.

სასაცილო ხარ, საბრალოვ. ვისმენ შენი ტრაგიკული ხასიათის გადაწყვეტილებებს, ვუყურებ როგორ დადიხარ და აჯახუნებ კარებს, თითქოს რაღაც პროვინციული თეატრის მსახიობი იყო და მიჩნდება შეკითხვა: ნუთუ მართლა გჯერა საკუთარი მუქარების, გულისამრევი შანტაჟის, ყალბი ცრემლებით, ეპითეტებით და პრეტენზიებით გაჯერებული პათეტიკური სცენების? შენ სხვანაირ მამაკაცს იმსახურებ, ისეთს, რომელიც პასუხს გაგცემდა, ასე გაიზრდებოდით ერთად და გადაიქცეოდით სრულყოფილ წყვილად, რომლებიც ერთად იხრწნებიან და ერთმანეთს შესცქერიან თვალებში, რათა დარწმუნდნენ, რომ დრო ჯერ კიდევ არის და კვლავ გააგრძელონ ცხოვრება, თვალწინ ჰქონდეთ თავიანთი დაუმუშავებელი მიწისა და ძირგავარდნილი ქვაბების მწარე რეალობა. მაგრამ როგორც ხედავ, მე დუმილს ვარჩევ, სიგარეტს ვუკიდებ და ვისმენ შენს ლაპარაკს, პრეტენზიებს (მართალი ხარ, მაგრამ რა ვქნა?), ან კიდევ უკეთესი - ვიძინებ, შენი წყევლა-კრულვა კი იავნანასავით ჩამესმის, თვალები უკვე ნახევრად დახუჭული მაქვს და სიზმრების პირველი შემოტევა მეწყება, თან გიყურებ როგორ დგახარ იმ ჭაღის ქვეშ, რომელიც ქორწილის დღეს გვაჩუქეს და სასაცილოდ იქნევ ხელებს. ბოლოს კი, როგორც ჩანს, ვიძინებ და თან მიმაქვს (გულწრფელად და თითქმის სიყვარულით გარწმუნებ) შენი მოძრაობების, პრეტენზიების ყველაზე მისაღები ნაწილი, შენი ყვირილი, სიბრაზისგან მოღრეცილი და დალურჯებული ტუჩები. ჩემი სიზმრები უფრო მდიდარი ხდება და მათში არავინ არ აპირებს დახრჩობას, დამიჯერე.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან მაინტერესებს რას აკეთებ ამ საწოლში, რომელიც გადაწყვიტე, რომ უფრო ფართო და ღრმაში გაცვალო? ახლა კი გძინავს და დრო და დრო ფეხს ამოძრავებ, რაც ზეწარზე გამოსახულებებს ცვლის. გაბრაზებული ჩანხარ, ცოტათი გაბრაზებული, თითქოს დაღლილიც, შენი ტუჩები ზიზღს გამოხატავენ, არათანაბრად უშვებენ ჰაერს და ვფიქრობ, რომ არ ვიყო ასე გაღიზიანებული შენი ყალბი მუქარებით, ვაღიარებდი, რომ კვლავ ლამაზი ხარ, თითქოს ძილმა ისევ ჩემსკენ გამოგისროლა, სადაც ვნება კვლავ შესაძლებელია, სადღაც სხვაგან, სადაც რეალობა უფრო მშვიდი იქნებოდა, ვიდრე ეს მანქანების ხმაურით და მამლის ყივილით გაჯერებული დილა. არ ვიცი, აღარც კი აქვს აზრი იმის კითხვას წახვედი თუ არა რაღაც მომენტში, შენ იყავი თუ არა ის, რომელმაც, ზუსტად იმ დროს, როცა მე სიზმარში ვეფლობოდი, კარი გაიჯახუნა. ალბათ ამიტომაც შეგეხე ახლა, არა, ნამდვილად ვიცი რომ ეს შენ ხარ, როგორც ჩანს არც წასულხარ და კარი ორპირმა ქარმა მიაჯახუნა, ალბათ დამესიზმრა რომ წახვედი, შენ კი აქვე, საწოლთან იდექი, გეგონა რომ მეღვიძა და შენს მუქარებს მიყვიროდი, უბრალოდ ახლა ეს მომწვანო გარიჟრაჟი რაღაცნაირად მიბიძგებს, რომ ხელი გადავუსვა შენს მხარს, რომელიც ამ შეხებაზე ნერვიულად რეაგირებს. ზეწარი ტანს ნახევრად გიფარავს, ჩემი ხელი ახლა უკვე შენი ყელის ფორმას იმეორებს, შენსკენ ვიხრები და ვგრძნობ შენს ღამის სუნთქვას, რომელსაც რაღაც მოტკბო სურნელი დაჰკრავს. ჩემდაუნებურად გეხვევი, შენ კი მეწინააღმდეგები, მაგრამ, ჩვენ ხომ ორივემ მშვენივრად ვიცით და გვესმის ეს თამაში. შენ არ უნდა დამნებდე, სახე უნდა მიატრიალო და მაინც არაფერი გამოგივა, ახლა ჩვენ იმ წერტილს მივუახლოვდით, როცა თეთრი და შავი ძაფები ერთმანეთში იხლართება და ერთმანეთს ისე ებრძვის, როგორც ორი ობობა პატარა ქილაში. ზეწარი, რომელიც შენს სხეულს ნახევრად ფარავდა, ჩემი ხელის ერთი მოძრაობით იკარგება სიბნელეში და ჩვენ უკვე შიშვლები ვართ, ჩვენ უკვე ერთ მთლიან მატერიად გადავიქეცით, რომელიც კანკალებს და შენ ისევ მეწინააღმდეგები, შენ მორცხვობ, თან ხელებს მხვევ კისერზე და უცბად შენი ფეხები იშლება იმისთვის რომ ისევ დაიხუროს, როგორც საშინელი მარწუხი, რომელიც თითქოს შუაზე გადამჭრის. ნელა გიპყრობ (ხომ იცი, ამას ყოველთვის ვაკეთებდი რიტუალური მოხდენილობით), არ გტკენ, ისე ვხრი შენს ლერწმის ხელებს, ვეკრობი შენს აკანკალებულ სხეულს, ვუყურებ შენს ფართოდ გახელილ თვალებს და ახლა უკვე შენი მოძრაობა ნელ რითმში გადადის, შენ ჩემი სახისკენ ამოდიხარ, როგორც ჰაერის ბუშტები წყლიდან, ნაზად ვეფერები ბალიშზე დაღვრილ შენს თმას, მომწვანო სიბნელეში გაკვირვებული ვუყურებ ჩემს ხელს, რომელიც შენსკენ მოედინება და სანამ შენს გვერდით ჩაივლის ვხვდები რომ ეს-ესაა წყლიდან ამოგიყვანეს, რა თქმა უნდა უკვე დაგვიანებულია და ასე წევხარ ქვაფენილზე, ფეხსაცმელებისა და ყვირილის გარემოცვაში, შიშველი ხარ, სახე გაჰყურებს ცას, თმა სველი გაქვს და თვალები - ღია.

Thursday, July 22, 2010

ყვითელი ყვავილი

ხულიო კორტასარი

შესაძლოა ეს ხუმრობას ჰგავს, მაგრამ ჩვენ უკვდავები ვართ. მე ეს საპირისპიროდან გამომდინარე ვიცი. ნამდვილად ვიცი, რადგან მსოფლიოში ერთადერთ მოკვდავს ვიცნობ. მან თავისი ამბავი კამბრონის ქუჩაზე მდებარე ბისტროში მიამბო. ძალიან იყო ნასვამი და გულწრფელად საუბარი არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ბისტროს მეპატრონემ და ძველმა კლიენტებმა იმდენი იცინეს, სანამ ღვინო თვალებიდან არ წამოუვიდათ. ალბათ ჩემ სახეზე გარკვეული ინტერესი შენიშნა, რადგან თავიდანვე მაგრად ჩამეჭიდა და ცოტა ხანში კუთხის ერთ პატარა მაგიდასთან მოვკალათდით, სადაც მშვიდად შეიძლებოდა დალევა და საუბარი. მითხრა, რომ ადრე მუნიციპალიტეტში მუშაობდა, საიდანაც პენსიაზე გაუშვეს და რომ მისმა მეუღლემ ცოტა ხნით თავის მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტა, რაც ქმრის მიტოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. მოხუცი არ იყო და არც გაუნათლებელს ჰგავდა, გამომშრალი სახე და ჭლექიანი ადამიანის თვალები ჰქონდა. როგორც ჩანს იმისთვის სვმადა, რომ თავდავიწყებას მისცემოდა და ეს თავად აღიარა მას შემდეგ, რაც შავი ღვინით სავსე მეხუთე ჭიქა გამოცალა. მისგან არ მოდიოდა ის პარიზული სურნელი, რომელსაც მხოლოდ უცხოელები ვგრძნობთ. მოვლილი ფრჩხილები და სრულიად უქერთლო თმა ჰქონდა.

მიამბო, რომ ერთხელ, 95 ნომერ ავტობუსში, დაახლოებით ცამეტი წლის ბიჭი ნახა და როგორც კი შეხედა, წამსვე აღმოაჩინა, რომ ბიჭი საოცრად ჰგავდა მას, ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავი ამ ასაკში სწორედ ასეთად ახსოვდა. შემდეგ ნელ-ნელა მიხვდა, რომ მსგავსება ყველაფერში იყო - იგივე სახე და ხელები, შუბლზე ჩამოვარდნილი თმა და დიდი მანძილი თვალებს შორის; ის ისეთივე მორცხვი იყო, ზუსტად ისევე ჰქონდა ჩარგული თავი კომიკსების ჟურნალში, ისეთივე ჟესტით იწევდა თმას უკან და ისეთივე უხერხული მოძრაობები ჰქონდა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ კინაღამ გაეცინა, ხოლო როდესაც ბიჭი რენის ქუჩაზე ჩავიდა, ისიც მიჰყვა და სულ დაავიწყდა, რომ მონპარნასზე მეგობარი ელოდებოდა. გამოლაპარაკების საბაბს ეძებდა, ჰკითხა, როგორ მისულიყო რომელიღაც ქუჩაზე და აღარც გაკვირვებია, როდესაც პასუხად თავისი ბავშვობის ხმა გაიგონა. ბიჭიც ზუსტად იმ ქუჩისკენ მიდიოდა და რამდენიმე კვარტალი მორცხვად გაიარეს ერთად. ამ დროს მას გონება გაუნათდა. ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მაგრამ შესაძლოა არც იყო საჭირო ამის ახსნა, რადგან როგორც კი შეეცდებოდი, წამსვე ყველაფერი ბუნდოვანი და სულელური ხდებოდა - აი როგორც ახლა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ცოტა ხანში მან ამ პატარა ბიჭის საცხოვრებელი ადგილი გაარკვია და იმ ავტორიტეტულობით, რომელიც წარსულში ბოი სკაუტების ინსტრუქტორად მუშაობისას შეიძინა, ციხესიმაგრეთა ციხესიმაგრეში - ფრანგულ ოჯახში შეაღწია. იქ მას საკმაო სიღარიბე, ხანში შესული დედა, პენსიონერი ბიძა და ორი კატა დახვდა, შემდეგ კი ისიც ადვილად მოახერხა, რომ მისმა ძმამ თავისი ცამეტი წლის შვილი ანდო და ბიჭებიც მალე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ახლა ის უკვე ყოველკვირეულად დადიოდა ლუკასთან; დედამისი გადადუღებული ყავით უმასპინძლდებოდა, საუბრობდნენ ომზე, ოკუპაციაზე და ზოგჯერ ლუკაზეც. ის რაც გონების განათებით დაიწყო, ნელ-ნელა გეომეტრიულ ფორმებს იღებდა; იძენდა იმ ნათელ გამოხატულებას, რასაც ხალხი ბედისწერას უწოდებს. ახლა უკვე ჩვეულებრივი სიტყვებითაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ფორმულირება: ლუკა მისი გაგრძელება იყო, სიკვდილი არ არსებობს, ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ.

- ყველანი უკვდავები ვართ, ჩემო ძმაო. დააკვირდით, ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია, მხოლოდ მე მერგო წილად, 95 ნომერში. პატარა შეცდომა მოხდა მექანიზმში, დროის მიმდინარეობაში - ერთდროული ტრანსფორმაცია მოხდა თანმიმდევრულის ნაცვლად. ლუკა ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ... რომ აღარაფერი ვთქვათ საოცარ შემთხვევითობაზე, როდესაც ავტობუსში შევხვდით ერთმანეთს. მგონი უკვე გითხარით, რომ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ამაში, ეჭვიც არ შემპარვია. ასე იყო და მორჩა. მაგრამ შემდეგ ეჭვები მაინც გაჩნდა, რადგან ასეთ დროს ადამიანს ჰგონია, რომ ჭკუიდან შეიშალა და დამაწყნარებლების მიღებას იწყებს. თუმცა ამ ეჭვებთან ერთად, რომლებსაც სათითაოდ ვკლავდი, იმის რწმენაც მქონდა, რომ არ ვცდებოდი, რომ ეჭვების საფუძველი არ მქონდა. იმას, რასაც ახლა ისმენთ, ზოგჯერ ამ იდიოტებსაც ვუყვები და სასაცილოდ არ ჰყოფნით. ლუკა არათუ ჩემი გაგრძელება იყო, არამედ ზუსტად ჩემნაირი უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისეთივე საცოდავი და უბედური, როგორიც თქვენს წინ მჯდომი ადამიანი. იმის დანახვაც კი საკმარისი იყო, თუ როგორ თამაშობდა, როგორ ეცემოდა ყოველთვის უხერხულად, როგორ გადაუბრუნდებოდა ხოლმე ფეხი, როგორ ეტყობოდა სახეზე ყველაფერი, რასაც განიცდიდა, როგორ წითლდებოდა, როდესაც რამეს ჰკითხავდნენ. დედამისი კი... ხომ იცით როგორ უყვართ ქალებს ლაპარაკი? როგორ უყვებიან ყველას ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იქვე დგას და სირცხვილისგან აღარ იცის სად წავიდეს? ის ყველაზე ინტიმურ ამბებს იხსენებდა: როგორ ამოუვიდა პირველი კბილი, როგორ ხატავდა, როცა რვა წლის იყო, როგორ ავადმყოფობდა... კარგი ქალი იყო და ამას, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ აკეთებდა. ბიძამისი ჭადრაკს მეთამაშებოდა, უკვე ოჯახის წევრივით ვიყავი, ფულიც კი ვასესხე, რომ თვის ბოლომდე მიეღწიათ. ლუკას წარსულის გარკვევა ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა, საკმარისი იყო სასაუბრო თემებს შორის ისეთი კითხვები ჩამესვა, რომლებიც მათ აინტერესებდათ: ბიძის რევმატიზმი, კონსიერჟის მავნებლობები, პოლიტიკა. აი ასე, ქიშებსა და ხორცის ფასების განხილვებს შორის, ლუკას ბავშვობის შესახებ ყველაფერი შევიტყვე. ახლა უკვე ნათელი იყო, რომ არ ვცდებოდი. მაგრამ, სანამ კიდევ შევუკვეთავდეთ თითო ჭიქას, კარგად მომისმინეთ: ლუკა იყო ის, რაც მე ვიყავი ბავშვობაში, თუმცა ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ის ჩემი ზუსტი ასლი იყო. ამას უფრო ანალოგი ჰქვია, გესმით? იმის თქმა მსურს, რომ ექვსი წლის ასაკში მე მუხლი ამომივარდა, ლუკას კი ლავიწის ძვალი, ცხრა წლის ასაკში ჩვენ შესაბამისად წითელა და ქუნთრუშა მოვიხადეთ, გარდა ამისა საქმეში ისტორიაც ჩაერთო, ჩემო ძმაო: მე წითელა თხუთმეტი დღე გამიგრძელდა, ლუკა კი ოთხ დღეში მორჩა. მედიცინის პროგრესთან გვაქვს საქმე, ხომ გესმით? ყველაფერი ანალოგიურად ვითარდებოდა და ამიტომ, კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სავსებით შესაძლებელია კუთხის საცხობის მეპატრონე - ნაპოლეონის რეინკარნაცია იყოს, თუმცა თავად მან ეს არ იცის, რადგან თანმიმდევრობა არ დარღვეულა, სიმართლეს ის ავტობუსში ვერასოდეს შეხვდება; მაგრამ თუ როგორღაც მოხდა და ეს სიმართლე შეიტყო, შეიძლება მიხვდეს, რომ იგივე გაიმეორა, რაც ნაპოლეონმა გააკეთა თავის დროზე. მიხვდება რომ ჭურჭლის მრეცხავიდან მონპარნასზე მდებარე კარგი საცხობის მეპატრონემდე ისეთივე მანძილია, როგორიც კორსიკიდან საფრანგეთის სამეფოს ტახტამდე; და თუ კიდევ უფრო ჩაუღრმავდება თავისი ცხოვრების ისტორიას, აუცილებლად იპოვნის მომენტებს, რომლებიც შეესაბამება ეგვიპტის კამპანიას, საკონსულოს და აუსტერლიცს, საბოლოოდ კი იმასაც მიხვდება, რომ რამდენიმე წელიწადში მის საცხობსაც რაღაცა მოუვა და ისიც თავის სანტა ელენაზე ამოჰყოფს თავს, რაც ალბათ ერთი პატარა ოთახი იქნება მეექვსე სართულზე. ისიც დამარცხებული იქნება, მარტოობის წყლებით გარშემორტყმული, ისეთივე ამაყი თავისი საცხობით, რომელიც მისთვის არწივის აფრენასავით იყო. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ?

ვხვდებოდი, მაგრამ მაინც გამოვთქვი აზრი, რომ ბავშვობაში ყველას ემართება ტიპიური დაავადებები და თან თითქმის ერთი და იმავე დროს; გარდა ამისა, თითქმის ყველა ბავშვს მოსდის რაღაცა ფეხბურთის თამაშისას.

- ვიცი, მაგრამ მე ხომ თქვენთან ჯერ მხოლოდ ხილულ დამთხვევებზე მქონდა საუბარი. მაგალითად, იმ ფაქტს, რომ ლუკა მე მგავდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანამ, სანამ ჩვენ ავტობუსში შევხვდებოდით ერთმანეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ცალკეული ეპიზოდებია და ამის ახსნა რთულია, რადგან საქმე ხასიათს, ბუნდოვან მოგონებებს და ბავშვობისდროინდელ იგავებს ეხება. იმ დროს, ანუ მაშინ, როდესაც ლუკას ასაკის ვიყავი, საკმაოდ მწარე პერიოდი გავიარე. ყველაფერი ხანგრძლივი, თითქმის დაუსრულებელი ავადმყოფობით დაიწყო, შემდეგ, როდესაც გამოვჯანმრთელდი, ბიჭებთან ერთად სათამაშოდ წავედი და ხელი მოვიტეხე, ბოლოს კი, ამ მდგომარეობიდანაც რომ გამოვედი, ჩემი თანაკლასელის და შემიყვარდა. შავ დღეში ვიყავი, რადგან იმ გოგოს თვალს ვერ ვუსწორებდი, ის კი დამცინოდა. ლუკაც ავად გახდა და ის-ის იყო გამოჯანმრთელდა, რომ ცირკში დაპატიჟეს, სადაც კიბეებზე ჩასვლისას წაიქცა და ტერფი იღრძო; შემდეგ კიდე ცოტა ხანი გავიდა და ერთ საღამოს დედამისმა ნახა, როგორ იჯდა თავის ოთახში ფანჯარასთან და ტიროდა, ხელში კი ვიღაცის ლურჯი ცხვირსახოცი ეჭირა.

ცხოვრებაში საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა აუცილებელია, ამიტომ ვთქვი, რომ ბავშვური სიყვარული ჩალურჯებული თვალების და პლევრიტების ჩვეული დამატებაა. თუმცა იქვე ვაღიარე, რომ თვითმფრინავის ამბავი სულ სხვა რამ იყო - თვითმფრინავისა, რომელსაც ზამბარიანი პროპელერი ჰქონდა და რომელიც მან ლუკას დაბადების დღეზე მიუტანა.

- რომ მივეცი, დედაჩემის ნაჩუქარი კონსტრუქტორი და მასთან დაკავშირებული შემთხვევა გამახსენდა. იმ დღეს თოთხმეტი წლის გავხდი. ეზოში ვიჯექი. ქარიშხალი ახლოვდებოდა და უკვე ჭექა-ქუხილის ხმაც ისმოდა, მაგრამ მანქანის აწყობა არ შემიწყვეტია. ამ დროს სახლიდან ვიღაცამ დამიძახა და სულ ერთი წუთით შევედი. რომ გამოვბრუნდი, კონსტრუქტორი მაგიდაზე აღარ იდო, ჭიშკარი კი ღია იყო. სასოწარკვეთილი გავვარდი გარეთ, მაგრამ უკვე აღარავინ ჩანდა და ზუსტად ამ დროს მოპირდაპირე სახლს მეხი დაეცა. ეს ყველაფერი თითქოს ერთდროულად მოხდა და სწორედ იმ მომენტში გამახსენდა, როდესაც ლუკას თვითმფრინავს ვაძლევდი, ის კი ისეთივე ბედნიერი სახით უყურებდა მას, როგორითაც მე ვუყურებდი ჩემს კონსტრუქტორს. დედამისმა ყავა მომიტანა და ის-ის იყო საუბარი დავიწყეთ, რომ მოულოდნელად ყვირილი შემოგვესმა. ლუკა ფანჯარასთან მივარდა, თითქოს გადახტომა უნდოდა. გაფითრებული იყო და ცრემლები მოსდიოდა. საბოლოოდ ძალა მოიკრიბა და გვითხრა, რომ თვითმფინავმა მიმართულება შეიცვალა და პირდაპირ ნახევრადღია ფანჯარაში გაფრინდა. ’აღარსად ჩანს, აღარსად ჩანს’, იმეორებდა ტირილით. ამ დროს ქვემოდანაც შემოგვესმა ყვირილი, ლუკას ბიძა შემოვარდა ოთახში და გამოაცხადა, რომ მოპირდაპირე სახლში ხანძარი იყო. ახლა გესმით? დიახ, სჯობს კიდევ ავიღოთ თითო ჭიქა.

გავჩუმდი, მან კი გააგრძელა და თქვა, რომ მას შემდეგ სულ ლუკაზე და მის ბედზე ფიქრობდა. დედამისს სურდა, რომ ტექნიკურ სასწავლებელში მიებარებინა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ასე იპოვნიდა ის თავის მოკრძალებულ გზას ცხოვრებაში. მაგრამ ეს გზა უკვე გახსნილი იყო და სწორედ ჩემს თანამოსაუბრეს - რომელმაც გაჩუმება არჩია, რადგან გიჟი ეგონებოდათ და საბოლოოდ ჩამოაშორებდნენ ლუკას - შეეძლო ეთქვა დედამისისთვის და ბიძამისისთვის, რომ ყველაფერი უაზრობა იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა: დამცირება, მძიმე ყოველდღიურობა, მონოტონური წლები, წარუმატებლობები, რომელიც მის სულს ისევე დაფლითავდა, როგორც ტანსაცმელს და საბოლოოდ თავს ამოჰყოფდა გაბოროტებულ სიმარტოვეში, უბნის ერთ რომელიმე ბარში. მაგრამ ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ლუკას ბედი არ იყო. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ თავის მხრივ ლუკაც მოკვდებოდა და კიდევ ერთი, სულ სხვა ადამიანი გამოვიდოდა ამ გზაზე. ლუკა მას უკვე თითქმის აღარ ანაღვლებდა. უძილო ღამეებისას მისი ფიქრები უფრო შორს, სხვა ადამიანებისკენ მიდიოდა - მათკენ, ვისაც რობერი, კლოდი ან მიშელი ერქმეოდათ და ვისთვისაც ეს უსასრულობის თეორია იქმნებოდა. თითოეული მათგანი ზუსტად გაიმეორებდა თავისი წინამორბედის ცხოვრებას ისე, რომ დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ თავისუფლებაში და ნებისყოფაში. ჩემს თანამოსაუბრეს ღვინო სევდიან გუნებაზე აყენებდა და ამას ვერაფერს მოუხერხებდი.

- ახლა დამცინიან, როდესაც ვამბობ, რომ ლუკა რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. ისინი შტერები არიან და ვერასოდეს გაიგებენ, რომ... დიახ, დიახ, ნუ მიყურებთ თქვენც ასეთი თვალებით. ის გარდაიცვალა. ყველაფერი რაღაც ბრონქიტის მსგავსით დაიწყო. ზუსტად იმავე ასაკში მე ღვიძლის დაავადება მქონდა. მე საავადმყოფოში დამაწვინეს, ლუკას დედამ კი გადაწყვიტა მისთვის სახლში ემკურნალა. მე მათთან ყოველდღიურად დავდიოდი და ზოგჯერ ჩემი ძმისშვილიც მიმყავდა, ლუკა რომ გართულიყო. სახლში ისეთი სიღარიბე ჰქონდათ, რომ ჩემი ყოველი ვიზიტი მათთვის ყველა გაგებით შვებისმომგვრელი იყო - ლუკაც არ იწყენდა და თან ქაშაყით სავსე პაკეტი ან ქლიავის ნამცხვარი მიმქონდა. ისინი უკვე იმასაც იყვნენ მიჩვეულები, რომ წამლების ყიდვაც მე მქონდა აღებული საკუთარ თავზე, რადგან იცოდნენ, რომ ერთ-ერთ აფთიაქში განსაკუთრებული ფასდაკლებით ვსარგებლობდი. ბოლო დღეებში უკვე ისე მხვდებოდნენ, როგორც ლუკას პირად ექიმს და ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ისეთ სახლში, როგორიც მათია, ანუ სადაც ექიმი განსაკუთრებული ინტერესის გარეშე შედის და გამოდის, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, ემთხვევა თუ არა ბოლო სიმპტომები პირველ დიაგნოზს... რატომ მიყურებთ ასე? რამე არასწორი ვთქვი?

არა, არაფერი ისეთი არ უთქვამს, განსაკუთრებით დალეული ღვინის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. პირიქით, თუ რაღაც განსაკუთრებულ საშინელებას არ წარმოვიდგენთ, საბრალო ლუკას სიკვდილი სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი წარმოსახვითი უნარის გამოყენებით ფანტაზიორობა 95 ნომერ ავტობუსში დაიწყოს და მომაკვდავი ბავშვის საწოლთან ჯდომით დაასრულოს. მინდოდა დამემშვიდებინა, ამიტომ ეს ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი. ცოტა ხანს უსიტყვოდ იყურებოდა ჰაერში, შემდეგ ისევ ალაპარაკდა.

- კარგი, როგორც გსურთ ისე გაიგეთ. სიმართლე გითხრათ, დასაფლავების შემდეგ რამდენიმე კვირა რომ გავიდა, პირველად ვიგრძენი რაღაც ბედნიერების მსგავსი. დრო და დრო ისევ დავდიოდი ლუკას დედის მოსანახულებლად და ნამცხვრებიც მიმქონდა, მაგრამ ის და მისი სახლი უკვე ნაკლებად მადარდებდა. საოცარმა გრძნობამ შემიპყრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი მოკვდავი მერქვა, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება დღითიდღე, ღვინის ყოველ ჭიქასთან ერთად იცლებოდა და საბოლოოდ გარკვეულ დროსა და ადგილას დასრულდებოდა, ზუსტად გაიმეორებდა ჩემთვის უცნობი ადამიანის ბედს, რომელიც კაცმა არ იცის როდის და სად ცხოვრობდა, მაგრამ მე უკვე ნამდვილად მკვდარი ვიქნებოდი, იმ ლუკას გარეშე, რომელიც ამ გზაზე იმისთვის გამოვიდა, რომ ეს უაზრო ცხოვრება ასევე უაზროდ გაევლო. ჩაწვდით, ჩემო ძმაო, ამ გრძნობას, გშურდეთ იმ ბედნიერების, რომელიც მე განვიცადე.

როგორც ჩანს, ახლა აღარ განიცდიდა და ამის დასტური ბისტრო და იაფი ღვინო იყო; კიდევ მისი თვალები, რომლებშიც ციებ-ცხელება იკითხებოდა, თუმცა ის მისი სხეულიდან არ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, შემდეგი რამდენიმე თვე ის თავისი ყოველდღიური ცხოვრების თითოეული წამით ტკბებოდა, თავის არშემდგარ ქორწინებაზე, ორმოცდაათი წლის ასაკში განცდილ მარცხზე ფიქრობდა, დარწმუნებული იყო თავის სიკვდილში, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ეწვეოდა. ერთ საღამოს, როდესაც ლუქსემბურგის ბაღში სეირნობდა, ყვავილი დაინახა.

- პატარა შემოღობილი ბაღის კიდეზე იყო ამოსული - რაღაც ყვითელი ყვავილი. შევჩერდი, სიგარეტს მოვუკიდე და სწორედ ამ დროს შევამჩნიე. თითქოს ისიც მე მიყურებდა, ზოგჯერ ასეთი კონტაქტი მყარდება... ხომ იცით, ყველა გრძნობს იმას, რასაც სილამაზე ჰქვია. ყვავილი ლამაზი იყო, ულამაზესი. მე განწირული ვიყავი, ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდებოდი და სამუდამოდ წავიდოდი ამ ცხოვრებიდან. ყვავილი კი ლამაზი იყო, ყვავილი ყოველთვის იარსებებს მომავალი ადამიანებისთვის. ამ დროს სრულიად მოულოდნელად მივხვდი თუ რა არის არარაობა, ის რასაც მე ყოველთვის სიმშვიდედ და ჯაჭვის დასასრულად აღვიქვამდი. მე მოვკვდებოდი და ლუკაც უკვე მკვდარი იყო, ჩვენნაირებისთვის ყვავილი უკვე აღარ იარსებებდა, არაფერი დარჩებოდა, სრულიად არაფერი და ეს ’არაფერი’ სწორედ ის იყო რომ ყვავილიც აღარ იქნებოდა. ასანთმა ხელი დამწვა. მოედანზე გავედი, პირველ შემხვედრ ავტობუსზე დავჯექი და უაზროდ დავიწყე ყურება გარშემო, ქუჩაში და თავად ავტობუსში ვაკვირდებოდი ყველას. როდესაც ბოლო გაჩერებამდე მივედით, ჩამოვედი და სხვა, გარეუბანში მიმავალ ავტობუსში ავედი. მთელი საღამო, სანამ დაბნელდებოდა, უამრავი ავტობუსი გამოვიცვალე, თან ყვავილზე და ლუკაზე ვფიქრობდი, მგზავრებს ვათვალიერებდი და ვეძებდი ვიღაცას, ვისაც ლუკას ან საკუთარ თავს მივამსგავსებდი, ვინც ჩემი გაგრძელება იქნებოდა, ვისაც შევხედავდი და მივხვდებოდი, რომ ის ისევ მე ვარ; შემდეგ კი თავს დავანებებდი და წავიდოდი, მივცემდი საშუალებას, რომ თავად გაევლო თავისი საცოდავი და უაზრო ცხოვრება, თავისი სულელური და დანგრეული ცხოვრება სხვა სულელური და დანგრეული ცხოვრების დაწყებამდე, სხვა სულელური და დანგრეული ცხოვრების დაწყებამდე, სხვა...

ანგარიში მოვითხოვე.

Wednesday, July 21, 2010

ლუკა


ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ლუკა. მე სულ ასე ვეძახი, სინამდვილეში მზია ქვია. ძალიან ნიჭიერი, თბილი, მხიარული და მეგობრული გოგოა. ერთად ვმუშაობდით ბევრგან და არც ერთხელ არ გავუწბილებივარ. მისი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ შეუძლია ბავშვური იყოს, ანუ ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, მხოლოდ ბავშვებს რომ მოსდით თავში. ამას წინათ მის ბლოგს გადავავლე თვალი (mzushiko.wordpress.com) და ასეთი ფრაზა წავიკითხე - ’ამ ბოლო დროს მგონია, რომ ხანი დამეზმო’ და ბოლოს კიდევ ერთი - ’ხან დაზმული ვარ, ხან - არა’.

ძალიან გავმხიარულდი და გამახსენდა ჩემი ბავშვობის ამბები. დაახლოებით 6 წლის ვიყავი და კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, როდესაც დავადგინე, რომ მოდების ატელიეში (ასე ეძახდნენ მაშინ სამკერვალოებს) შესვლა სასურველი არ იყო, იმიტომ რომ თუ შეხვიდოდი, ერთს მაგრად მოგადებდნენ ყბაში და ისე გამოგიშვებდნენ, ვარაზისხევის აღმართს ’საჯანჯღაროს’ ვეძახდი და კიდევ რა ვიცი, რამდენი იყო ასეთი.

კარგია ბავშვობა და კარგი ხალხია ის, ვისაც შეუძლია ბავშვური ლოგიკა დიდი ხნით დაიტოვოს.

Tuesday, July 20, 2010

ის კი არ არის ბიჭობა...

რამდენიმე დღეა ვაჟა ფშაველას ვკითხულობ. ავიტეხე რა, ხომ არის ზოგჯერ რაღაცას აიტეხავ. ჰოდა ამ კითხვა-კითხვაში კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მის ერთ გენიალურ ლექსს: ’დაგვიანებული პასუხი აკაკის’, ხომ გახსოვთ?

ჰოდა ერთი ისტორია გამახსენდა ამაზე. უფრო სწორად - ორი და მინდა რომ მოგიყვეთ.

პირველი ამბავი რამდენიმე წლის წინ 'მაესტროში' რომ ვმუშაობდი, მაშინ მოხდა. თავად ამ ისტორიას არ შევსწრებივარ, მაგრამ ვინც შეესწრო, ყველაფერს იფიცებენ მართალიაო. მოკლედ, იყო იქ ასეთი გადაცემა: ’პრეს პრესი’. მოჰყავდათ სტუდიაში რამდენიმე ჟურნალისტი, თითოეულ მათგანს აფრთხილებდნენ, რომ გადაცემის იდეიდან გამომდინარე, მაქსიმალური გესლი უნდა ენთხიათ, ხოლო დასაგესლად წინ უსვამდნენ ერთ რომელიმე მომღერალს ან პროდიუსერს ან... მოკლედ პოპ-მუსიკის რომელიმე წარმომადგენელს.

ერთ მშვენიერ დღეს მოიყვანეს ერთი ’კლიპ მეიკერი’, რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში უსვამდა ხაზს იმას, რომ უგემოვნო შემსრულებლებთან პრინციპულად არ მუშაობდა. ამაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა (გოგონამ) უთხრა: ’მაშ ჯგუფ ’საუნდთან’ რომ გიმუშავია, ეგ როგორ გავიგოთო?’

რაც ამის შემდეგ მოხდა, ანეკდოტს უფრო ჰგავს. ამ გადაცემას თურმე სახლში უყურებდა ჯგუფ ’საუნდის’ ერთ-ერთი წევრის ოჯახი. მათ რომ ასეთი რამ მოისმინეს გაბრაზდნენ და თურმე ’მაესტროს’ სტუდიაში მივარდნენ იარაღებით (ერთი 5 მამაკაცი იქნებოდა, ასე 60 წლის), ის გოგო გამოიყვანეთ უნდა მოვკლათო.

მამუკა ღლონტმა ამასობაში სისხარტე გამოიჩინა და გოგონა ერთ-ერთ ოთახში გადამალა, თავად კი ეს გავეშებული მამაკაცები კაბინეტში შეიპატიჟა მოსალაპარაკებლად. როდესაც იარაღიანებმა მამუკასგან მოისმინეს არგუმენტი, რომ გოგოს ცემა და მით უმეტეს მოკვლა ვაჟკაცს არ შეშვენის, გამოთქვეს ვარაუდი, რომ გოგონას ძმა ეყოლებოდა. ჰოდა ის ბიჭი მოგვიყვანეთ, მაშინ იმას მოვკლავთო. მოკლედ ეს საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში უსისხლოდ დასრულდა.

ახლა მეორე ისტორია. ეს უკვე ამერიკიდან. არსებობს ასეთი მომღერალი - ნილ იანგი (Neil Young), რომელსაც კლასიკური როკის მოყვარულები კარგად იცნობენ. ჰოდა ერთხელ ამ მუსიკოსმა დაწერა სიმღერა სახელწოდებით ’სამხრეთელი კაცი’ (Southern Man), რომელშიც ამერიკის სამხრეთში მცხოვრები საშუალოსტატისტიკური მამაკაცი, რბილად რომ ვთქვათ, გააკრიტიკა. ამ სიმღერამ ამერიკის სამხრეთის შტატებში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია. საჭირო იყო პასუხის გაცემა და როგორ ფიქრობთ რა პასუხი მიიღო ნილ იანგმა? ვინც გამოიცნო, ყოჩაღ. პასუხს ჰქვია ’Sweet Home Alabama’ და მისი ავტორია ჯგუფი ’ლინერდ სკინერდი’, რომლის წევრები სამხრეთელები იყვნენ.

ჰოდა რატომ მოვყევი ეს ისტორიები? იმიტომ რომ დავადგინე: ასეთი ამბებით განისაზღვრება საზოგადოების სიმწიფე.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვაჟა ფშაველას პასუხად ლექსი კი არ დაეწერა, არამედ ფშავიდან ჩამოეყვანა თავისი ნათესავები აკაკი წერეთლის გასალახად? სასაცილოა ხომ? მეც გამეცინა.

სიტყვას ყველაზე დიდი ძალა აქვს. სიტყვის ძალამ შექმნა ’დაგვიანებული პასუხი აკაკის’ და სიტყვის და მუსიკის ძალამ - ’Sweet Home Alabama’.

იარაღის ძალას ჯერ არაფერი შეუქმნია. მხოლოდ დაუნგრევია.

Monday, May 24, 2010

სიბრძნე

ეს ისტორია მამაჩემმა მიამბო კაი ხნის წინ.

მოსკოვში მიდიოდა. თვითმფრინავში მის გვერდით ერთი უბრალო კახელი მამაკაცი იჯდა (სახელი აღარ ახსოვს, ვთქვათ - გოგი). რომ აფრინდნენ, გოგი ილუმინატორს მიაშტერდა, ეტყობა პირველად იჯდა თვითმფრინავში, რამდენიმე წამში კი ჩაილაპარაკა:

’ვააახ, კაცოუ. აბა უყურე რა ლამაზია ეს ჩვენი დედამიწა, მაშ ახლა ამაი ბომბი უნდა ესროლო?’ - პატარა პაუზა და ერთხელაც ამოიოხრა: ’ეეეჰ, რამდენი ცეტია ამ ქვეყანაზე’

Friday, May 7, 2010

მიყვარხარ


გუშინ საღამოს ისევ გამახსენდა დავით ყიფიანი. რატომ გამახსენა არ მახსოვს, ბარში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ცოტა დავლიე და უცბად გამახსენდა. ისევ თვალწინ დამიდგა ის ორი მომენტი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ცოცხლად ვნახე ქუჩაში. პირველად დაახლოებით 13 წლის ვიყავი, ანუ 1982 წელი იყო. პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიასთან იდგა, გამვლელები კი ხელს ართმევდნენ და ეხვეოდნენ. გავშეშდი. პატარა ვიყავი და ვერ გავბედე მივსულიყავი და მეთქვა როგორ მიყვარდა. მერე მთელი ღამე არ მეძინა...

მეორედ უკვე დიდი ვიყავი, ჩემი ცოლი მივიყვანე ზანდუკელის ქუჩაზე ვიღაცასთან და მანქანაში ველოდებოდი. გვერდით მანქანა გაჩერდა და წამსვე ვიცანი საჭესთან მჯდომი დათო (ყიფოს არასოდეს ვეძახდი, საერთოდ ეს ზედმეტსახელი თუ ჰქონდა არ ვიცოდი, გვიან გავიგე). ჩემი ცოლი გამოვიდა, მანქანა დავძარი და კიდევ ერთხელ გავხედე, იმანაც გამომხედა და მზერები ერთმანეთს შეხვდა. თავი დავუქნიე, გავუღიმე და მივესალმე. მანაც იგივე გააკეთა.... და ისევ ვერ გავბედე, ისევ რაღაცა ჯანდაბამ შემაკავა... ძალიან მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, რომ მისი სახელი გულზე მეწერა. ვერ ვუთხარი...

არადა რა ადვილი იყო...

Tuesday, April 20, 2010


ამას წინათ ასეთი მოსაზრება გავიგე, რომ სტალინის ძეგლი ტურისტების მოსაზიდი კარგი საშუალებაა და რომ უცხოელები, რომლებიც აქ ჩამოდიან, წამსვე 'დიდი ბელადის' ძეგლით ინტერესდებიან.

თავი დავანებოთ იმას, რომ მე ძალიან ბევრი უცხოელი შემხვედრია საქართველოში და ძალიან ბევრი პირადად ჩემთანაც ჩამოსულა სტუმრად, მაგრამ არც ერთს არ გახსენებია სტალინი. აქ სხვა რამე მინდა ვთქვა. დავუშვათ მართლა ინტერესდებიან. რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა აზრი უჩნდებათ ტურისტებს ამ ძეგლის ნახვის შემდეგ? მე, მაგალითად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კარგს არაფერს ფიქრობენ ჩვენზე. აბა რა უნდა იფიქრო ხალხზე, რომელსაც სერიული მკვლელის ძეგლი უდგას, კბილებით იცვას მას და თან დითირამბებს უმღერის? რას იფიქრებდით თქვენ ინგლისელებზე, 'ჯეკი მფატრავის' ძეგლი რომ დაედგათ სადმე კემბრიჯში ან კენტერბერიში, სახლ მუზეუმიც გაეხსნათ და იქაურ მაცხოვრებლებს მერე აღფრთოვანებული სახეებით მოეყოლათ თქვენთვის, რომ ჯეკი კარგი კაცი იყო, რომელიც ლექსებს წერდა და კაცობრიობა მადლიერი უნდა იყოს მისი, რომ მან ვიღაც სხვა სერიული მკვლელი დაამარცხა.

რას ფიქრობთ თქვენ, როდესაც მოსკოვში მდებარე ლენინის მავზოლეუმი გახსენდებათ?

ერთხელ გია გაჩეჩილაძეს ვუთხარი, სანამ სტალინის ძეგლს არ მოვაშორებთ, არაფერი გვეშველება მეთქი და გაბრაზდა. რას ერჩი სტალინის ძეგლს, იდგას, ვის რას უშლის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელიო.

მე არ ვთვლი, რომ საქართველოს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდეს მოსაგვარებელი, ვიდრე სტალინის ძეგლის აღებაა. გეტყვით რატომაც, ძალიან მარტივია:

ერს, რომელიც სტალინის ძეგლს იცავს და სტალინს აღმერთებს, არა აქვს უფლება რომ თავის ქვეყანაში დემოკრატია მოითხოვოს. ერი რომელიც აღმერთებს ადამიანს, რომელმაც სხვა ერები დაიპყრო, არა აქვს უფლება რომ თავისი ქვეყნის თავისუფლება მოითხოვოს.

და აქ მარტო უფლებაზე არ არის საუბარი. მოითხოვოს რამდენიც უნდა, არ ეღირსება.

ასეთი ერი არასოდეს იქნება თავისუფალი და მას არასოდეს ექნება დემოკრატიული ქვეყანა.

Wednesday, April 14, 2010

ჩაშვების ინსტიტუტი

საბჭოთა კავშირის დროს იყო გავრცელებული ასეთი ამბავი: გერმანელებმა (თუ ამერიკელებმა) მხატვრული ფილმი 'ერიდე ავტომობილს' (берегись автомобиля) ნახეს და ვერაფრით გაიგეს რატომ იყო მანქანების გამტაცებელი დადებითი გმირი და მილიციონერი - უარყოფითიო. ეს ისტორია უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ამბავს, რადგან ელდარ რიაზანოვის ამ გენიალურ კომედიაში იური დეტოჩკინი ერთგვარი 'რობინ ჰუდია', თავისი რობინ ჰუდი კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს.

აი მეორე ისტორია კი, რომელსაც გავიხსენებ, უკვე ნამდვილად არ შეიცავს რომანტიულ ნოტებს. ამაზე ამბობენ, ნამდვილი ამბავიაო. ერთხელ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბინას ძარცვავდნენ, ვიღაცამ შენიშნა და მილიციაში გადარეკა. მძარცველმა ამის შესახებ შეიტყო და აივნიდან დააპირა გაქცევა, თუმცა მილიციამ თადარიგი დაიჭირა და რამდენიმე თანამშრომელი ეზოში დატოვა. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მძარცველი აივნიდან ძვრება და ხალხი ქვემოდან უყვირის: არ ჩამოხვიდე, 'ძაღლობა' დგასო. მძარცველმა მანევრირება დაიწყო, ერთი აივნიდან მეორეზე ძვრებოდა და ასე ცდილობდა დასხლტომოდა მილიციას, ეზოში მდგომი ხალხი კი მხურვალედ უჭერდა მხარს. როგორ დამთავრდა ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ ის ადამიანი, ვინც მილიციაში გადარეკა და ბინის ძარცვის შესახებ შეატყობინა, საყოველთაოდ იქნა დაგმობილი, როგორც ჩამშვები.

ეჭვგარეშეა: ეს ყველაფერი საბჭოთა გადმონაშთია, მაგრამ დღესაც მყარად არის გამჯდარი ქართველების ტვინში. ასეთი ვერსიაც მაქვს მოსმენილი, რომ საბჭოთა კავშირში ქურდული სამყარო უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე სახელმწიფო და ამის გამო იყო ხალხში რომ მეტ სიმპათიას იწვევდაო. ბევრი იტყვის, დღესაც იგივე სიტუაციააო და აუცილებლად გაიხსენებს 'გირგვლიანის საქმეს', 'რობაქიძის ამბავს', 'იმედის დარბევას' და ასე შემდეგ. ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ მყარი არგუმენტებია და კონტრარგუმენტის პოვნა გამიჭირდება. არც ვაპირებ მოძებნას, რადგან მთავრობის დაცვა არ არის ჩემი მიზანი. მოდით სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: მთავრობა - საზოგადოების ნაწილია. მთავრობა არის ზუსტად ისეთი, როგორიც საზოგადოებაა, რადგან მთავრობაში მყოფი ხალხიც ამ საზოგადოებაში იზრდება.

ამ რამდენიმე ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს ვუყურებდი. თუ არ ვცდები ატლეტიკი და ბარსელონა თამაშობდნენ. მატჩი ბილბაოში იყო. თამაშის დროს ტრიბუნიდან ვიღაცამ სანთებელა გადმოაგდო, რომელიც ბარსელონას მოთამაშეს მოხვდა თავში. თამაში შეჩერდა, პოლიციამ ძალიან მალე იპოვნა დამნაშავე და დააპატიმრა. მეორე დღეს ერთ-ერთ ესპანურ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, რომელმაც გამაოგნა. სურათზე გამოსახული იყო სან მამესის სტადიონის ტრიბუნის პატარა მონაკვეთი, ცენტრში იდგა მამაკაცი დარცხვენილი სახით, გარშემო მყოფები კი მისკენ თითს იშვერდნენ.

საზოგადოებამ დამნაშავეს ხელი არ დააფარა, რადგან იმ საზოგადოებაში ნამდვილი დემოკრატიაა, ანუ ხალხის მმართველობა. ხალხის ქცევა ზუსტად შეესაბამება მათ სურვილს ჰქონდეთ ნორმალური ქვეყანა. იქ არასოდეს მოხდება 'გირგვლიანის ამბავი', 'რობაქიძის ამბავი' და 'იმედის დარბევა', განა იმიტომ, რომ მთავრობას ხალხის შეეშინდება, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა - ხალხის ნაწილია. მათ სისხლში აქვთ გამჯდარი, რომ დამნაშავეს ხელი არ უნდა დააფარონ.

ახლა წარმოიდგინეთ თბილისის სტადიონზე მსგავსი ისტორია. წარმოიდგინეთ? ვერა ხომ? ვერც მე.

ერთი რამ ვიცი ნამდვილად: სანამ ასეთი რამ წარმოუდგენლად გვეჩვენება, მანამდე ამ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიაც წარმოუდგენელია.

Friday, April 9, 2010

რუსეთი


1987 წლის ივლისში ჯარში წავედი. 1989 წლის მარტში შვებულება მომცეს და სახლში გამომიშვეს 10 დღით. ზუსტად მახსოვს, 22 მარტს ჩამოვედი, დედაჩემის დაბადების დღეს და 1 აპრილს ისევ უკან გავბრუნდი. 5 აპრილს უკვე იქ ვიყავი - არხანგელსკში და 9 აპრილს ეს მოხდა. ჩვენ სამხედრო ნაწილში სულ 4 ქართველი ვიყავით: მე, ანზორ თუშიშვილი თელავიდან, თბილისელი გიორგი მშვენიერაძე და ასევე თბილისელი ჟირიკა სეროპიანი. იქ ყველანაირად ცდილობდნენ ამ ინციდენტზე საერთოდ არაფერი ეთქვათ, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა, თბილისში იყავი, თქვენი ერთი დროშა წამოგეღო, პარტიანკებად გამოვიყენებდითო. ამაკანკალა ისე გავბრაზდი, მაგრამ გადავყლაპე. ეტყობა ეს ყველაფერი სახეზე შემეტყო და ოფიცერმა (გვარიც მახსოვს, ივანჩენკოვი იყო) ეჭვის თვალით შემომხედა და მკითხა, შენ რა, გეწყინაო? დიახ მეთქი, ვუპასუხე, რის შემდეგაც დიდი ახსნა განმარტებითი საუბარი ჩამიტარეს მეთაურის კაბინეტში. მიხსნიდნენ, როგორი კარგი იყო საბჭოთა კავშირი და საერთოდ რამხელა წვლილი მიუძღვოდა კომუნისტურ პარტიას საქართველოს აყვავებაში.

მერე ანზორამ წერილი მიიღო, ძმა წერდა, რასაც მანდ ამბობენ არაფერი დაიჯეროთ, ხალხი დახოცეს ამ ....მაო (წერილი თელავიდან იყო და მრავალწერტილის ადგილას შესაბამისი სიტყვა თქვენ თვითონ ჩასვით).

აკი გითხარით იქ არაფერს ამბობდნენ მეთქი, მხოლოდ გაზეთებიდან ვგებულობდოთ რაღაცას და რა დაიწერებოდა 'კრასნაია ზვეზდაში' ალბათ ადვილად მიხვდებით.

საბოლოოდ ჯარიდან იმავე წლის ივნისის ბოლოს ჩამოვედი და აქ გავიგე ის ყველაფერი რაც თბილისში 9 აპრილს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორის ის, რასაც საინფორმაციო ომს უწოდებენ. 1989 წლიდან მე პირადად არ მახსოვს რუსეთის რომელიმე ტელევიზიით საქართველოზე კარგი ინფორმაცია გადმოეცათ. იმ პერიოდშიც კი, როდესაც გამსახურდია გადავაგდეთ და შევარდნაძე დავსვით (რატომ ხელი არ გამიხმა), რუსეთის კეთილგანწყობა ვერაფრით მოვიპოვეთ. გამსახურდიას დროს სამხრეთ ოსეთი აგვიჯანყეს, შევარდნაძის დროს აფხაზეთი წაგვართვეს, სააკაშვილის დროს რაც ხდება ახლა ვუყურებთ ყველა. ამ ყველაფრის მომსწრე მე თვითონ ვარ და ამ 21 წლის განმავლობაში ჩამომიყალიბდა აზრი, რომ რუსეთთან მეგობრობა შეუძლებელია.

ამას წინათ კობა დავითაშვილმა თქვა, ჩავალთ მოსკოვში და დაველაპარაკებით პუტინსო. ვეტყვით, რომ ტერიტორიები დაგვიბრუნოს და ნატოზე ჯვარი კი არა გვაქვს დაწერილიო. ჰოდა თუ ამაზე მოვრიგდებით, საქართველოს ბედს ძაღლი არ დაყეფსო. კობას პირადად ვიცნობ და ნამდვილად ვიცი, რომ განათლებული ადამიანია, თან ძალიან ნიჭიერი იურისტი... სტოპ... მე მგონი შეურაცხყოფას ვაყენებ ახლა. ანუ, თუ განათლებულია და თან ნიჭიერი იურისტი, უნდა იცოდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შედეგი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს რუსეთისთვის. რომელიღაცა ცნობილმა ადამიანმა თქვა, რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას ზუსტად იმ ქაღალდის ფასი აქვს, რაზეც ეს ხელშეკრულებაა დაწერილიო. დარწმუნებული ვარ, ეს კობა დავითაშვილმა სტუდენტობისას ისწავლა. მოკლედ, მე მგონი ჯობდა მეთქვა, რომ გაუნათლებელია.

ხუმრობა და სარკაზმი იქეთ იყოს და, მოდით მართლა ყველამ გავიხსენოთ უახლოესი წარსული. მართლა მხოლოდ წიგნებიდან ხომ არა გვაქვს ნასწავლი ეს ოხერი, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ბოლო-ბოლო. მოღალატის იარლიყის მიკერება ძალიან არ მიყვარს და საერთოდ ამ სიტყვას ყოველთვის ფრთხილად ვხმარობ. ამის გამო იყო, ზვიად გამსახურდია რომ არ მომწონდა. მაშინ ხომ ნებისმიერი ოპოზიციური ქმედება ღალატად ინათლებოდა.

არც დღეს ვეძახი არავის მოღალატეს, მაგრამ მოდით ცოტა ტვინი გავანძრიოთ ყველამ. სააკაშვილის დემოკრატია არ მოგწონდეს და რუსეთში გარბოდე დახმარების საძებნელად, ამაზე დიდი სისულელე არა მგონია რამე იყოს. ყველამ უნდა ვუთხრათ 'არა' რუსეთს და შემდეგ საკუთარ ქვეყანას მივხედოთ.

P.S. რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემს უახლოეს მეგობარს ვესაუბრე ინტერნეტის საშუალებით და აქ რაც დავწერე ეს ყველაფერი ვუთხარი. ერთი 5 წუთი ვიკამათეთ და ბოლოს მკითხა: 'რამაზ, რუსი ნაშები არ გინდა?'. იმედი მაქვს, ხუმრობდა.

Sunday, March 21, 2010

მტრედის წყარო

დიდი თავმოუბმელი ვინმე კი ვარ, სიმართლე თუ გნებავთ. რა უნდა, ადექი და წადი რა, დარეკე, გაიგე საიდან გადიან ავტობუსები, ჩალაგდი და ერთ 5 საათში იქ ხარ - ნიკორწმინდაში. წელს წავალ, აი ცოტა დათბეს და წავალ. მომენატრა. რამდენი ხანია არ ვყოფილვარ?... 1986-ს შემდეგ, ანუ 24 წელია. ბატონის ტყე, შაორი, საყინულე, უდაბნო, ოთხკუთხედი (რომბის ფორმის) პატარა ნაძვნარი ფერდობზე და მტრედის წყარო. პირველად როდის ჩამიყვანეს იქ არ მახსოვს, მაგრამ შემორჩენილი ფოტოების მიხედვით სადღაც 4-5 წლის უნდა ვყოფილიყავი და ეს მტრედის წყარო რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში. უკვე რომ მივუახლოვდებოდით ხოლმე ნიკორწმინდას და ვინმე იტყოდა წყალი მწყურიაო, მამაჩემი პასუხობდა, ცოტაც მოითმინე, მტრედის წყარომდე მივიდეთ, ნამდვილი წყალი ის არისო. რა მოხდა ჩემ გონებაში არ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყანაზე ეს სახელი ყველაზე ძალიან მიყვარს. ყველაზე ლამაზი, ყველაზე რომანტიული და ყველაზე სუფთაა ჩემთვის. ბრჭყალებში ჩასმაც კი ვერ გავბედე. მტრედის წყარო ცოცხალი არსებაა.

წელს აუცილებლად წავალ. ძალიან ბევრი ადამიანი აღარ დამხვდება იქ, მაგრამ მტრედის წყარო ხომ იქ არის, ის ხომ უკვდავია... უკვდავი კი არა, უკვდავების წყაროა. სერიოზულად ასე მჯერა. მჯერა, რომ დავლევ მეც უკვდავი გავხდები.

Saturday, March 20, 2010

მაგრამ.


2008 წლის დეკემბერი იყო მგონი, როდესაც ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე ბარი 'აგორა' ომისა და ფინანსური კრიზისის გამო ნელ-ნელა სულს ღაფავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად დავდიოდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და ვცდილობდით რაღაცნაირად გადაგვერჩინა ჩვენი საყვარელი ადგილი. ერთ-ერთ ასეთ დღეს, შუა დაკვრაში ვიყავით, როდესაც ჩვენთან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და 'დდტ' დაუკარითო გვთხოვა. უარი ვუთხარით. არ გვემღერებოდა რუსულად. რუსოფობები არასოდეს ვყოფილვართ და არც ახლა ვართ, მაგრამ მაშინ მართლა გულწრფელად არ გვემღერებოდა. ახალგაზრდა ბიჭს გაწბილება შეეტყო სახეზე და ცოტა ირონიულად გვკითხა: 'რა იყო, მიშისტები ხართ?'

ანალოგიური შემთხვევა კიდევ უთვალავი შეიძლება დასახელდეს. ამ ქვეყანაში ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს თავის საკუთად ქვეყანას. ვერ ხვდება, რომ ეს ქვეყანა მისია და არა მთავრობის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ტანკებმა საქართველოს გადაუარეს და არა საქართველოს მთავრობას. საქართველო კი ჩვენ ვართ. თითქოს მარტივი ლოგიკაა და ზედაპირულად ყველამ იცის, მაგრამ გათავისებული ძალიან ბევრს არა აქვს.

ფოტო, რომელიც აქ გამოვაკარი ამ ისტორიის გაგრძელებაა. რა მარკის მანქანაა, ვერ ვხედავ, მაგრამ წარწერამ დამაფიქრა. მე, მაგალითად, არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ მანქანა ვიყიდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვეში 25 ლარი ჩემთვისაც კი სასაცილო თანხაა. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ გადაიხდი თვეში 25 ლარს, შეგიძლია ქალაქის ნებისმიერ პარკინგზე გააჩერო მანქანა უპრობლემოდ. მაგრამ თქვენ გგონიათ ამ ადამიანს მართლა არა აქვს 25 ლარი? აქვს, როგორ არა აქვს, უბრალოდ ასეთი საშუალება გამონახა, რომ უკბინოს მთავრობას. ისიც მსხვერპლია. იმ არასწორი აზროვნების მსხვერპლი, რომელიც ზემოთ ვახსენე. მას ეს ქალაქი ქვეცნობიერად გიგი უგულავას საკუთრება ჰგონია და, შესაბამისად, თუ თვითონ მოვა მთავრობაში როდისმე, მაშინ უკვე თავისი საკუთრება ეგონება.

ჩვენ უნდა შევიცვალოთ და მერე იქნებ ოდესმე ვეღირსოთ ისეთ დემოკრატიას, როგორიც ევროპაშია. რადგან მთავრობა საზოგადოების ნაწილია, მთავრობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასევე საქართველოში ცხოვრობდნენ ყოველთვის. ეთიოპიაში ვერ მოვა პრეზიდენტად ვაცლავ ჰაველისნაირი ადამიანი, ხომ მართალია? ვერც ჩეხეთში მოვა ვერასოდეს მენგისტუ ჰაილე მარიამის ანალოგი, იმიტომ რომ ჩეხეთში სხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ, იმ საზოგადოებაში სხვა ფასეულობებია.

დათო ტურაშვილის სიტყვები მომყავს ხშირად, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და იმიტომ. ახლაც მოვიყვან მის ერთ-ერთ ფრაზას: 'რადგან ევროკავშირში ყველას ერთად არ გვიშვებენ, მოდით ცალ-ცალკე შევიდეთ. მე, მაგალითად უკვე შევდივარ'. მოდით ყველამ ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, ეს ქვეყანა გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე აქვს.

Wednesday, March 17, 2010

ოსკარი


...ფირფიტა მსუბუქად ტრიალებდა, ზუსტად ოცდაცამეტნახევარ ბრუნს აკეთებდა წუთში, არც ერთით მეტს და არც ერთით ნაკლებს და ამ ტრიალთან ერთად 'ოსკარის ბლუზი' ჟღერდა. რა თქმა უნდა ფორტეპიანოსთან თავად ოსკარი იჯდა, ზუსტად ის ოსკარ პიტერსონი, რომელშიც ერთდროულად არის რაღაც ვეფხვისებური და ხავერდოვანი...

ხულიო კორტასარი
'კლასობანა'


გუშინ მარიმ ოსკარ პიტერსონი ახსენა და ისევ გამახსენდა ის პირველი დღე, ან ერთ-ერთი პირველი, როცა ტელევიზორში ვნახე. ორი როიალი იყო ერთმანეთთან მიდგმული ისე, რომ პიანისტები ერთმანეთს უყურებდნენ. ერთი ოსკარი იყო და მეორე ბეისი... კაუნტ ბეისი. ალბათ 14 წლის ვიყავი და რაღაცამ მომაჯადოვა, არ ვიცი პიტერსონის თითების უსწრაფესმა მოძრაობამ თუ კიდევ რაღაცა სხვამ, მაგრამ მომაჯადოვა. არა, მხოლოდ თითების სწრაფი მოძრაობა აქ არაფერ შუაშია. მიდი და გააკეთე, ადვილია - ჩაივლი კლავიატურაზე და 2 წამში 20 ნოტს აიღებ, მაგრამ რა? არაფერი. მთავარია რა ნოტებს იღებ და არა რამდენს. ასე არ არის?

პიტერსონი ჯაზის სიმბოლო იყო. ბევრი მეტყვის, რომ მასზე უკეთესი პიანისტებიც არსებობდნენ და ამ საკითხზე დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მე ახლა სულ სხვა რაღაცას ვგულისხმობ. პიტერსონმა ფართო მასებში შეაღწია და სიტყვა 'ჯაზის' ხსენებაზე ადამიანების დიდ ნაწილს თავში სწორედ მისი გვარი მოუვა, ისევე როგორც ელა ფიცჯერალდის ან ლუი არმსტრონგის.

და ისევ ის მახსენდება, პიტერსონი და ბეისი... რაღაცას უკრავდნენ ენერგიულს, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი საოცრად რბილად და ლამაზად ჟღერდა. კორტასარმა თქვა ყველაზე კარგად: 'ვეფხვისებური და ხავერდოვანი ერთდროულად'.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოსკარ პიტერსონი სამყაროსთან ერთად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის მხოლოდ სამყაროსთან ერთად დასრულდება.

კიკა


დღეს ვიღაცამ ფეისბუკზე მაგარი ფოტო დადო, რომელზეც ამერიკის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და საბჭოთა კავშირის 'ცეკას' მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მეუღლე არიან გამოსახულნი(ქალბატონ ხრუშჩოვას სახელი ნამდვილად არ მახსოვს). კონტრასტი უზარმაზარია, ისეთი დიდი, რომ ღიმილს იწვევს, მე კი ამ სურათზე ერთი კარგი ისტორია გამახსენდა. ძველი თაობის ხალხმა კარგად იცის ეს თბილისური ამბავი, რომელიც ვერც ფოტოზე შემორჩა და ვერც კინოფირზე, ამიტომ მხოლოდ ლეგენდის სტატუსს ატარებს.

წარმოიდგინეთ 1960-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის ხანა და ასევე ის პერიოდი, როდესაც კუბაში კომანდანტე ფიდელ კასტრომ გადატრიალება მოახდინა. კასტრო, მოგეხსენებათ, კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო (დღესაც ცოცხალია მგონი, არა?), ამიტომ მისი და ნიკიტას ძმაკაცობაც არავის უკვირდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ფიდელ კასტრო ხრუშჩოვის მოწვევით საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. მაშინდელ საქართველოში მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი არსებოდა: თბილისის პირველი, მოსკოვის პირველი და კიდევ ერთი არხი, რომელზეც მონაცვლეობით მაუწყებლობდნენ თბილისის მეორე და მოსკოვის მეორე პროგრამები. რა გასაკვირია და, სამივე არხი დილიდან საღამომდე კუბისა და საბჭოთა კავშირის ლიდერების შეხვედრის ამბებს აჩვენებდა...

ამ დროს კი პლეხანოვზე ცხოვრობდა მთელი თბილისისთვის ცნობილი კიკა - სულით ავადმყოფი მამაკაცი, რომელიც თავისი მოტვლეპილი თავით ძალიან ჰგავდა ცეკას მდივანს. ვის მოუვიდა თავში იმ დღეს ეს იდეა არავინ იცის, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პლეხანოველებმა იქვე იპოვნეს გადახდილი 'ვილისი' და შიგ კიკა ჩასვეს, შემდეგ გვერდით მიუსვეს კიდევ ერთი ცნობილი თბილისელი გიჟი, რომელსაც გრძელი წვერები ჰქონდა და ვის ჰგავდა, თავად მიხვდებით. მძღოლის შოვნა კი უკვე ძალიან ადვილი იყო. მანქანამ დაახლოებით 100 მეტრი გაიარა პლეხანოვზე, კიკა და მისი ძმაკაცი ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ გარშემო და გამვლელებს ხელს უქნევდნენ, ხალხიც იგივეთი პასუხობდა. ამბობენ, იქვე მდგომმა ერთ-ერთმა მილიციონერმაც ვერ გაუძლო სიტუაციას და მანქანაში მჯდომ 'ხრუშჩოვს და კასტროს' 'ჩესტი აუღოო'.

ბუნებრივია, ეს ამბავი წამსვე აღკვეთეს, კიკა და მისი ძმაკაცი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს, რადგან ვერაფერი ათქმევინეს. ამბობენ, როცა გამომძიებელი კიკას ეკითხებოდა, ვინ გააკეთა ეს ყველაფერიო, კიკა მისკენ იშვერდა თითს და ეუბნებოდა, შენ არ იყავი? როგორ არ გახსოვსო...

Sunday, March 14, 2010

Thursday, March 11, 2010

გადავარჩინოთ საქართველო!


2004 წლის ზაფხულში ბაკურიანში ვიყავი რაღაც საერთაშორისო კონფერენციაზე. ვთარჯიმნობდი. კარგი ხალხი იყო შეკრებილი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან... ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ ამ უცხოელებისთვის ბორჯომის პარკი გვეჩვენებინა. თითქმის მთელი დღე ვისეირნეთ იქ, რადგან უცხოელებს ისე მოეწონათ ბუნება, რომ იქედან წამოსვლა არ უნდოდათ. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას და ამავე დროს გაკვირვებას ჰოლანდიელი გოგონა გამოხატავდა. აღფრთოვანებას ბუნების სილამაზის გამო და გაკვირვებას იმის გამო, რომ ამდენი ნაგავი ეყარა. დადიოდა ეს გოგონა ასე გიჟივით და სხვის დაყრილ ბოთლებს აგროვებდა, გასასვლელთან ნაგვის ყუთი იქნება და იქ ჩავყრიო. თან სულ იმეორებდა, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ ულამაზესი ადგილიაო. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ და ნაგვის ყუთამდე სანამ მივედით 50-მდე ბოთლი დაგვიგროვდა.

არ მინდა რაღაც ტრაფარეტული ტექსტი გამომივიდეს, მაგრამ ეს ხომ არ არის ცალკეული შემთხვევა? აჭარის სანაპიროებზე ხომ თითქმის ყველას დაგისვენიათ? საქართველოს სხვა ქალაქებშიც ხომ ყველას გაგივლიათ? რას გავს ჩვენი ქვეყანა, ხომ გინახავთ ყველას? მაინც და მაინც გზის აშენება უნდა დაიწყონ, რომ გამოვიდეთ და ყვირილი მოვრთოთ 'გადავარჩინოთ ქობულეთი!', 'გადავარჩინოთ ვაკის პარკი!', 'გადავარჩინოთ ბორჯომის ხეობა!'?

კიდევ ერთი მახსოვს, თბილისში მაკდონალდსის აშენება რომ დაიწყეს და ხალხი რომ ყვიროდა, ეს როგორ შეიძლება, დიდი შოთას ძეგლი წაგვიბილწესო. ამ დროს კი დიდი აკაკის ძეგლის გარშემო ანტისანიტარიის ზეიმი იყო. დღესაც არის, სხვათა შორის.

ჰოდა მოდით დღეს მხოლოდ მზიურზე კი არა, აჭარის პლიაჟებზეც ვიყვიროთ, თბილისის ბაღებზე ვიყვიროთ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ხალხო! ნაგავში ვიხრჩობით!

P.S. თუ მოულოდნელად მენტორული ტონი გამომივიდა ბოდიშს გიხდით.

Wednesday, March 10, 2010

ბედნიერების უფლება

საქართველოში 'იურაია ჰიპი' (Uriah Heep) ჩამოდის. ლეგენდარული ბრიტანელები ალბათ საკმაო რაოდენობის მაყურებელს მოუყრიან თავს, რომელთა შორის მე ნამდვილად არ ვიქნები. ახლა აქ მათ კრიტიკას არ ვაპირებ და საერთოდ ამ ჯგუფის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მათი თაყვანისმცემელი არა ვარ და სულაც არ მინდა ვიღაცის ხარჯზე მოვხვდე ამ კონცერტზე.

ამ ყველაფერზე კი იმიტომ ვლაპარაკობ, რომ საქართველოში გავრცელებული ტრადიციაა: აქ კონცერტებზე სახელების გამო მიდიან და არა იმის გამო, რომ კონკრეტული მუსიკოსის შემოქმედება მოსწონთ. არასოდეს დამავიწყდება რეი ჩარლზის კონცერტიდან გამოსულს, ნაცნობი რომ შემხვდა და მითხრა, უკმაყოფილო ვარ, მეტს ველოდიო. დალოცვილო, რეი ჩარლზი იყო და იმღერა, თან ძალიან მაგრად, მეტს რაღას ელოდი, ფოკუსს ხომ არ გააკეთებდა?! წამსვე ჩემი მეგობარი გამახსენდა, ბილეთი რომ ვერ იშოვა კონცერტზე, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

მსგავსი შედევრი კიდევ ბევრი თქმულა, მაგალითად ის რომ კენი გერეტი დაბერდა და ვეღარ უკრავს, ’მანჰეტენ ტრანსფერმა’ 'ქართულ ხმებს' მოუსმინა და კონცერტის გაუქმება უნდოდაო და ასე შემდეგ. შედევრთა შედევრი კი ჯონ ობერკრომბის გამოსვლისას მოვისმინე. წარმოიდგინეთ, სცენაზე არიან ობერკრომბი, დენი გოთლიბი, იგორ ბუტმანი და კიდევ რამდენიმე მაგარი მუსიკოსი და ადუღებენ ხოშიანად. ამ დროს ჩემს გვერდით ვიღაც ორი საშუალო ასაკის მამაკაცი ზის, შემთხვევით მათკენ გამექცა თვალი და დავინახე როგორი სკეპტიკური სახეები ჰქონდათ, მათ შუბლზე იკითხებოდა: 'დიდი არაფერი, ჯიგრებო, ჰარიფები ხართ'. და ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან: 'ეხლა სცენაზე არ ამიყვანოთ, თორემ ვაჩვენებ მე მაგათ როგორ უნდა დაკვრა'.

ეგეთი ამბებია, ჩემო კარგებო და ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოდით დავუთმოთ ერმანეთს გზა. 'იურაია ჰიპის' კონცერტზე ის წავიდეს, ვისაც 'იურაია ჰიპი' უყვარს და დარწმუნებული ვარ ბევრს მათი დანახვისას ნოსტალგიის ცრემლები მოადგება თვალზე, ისევე როგორც მე მომადგა 1996 წელს რეი ჩარლზი რომ სცენაზე გამოსული დავინახე და რასაც ჩემი მეგობარი ვერ მოესწრო. მოდით ნუ წავართმევთ ერთმანეთს ბედნიერების განცდის საშუალებას.

'იურაია ჰიპის' თაყვამისმცემლებს დაუვიწყარ საღამოს გისურვებთ.
მუზებმა ზურგი მაქციეს. მაპატიეთ. მოვლენ, სად წავლენ....

Sunday, March 7, 2010

პოსტი

- რა ქვია, ბიჭო, შენ ძაღლს?
- რა ვიცი? ძაღლი


აი ასეა, დაისვენებ ორი დღე და ეგრვე ვარდები რითმიდან, მაგრამ არდასვენებაც რომ არ გამოდის... ვზივარ ახლა და ვფიქრობ რა დავწერო.

8 მარტია დღეს - ქალების დღე... სხვათა შორის ბავშვობაში ეს დღესასწაული არ მიყვარდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მწყინდა რომ ჩემ დას ულოცავდა ყველა, საჩუქრებს ჩუქნიდა და მე - არა... და საერთოდ რა არის ეს?! აქეთ 8 მარტიო, იქეთ ირინობაო, კიდევ იქეთ დაბადების დღეო. მე კიდევ მხოლოდ დაბადების დღე? უსამართლობა გამოდის. არც კაცების დღე არსებობს და არც რამაზობა... ეს სახელი საიდანღა მოიტანეს, ერთი მაგის ეშმაკი გამხადა და არაფერი არ მინდა რა. რომ დავიბადე, ორივე ბაბუასთვის პირველი ბიჭი შვილიშვილი ვიყავი, ორივეს შოთა ერქვა. დაარქვი რა ბავშვს შოთა. არა! რამაზი. რატომ, არავინ არ იცის. მამაჩემს თამაზი ქვია და მე მგონი რითმა მოეწონა - რამაზ ტამაზოვიჩ, ალბათ მაგიტომაც დამარქვა.

უი რა გამახსენდა! ჰე ჰე. სადღაც იმ დროს, როცა ესესერი დაიშალა, ჩემმა ერთ-ერთმა ნათესავმა გადაწყვიტა პატარა სტამბა გაეხსნა და რაღაც-რუღაცეებს ბეჭდავდა. ერთხელაც გამოსცა ძალიან საინტერესო კალენდარი, რომელშიც წელიწადის ყოველ დღეს რაღაც სახელი მიაწერა. ჰოდა იქ ჩემი სახელიც აღმოვაჩინე. რა დღე იყო, არ მახსოვს, მაგრამ კარგა ხანს ვცდილობდი ამ 'რამაზობის' 'გარასკრუტკებას' ახლობლებში. ბოლოს ვიღაცამ მითხრა, შენა, შვილოსან გატრაკებას თავი დაანებე, რა რამაზობა, რის რამაზობა, ეგეთი დღე არ არსებობსო. მოკლედ არაფერი გამოვიდა. იმ დროისთვის 23 თებერვალის აღნიშვნაც 'გრეხი' იყო უკვე და დავრჩი მოკლედ ამ ერთი დაბადების დღის ამარა.

ამას წინათ ჩემმა ერთმა კარგმა ნაცნობმა, რუსმა გოგონა ანიამ, რომელიც მოსკოველია (კარენოი, როგორც თავად ამბობს) და საქართველოში ცხოვრობს, ძალიან გულწრფელად მომილოცა 23 თებერვალი. იმდენად გულწრფელად, რომ ცოტა გულიც ამოჩუყდა. რაღაც ბლოკნოტი მაჩუქა თან და მაგარი კომპლიმენტი მითხრა. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა მითხრა... ჰოდა, მოკლედ რა მინდოდა? ჰო! შემოვიღოთ ჩვენც კაცების დღე, რა მოხდება? კიდევ აღვრიცხოთ რა სახელები არსებობს საქართველოში და წელიწადის ყოველ დღეს დავარქვათ ვიღაცის სახელი. 365-ზე მეტი თუ იქნება, მაშინ თითო დღეს რამდენიმე სახელი იყოს და იქნება ასე: მაგალითად 7 აგვისტო - სევასტის, დაგმარას და გულნარას დღეა, 30 დეკემბერი - გულნაზის, შალვასი და კონსტანტინესი, 8 ოქტომბერი - ნინოს, ზურაბის და ლევანის... ნინო, ზურაბი და ლევანი? მგონი ეხლა პოლიტიკაში გადავიჭრები. არ მინდა. შემეშვით.

გილოცავთ 8 მარტს.

Thursday, March 4, 2010

გარდატეხა

- რამაააზ!
- ჰა!
- მოდი ტელევიზორში ჯაზზეა გადაცემააა!
- ჯო დასენს რო აჩვენებენ დამიძახეეე!

ნანა თავიდანვე იყო მონდომებული რომ მის შვილს კარგი მუსიკალური გემოვნება განვითარებოდა, მაგრამ მისი შვილი სულ სხვაგან იყო: ჯო დასენი, ტოტო კუტუნიო, რიკარდო ფოლი, ჯანი მორანდი, ლაშატემიკანტარე, სარაპერკეტიამო... ასეთ კამპანიაში კი არც არის გასაკვირი რომ თინეიჯერმა რამაზმა სულ არ იცოდა რა იყო ჯაზი. უფრო სწორად კი იცოდა, მაგრამ მხოლოდ ის, რომ რაღაც იმპორტული იყო და მუსიკასთან კავშირში.

მერე ნანას ძმა - რეზო ჩაერთო საქმეში. მივიდა ერთხელ რამაზთან სახლში და რომ გადაავლო თვალი კასეტებს, შოკში ჩავარდა. მეორე დღეს ისევ მივიდა, სულ ახალი TDK-ს კასეტა მიუტანა და უთხრა, ერთი პირობით გჩუქნიო: უნდა წახვიდე და 'ბიტლების' 'თეთრი ალბომი' ჩაიწეროო. რამაზს კასეტა, რა თქმა უნდა, გაუხარდა, მაგრამ 'ბიტლების' ჩაწერის პერსპექტივამ არ მოხიბლა. რა დროს ეგ იყო, როცა სულ ცოტა ხნის წინ 'რიკი ე პოვერის' ახალი ალბომი გამოვიდა.

რეზოს ხათრი მაინც ვერ გაუტეხა და წავიდა ეს ჩვენი რამაზი მეორე დღეს 'ზვუკაზაპისში'. რომ მივიდა, კასეტა მიაწოდა იქ მდგომ... რა დავარქვა... ზვუკასაპისივატელს და უთხრა ბიტლების თეთრი ალბომიო. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა და შეასწორა: 'ერთ გვერდზე ეგ ჩაწერე და მეორეზე ახალი რიკი ე პოვერიო'. ზვუკაზაპისივატელს მაგრა გაუკვირდა და რამაზს შეახსენა, რომ 'თეთრი ალბომი' ორდისკიანი იყო და კასეტის ორივე გვერდს იკავებდა. რამაზმა უთხრა, არა უშავს, გააკეთე რასაც გეუბნებიო.

მოკლედ მაგარი კასეტა გამოვიდა: ერთ გვერდზე ნახევარი 'თეთრი ალბომი' და მეორეზე - რიკი ე პოვერი (მა მა მა, მა მა მარია მა...).

აი ასეთ დღეში იყო ეს ჩვენი რამაზი სანამ რაღაც მომენტში გარდატეხა არ მოხდა. ამ გარდატეხას კი სტივი უანდერი ერქვა. 15 წლის ასაკში დაეჯახა მას ეს საოცრება და შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში სხვა არაფერი აინტერესებდა.

დღეს რომ მითხრან, უანდერის 50 საუკეთესო სიმღერა დაასახელეო, 'I just called to say I love you' მათ შორის ვერ მოხვდება, მაგრამ სწორედ ეს სიმღერა იყო გარდამტეხი. პირველი მოსმენისთანავე საოცარი გრძნობა დამეუფლა: თითქოს წლების განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში ვიჯექი, უცბად ვიღაცამ ფანჯარა გააღო და დამანახა სივრცე, სილამაზე.. მთელი სამყარო წონასწორობაში მოვიდა... სწორედ ამის შემდეგ აღვიქვი ოსკარ პიტერსონი, ეროლ გარნერი, ბილ ევანსი, მაილს დევისი...

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: სტივიმდე და სტივის შემდეგ.

აქ გავჩერდები. რაღაცა მინდა ვთქვა ამ ადამიანზე განსაკუთრებული და ვერასოდეს ვახერხებ. მუზას დაველოდები... ან არ დაველოდები. მოვუსმენ და მერე იქნებ ოდესმე ვთქვა.


Wednesday, March 3, 2010

მაცადეთ სიკვდილი მიწაზე, სანამ მიწაში ჩავალ


ვიღაცამ თქვა ამას წინათ, ბობ დილანის გამოუქვეყნებელ სიმღერებს ნებისმიერი მუსიკოსი შეკრებდა და ალბომად გამოსცემდაო. დილანი საოცარი ვინმეა. თავისი 50-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მან უამრავი სიმღერა ჩაწერა და მათგან ძალიან ბევრი თავადვე დაიწუნა. ჰოდა, სწორედ ამ დაწუნებულ სიმღერებზე ჰქონდა საუბარი ზემთნახსენებ 'ვიღაცას'. ეს სიმღერები, რა თქმა უნდა გამოდიოდა შემდეგ, სხვადასხვა სახის ბუტლეგურ კრებულებში და პირადად ჩემშიც მსგავს გრძნობებს იწვევდა ყოველთვის. Abandoned Love; Blind Willie McTell; Mama, You Been On My Mind; You Ain't Goin' Nowhere; Let Me Die In My Footsteps; Who Killed Davey Moore... ეს მხოლოდ არასრული სიაა იმ სიმღერებისა, რომლებიც დილანის არც ერთ ორიგინალურ ალბომში არ შევიდა და მხოლოდ მოგვიანებით, კერძოდ კი 90-იან წლებში გამოქვეყნდა კრებულში The Bootleg Series (დღემდე ამ სერიის 8 ნაწილია გამოსული).

ამიტომ დღეს გადავწყვიტე ერთ-ერთ ასეთ სიმღერაზე გიამბოთ და თან მოგასმენინოთ. თუ ცოცხალ შესრულებას აღმოვაჩენ სადმე, ხომ მთლად უკეთესი.

თავად დილანმა ახსენა თავის ავტობიოგრაფიაში, რომ მის მიერ დაწერილი სულ პირველი სიმღერა იყო `Let Me Die In My Footsteps` (მაცადეთ სიკვდილი მიწაზე). ეს სიმღერა იმ პერიოდისაა, როდესაც ამერიკაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანტიკომუნისტური ბუმი იყო. სწორედ მაშინ, ჯერ კიდევ თინეიჯერი რობერტ ალენ ციმერმანი (დილანის ნამდვილი სახელია, თუ ვინმემ არ იცის) საკუთარი თვალით უყურებდა როგორ თხრიდა ბირთვული ომის საფრთხით შეშინებული ამერიკელი ხალხი ეზოებში თავშესაფრებს, როგორ აყვავდა თავშესაფრების ბიზნესი და სწორედ მაშინ მოუვიდა თავში ეს სიტყვები: 'მაცადეთ სიკვდილი მიწაზე, სანამ მიწაში ჩავალ' (Let me die in my footsteps, before I go down under the ground).

წესით ეს სიმღერა მის პირველ ალბომში უნდა შესულიყო, მაგრამ არ შევიდა. თავად დილანი იხსენებს, რომ რაღაცა თავიდანვე არ მოეწონა მასში და რომელიღაცა ჯგუფს აჩუქა. აჩუქა მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ არავინ იცნობდა, როდესაც ჯერ არც ერთი სხვა სიმღერა არ ჰქონდა დაწერილი და არც ერთი ალბომი არ ჰქონდა გამოცემული. მან თავიდანვე დიდი მიზნები დაისახა. იმდენად დიდი, რომ ალბათ ეს სიმღერა მის დონეს არ აკმაყოფილებდა. არადა რა მაგარი სიმღერაა...

სიტყვები აქ არის:

http://www.bobdylan.com/#/songs/let-me-die-in-my-footsteps

Tuesday, March 2, 2010

Mama


მახსოვს, სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში იყო ასეთი ჯგუფი - ’ბიჭები როკენროლიდან’. საკმაოდ მაგრად ქოქავდნენ ხალხს იმ იშვიათ საღამოებზე, რომლებიც მაშინ იმართებოდა. ერთხელ ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა რომ არის 'That's all right mama', იმის გარჩევა გვინდა და ფეხს ვითრევთო. როდესაც გარშემო მყოფები მათი ყოყმანის მიზეზით დაინტერესდნენ, ბიჭმა როკენროლიდან საოცარი პასუხი გასცა: 'რა ვიცი, კაცო, დედა არის სიმღერაში ნახსენები. ინგლისური მე არ ვიცი რო შინაარსი გავიგო და იქნებ რაღაც საშინელებას მღერიან. ხო იცი ეგენი გადაჯიშებული ხალხია, არც დედა იციან და არც მამა'. არგუმენტად მან ჯიმ მორისონის ერთ-ერთი სიმღერაც მოიყვანა, რომელშიც ეს სკანდალური მომღერალი დედასთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე მიანიშნებს (Father, I want to kill you, mother, I want to....). სწორედაც რომ მიანიშნებს, რადგან სიმღერის სტუდიურ ვერსიაში მორისონი ამ წინადადებას ბოლომდე არ ამთავრებს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მან ბოლომდე იმღერა ეს ფრაზა და კონცერტის ორგანიზატორების რისხვაც დაიმსახურა.

მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევაა. დასავლურ პოპ კულტურაში მსგავსი რაღაცეები, რა თქმა უნდა, მასობრივ ხასიათს არ ატარებს და შიში, რომელიც ჰქონდა ბიჭს როკენროლიდან, უსაფუძვლო იყო.

ელვის პრესლის ზემოთნახსენებ სიმღერასთან დაკავშირებით კი აი რა ხდება: სიტყვა `mama` ინგლისურად დედას ნიშნავს, მაგრამ ჟარგონზე ის ასევე აღნიშნავს ძალიან მიმზიდველ ქალს. ამ კონკრეტულ სიმღერაში კი ეს სიტყვა ორივე მნიშვნელობით გამოიყენება:

Mama, she done told me (დედამ მითხრა)
Papa done told me too (მამამაც მითხრა)
Man, that gal you're fooling with (ეგ გოგო, ვისთანაც ერთობი)
Ain't no good for you (შენი შესაფერისი არ არის)

But that's all right, mama.... (მაგრამ არა უშავს, ლამაზო...)

ანუ პირველი `mama` დედას აღნიშნავს და მეორე - ქალს, შეყვარებულს.

მსგავსი მნიშვნელობით ამ სიტყვას სხვებიც ხშირად იყენებენ. მაგალითად, ბობ დილანს აქვს ასეთი სიმღერა: ’Mama, you been on my mind’, რომელშიც ის ასევე ლამაზ ქალს უმღერის:

I don't even mind who you'll be waking with tomorrow
(ისიც კი არ მანაღვლებს, ვისთან ერთად იღვიძებ დილით)
mama, you're just on my mind
(ლამაზო, უბრალოდ ჩემს გონებაში ხარ)

ასე რომ, ჩემო კარგებო, გადახედეთ სიმღერების ტექსტებს. შეიძლება რაღაცას უსმენდით და დედაზე ფიქრობდით, ამ დროს კი მომღერალს სულ სხვა იდეები აწუხებდა.

ჰო, და კიდევ ერთი: თბილისში ძალიან პოულარული სიმღერა 'mama', რომელსაც ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსი ჰიუ მასეკელა ასრულებს. სიტყვები ვნახე და დაკონკრეტებული არაფერია. ასე რომ ეს სიმღერა შეიძლება დედასაც ვუმღეროთ თამამად და შეყვარებულსაც.

If I had to live without you (შენს გარეშე რომ მომიწიოს ცხოვრებამ)
I wouldn't wanna live no more (სიცოცხლე აღარ მომინდება)
I wouldn't wanna live in this world (ამ ქვეყანაზე ცხოვრება არ მენდომებოდა)
If I had to live without you, mama (შენს გარეშე რომ მეცხოვრა, დედა (ან ლამაზო))

დედის დღეს გილოცავთ ყველას.

Monday, March 1, 2010

Frank Sinatra


ფრენკ სინატრა რომ დიდი მაფიოზი ვინმე იყო, ყველამ იცის. ლაკი ლუჩანოსთან ძმაკაცობდა, კიდევ ბევრ სხვა ასეთ ადამიანს იცნობდა ახლოს და ამ კავშირებს სიამოვნებით იყენებდა, როცა კი დასჭირდებოდა.

ერთხელ თურმე ერთ-ერთი კაზინოს კრუპიე გოგონა მოწონებია ძალიან. არშიყობა რომ დაუწყია, გოგონას უთქვამს ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ქმარი მყავსო. სინატრასთვის კი ასეთ საქმეში წარუმატებლობა უცხო იყო და კიდევ უფრო გააქტიურებულა. ერთ მშვენიერ დღესაც გოგონას თავისი მეუღლისთვის უთქვამს ყველაფერი. მივიდა ის კაცი იმ კაზინოში და რომ დაინახა ეს ცნობილი მომღერალი მის ცოლს ეარშიყებოდა, არც აცია არც აცხელა და კაი მაგრად ხია თურმე ცხვირში. როგორც ჩანს სინატრას მაფიოზობის ამბავიც კარგად იცოდა, ამიტომ მეორე დღესვე მოკიდა ხელი თავის კრუპიე ცოლს და ქალაქიდან მოუსვა. თან ისე, რომ მას შემდეგ მათ შესახებ არავის აღარაფერი გაუგია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სინატრასა და ცნობილი კომიკოსის ჯეკი მეისონის ისტორიაა. რომელი წელი იყო ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ცნობილ მომღერალს, რომელიც უკვე შუახნის კაცი იყო, ახალგაზრდა მსახიობი მია ფეროუ მოწონებია, რომანი გაუბამს და მერე ცოლადაც მოუყვანია. მია ფრენკზე 30 წლით უმცროსი იყო და მსგავსი რაღაცეები, როგორც იცით, ამერიკელებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ამ შემთხვევაშიც წამსვე გავარდნილა ხმა და მთელი შტატები ამ ქორწინებაზე ლაპარაკობდა.

ჰოდა ეს ჯეკი მეისონიც თურმე თავის შოუებში შიგადაშიგ უკბენდა ხოლმე თავისი ოხუნჯობებით. ერთხელაც ის გააფრთხილეს, ხმა ჩაიგდეო. მეისონი არ გაჩერდა. მერე, მორიგი შოუ რომ დაასრულა და სახლში მივიდა, ბინის კარებზე ნატყვიარები დახვდა. მეისონი არც ამან შეაშინა და ერთხელაც თქვა, ნამდვილად არ ვიცი ვის სურდა ჩემი შეშინება, მაგრამ ნატყვიარები რომ დავინახე, რატომღაც ერთი სიმღერა ჩამესმაო და ფრენკ სინატრას ხმით წაინმღერა 'შუბი-დუბი-დუუუ'.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც მეისონი ქუჩაში მიდიოდა, მას უცნობი ადამიანი დახვდა და ისე ცემა, რომ ყბა მოტეხა. მეისონი რამდენიმე თვე ვერ ლაპარაკობდა. ფრენკ სინატრა კი მშრალი გამოვიდა ამ საქმიდან.

სხვათა შორის, მიუხედავად მაფიოზებთან კავშირისა, სინატრა ყოვლისშემძლე არ იყო. ერთხელ თურმე ვიღაც კაცთან მოსვლია კონფლიქტი და მეორე დღეს დაურეკავთ (სინატრასთვის) და უთქვამთ, თუ იმ კაცს ხელს ახლებ, მოკვდებიო. აი ასე.

7 ნესტანი

ზუსტად არ მახსოვს როდის გადამხდა ეს ამბავი თავს. მგონი 1994 წლის ადრეული გაზაფხული უნდა ყოფილიყო, ან 1993 წლის გვიანი შემოდგომა. მახსოვს მხოლოდ, რომ აფხაზეთის ომიც დამთავრებული იყო უკვე და სამოქალაქო ომიც. ინგლისში უკვე ნამყოფი ვიყავი და რადიოში მუშაობა ჯერ დაწყებული არ მქონდა. ჰო, მოკლედ ეგ პერიოდი იყო. დაახლოებით.

საშინელი დრო იყო. ხალხში ნიჰილიზმი სუფევდა, საღამოს და მით უმეტეს ღამე ქუჩაში გამოსვლა საშიში იყო. რომ დაბნელდებოდა, ქუჩები ცარიელდებოდა, ტრანსპორტი არ დადიოდა. ტრანსორტი კი არა, კინკილა მანქანასაც იშვიათად დაინახავდი.

ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე ბებიაჩემთან შემევლო. ჭავჭავაძეზე, ადრე რომ სავაჭრო პალატა იყო და ახლა რომ TBC ბანკია, იმ სახლში ცხოვრობდა. გვიანობამდე შევრჩი და დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ მერე რატომღაც გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. დაახლოებით 10 საათი იყო ქუჩაში რომ გამოვედი.

ჭავჭავაძიდან ბახტრიონზე მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობდა და ორივე - ფეხით. ერთი - მზიურით დოლიძეზე და იქიდან ზემოთ, ანუ მოკლე და სახიფათო და მეორე - ვარაზისხევი - კოსტავა - პეკინი - ბახტრიონი, ანუ გრძელი და შედარებით უსაფრთხო. 'გრძელი გზა გაიარე და შინ მშვიდობით მიდი'-ს პრინციპი ავირჩიე და ვარაზისხევისკენ წავედი.

10 ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ გზაზე ჩემსკენ მოძრავი მანქანა დავინახე. რომ ჩამიარა, დაამუხრუჭა და უკანა სვლით ისევ ჩემსკენ წამოვიდა. გამახსენდა, რომ ზუსტად ასეთი 'ნოლ-შესტი' ბიძაჩემს ყავდა და გამიხარდა. ვიფიქრე ეგ არის, სახლში წამიყვანს მეთქი, მაგრამ შევცდი. მანქანა ჩემ წინ რომ გაჩერდა, კარი გაიღო და იქიდან ახალგარდა ბიჭმა დამიძახა (ახალგაზრდა რა, ჩემზე უფროსი იქნებოდა ერთი 4-5 წლით. მე მაშინ 24-ს ვიყავი).

- გამარჯობა, ძამიკო, ერთი წამით თუ შეიძლება.
- დიახ
- მანქანაში დაჯექი რა ცოტა ხნით
- აქედანაც მშვენივრად მესმის, რა გნებავთ?
- დაჯე, კაცო, ნუ გეშინია

ამ სიტყვებმა ჩემ სიამაყეზე იმოქმედა, რისი უნდა მეშინოდეს მეთქი ირონიულად ვუპასუხე და დავჯექი (კარი მაინც ღია დავტოვე და მარჯვენა ფეხი - გადაყოფილი). ახალგაზრდა ბიჭმა (სახელი ახლა ნამდვილად აღარ მახსოვს) უკანა სკამზე მიმითითა, სადაც ვარდების დიდი თაიგული იდო და მითხრა, ფალიაშვილზე ერთი გოგო ცხოვრობს, ძალიან მიყვარს და მინდა ეს ყვავილები ავუტანო, მაგრამ ვერ ვბედავ და იქნებ შენ მიუტანო ჩემი სახელითო.

ნუ, ძალიან მომხიბლა ამ პერსპექტივამ მეთქი რომ გითხრათ, დამიჯერებთ? არა, ხომ? მართალია. ცოტა ჩამეცინა და ვუთხარი, მაგის თავი ეხლა ნამდვილად არა მაქვს სახლში მეჩქარება მეთქი. მანქანით მიგიყვან სახლამდეო, ოღონდ ეს საქმე გამიკეთეო, ამ შუაღამეზე შენნაირი კარგი ადამიანი სად ვიპოვოო... მოკლედ ჩართო და გადმოაფრქვია ყველაფერი რაც კი დიპლომატიის შესახებ გაეგებოდა და ბოლოს დამიყოლია. მარჯვენა ფეხი მანქანაში შევყავი, კარი დავკეტე და წავედით.

ფალიაშვილზე რომ მივედით, მანქანა გააჩერა და მითხრა - სადარბაზოს კარზე გვარი უნდა ეწეროს, აბა ნახეო. (გოგონას ნესტანი ერქვა, გვარს კი აქ შეგნებულად არ ვამბობ, კორექტულობიდან გამომდინარე. მიმხვედრი ისედაც მიხვდება ამ ისტორიის სახელწოდებას რომ წაიკითხავს). ვნახე - ეწერა. კაი მოდი, დაჯე უნდა დაგარიგოო.

ახლა მოკლედ გეტყვით ჩემი ამოცანა რაში მდგომარეობდა: უნდა ავსულიყავი, ზარი დამერეკა და ნესტანი მეკითხა. რომ გამოვიდოდა, თაიგული უნდა მიმეცა და მეთქვა მთავარი სიტყვები: 'ეს ყვავილები გადმოგცათ '7 ნესტანის' ავტორმა'.

ნუ ეს პროცესი ხომ გამამეორებინა რამდენჯერმე და რომ დარწმუნდა რომ ყველაფერი დავიმახსოვრე, მითხრა შენნაირი ნიჭიერი ადამიანი ჯერ არ შემხვედრიაო და გზა დამილოცა. სადარბაზოში რომ შევდიოდი, კიდევ ერთხელ დამიძახა, მოიცადეო. რა იყო მეთქი და მოდი რეპეტიცია გავიაროთო. მე სადარბაზოში შევალ, ვითომ ნესტანი ვარო, შენ კიდე დააკაკუნე და კარს რო გავაღებ ყვავილები მომეციო.

გავაკეთეთ. გვერდიდან იყო მაგარი შესახედავი: ვდგავარ ეს 24 წლის კრეტინი შუა ფალიაშვილზე ყვავილებით ხელში და სადარბაზოს კარზე ვაკაკუნებ. იქიდან მეორე კრეტინი მიღებს კარს, ამ ყვავილებს ღიმილით მართმევს და კარს ისევ კეტავს. მერე ისევ აღებს და აღფრთოვანებული მეუბნება რომ ჩემი თავი მას ღმერთმა გამოუგზავნა.

მოკლედ ავედი. კარი თავად ნესტანმა გააღო. დღეს რომ შემხვდეს, ვერ ვიცნობ, მაგრამ მახსოვს რომ შავგვრემანი და ლამაზი გოგო იყო. ყვავილები მივეცი, საკვანძო ფრაზა წარმოვთქვი და დავემშვიდობე.

რომ ჩამოვედი, ბიჭი მანქანაში იჯდა და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა. დავჯექი და ვუთხარი, ყვავილები რომ გამომართვა, გაიღიმა და გულში ჩაიკრა მეთქი. ამის გაგონებაზე მან სიხარულის რაღაც უცნაური ყიჟინა ამოუშვა და ისეთი სისწრაფით გაქანდა რომ მგონი 5 წუთში ბახტრიონზე ვიყავით.

მანქანიდან რომ გადმოვედი, ფანჯრიდან მომაძახა: 'შენ ქორწილში თამადა ვიქნები, ძმაო!'

'ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით', გავიფიქრე მე და სადარბაზოში შევედი.

Saturday, February 27, 2010

ავდგები ეხლა და ამ ჩემს ბლოგს ერთი პატარა რეკლამისთვისაც გამოვიყენებ.

მოკლედ ასეთი ამბებია: დღეს, 27 თებერვალს, ლესელიძის 9 ნომერში მდებარე ბარ 'ჩობას ბრადერს'-ში ძალიან კარგი საღამო იქნება.

1. უნგრული არაყის - 'პალინკა'-ს პრეზენტაცია (დიახ, დიახ უფასოა)
2. ცოცხალი მუსიკა (ქავერები 'აგორა ლაივ ბენდის' შესრულებით)
3. ძალიან გემრიელი კერძები

საღამო 9 საათიდან იწყება. არ გამოტოვოთ. დღეს შაბათია, ვგრიალებთ?!! :-)

Friday, February 26, 2010

კარლოს სანტანას ახალი ალბომი


მე მგონი ნამეტანი გადავიჭერი პოლიტიკაში. ცოტა ხნით ისევ მუსიკას დავუბრუნდები და ახალ ამბავს გეტყვით:

კარლოს სანტანა დუეტების სერიას აგრძელებს. ალბათ გახსოვთ მისი ალბომები ’Supernatural’ (2000) ’Shaman’(2002) და ’All that I am’(2005), რომლებიც ლეგენდარულმა მუსიკოსმა სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ჩაწერა. ჰოდა, მისი ახალი ალბომიც მსგავსი ხასიათის იქნება.

ამჯერად სანტანამ გადაწყვიტა როკ-მუსიკის ისტორია გაიხსენოს და უკვე კლასიკად ქცეული სიმღერები გადაამღეროს.

ახალ ალბომში შევა შემდეგი შედევრები: Sunshine of your love (Cream), While My Guitar Gently Weeps (The Beatles), Little Wing (Jimi Hendrix), Can't You Hear Me Knockin' (The Rolling Stones), Smoke On The Water (Deep Purple), 'Fortunate Son' (Creedence Clearwater Revival)...

კამპანიას კი ამ საქმეში სანტანას გაუწევენ რობ თომასი (Matchbox Twenty), სკოტ უაილენდი (Stone Temple Pilots), ჯო კოკერი და ასევე ცნობილი ვიოლონჩელისტი იო-იო მა.

ალბომის გამოსვლის თარიღი და სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია.

Thursday, February 25, 2010

სუდეტები

რაოდენ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ აქ უნდა ვთხაროთ სანგრები და გამოვიყენოთ აირწინაღები მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც შორეულ ქვეყანაში კონფლიქტი აქვს ხალხს, რომელთა შესახებ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცით.

ნევილ ჩემბერლენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1937-1940

თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს.

უინსტონ ჩერჩილი - ნევილ ჩემბერლენს.


1918 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა თავის ისტორიულ საზღვრებში - ბოჰემიისა და მორავიის მიწებზე. პრობლემა ახალგაზრდა სახელმწიფოს თავიდანვე შეექმნა: 14 მილიონიანი მოსახლეობიდან 3.5 მილიონი გერმანელი იყო და მათი უმრავლესობა ერთ რეგიონში - სუდეტების ოლქში ცხოვრობდა.

1938 წლისთვის დაძაბულობამ სუდეტებში პიკს მიაღწია. სუდეტელი გერმანელები, კერძოდ კი მათი ნაციონალ-სეპარტატისტული პარტიის ლიდერი კონრად ჰენლაინი, სისტემატიურად აცხადებდა იმის შესახებ თუ როგორ ავიწროვებდა და არღვევდა მათ უფლებებს ჩეხოსლოვაკიის მთავრობა. პარალელურად ჰენლაინი ბერლინში დადიოდა და ადოლფ ჰიტლერისგან მითითებებს იღებდა.

ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობამ მთელი რიგი ზომები მიიღო პრობლემის მოსაგვარებლად. სუდეტებს ადგილობრივი თვითმმართველობა მისცა, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ კრებაში მათი წარმომადგენლობა გაზარდა, გერმანულ ენაზე მათი სწავლა-განათლება უზრუნველყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 1938 წლის თებერვალში ჰიტლერი რაიხსტაგში გამოვიდა სიტყვით და განაცხადა რომ ყურადღება უნდა მიექცეს სუდეტელი ძმების გაუსაძლის მდგომარეობას.

1938 წლის მარტში ჰენლაინი ბერლინში ჩადის და მორიგ მითითებებს იღებს ჰიტლერისგან. უკვე აპრილში მისმა პარტიამ ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ახალი მოთხოვნები წაუყენა: პოლიტიკური ავტონომია და გერმანიასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების უფლება. პარალელურად მოხდა ვერმახტის ჯარის გადადგილება ჩეხოსლოვაკიის საზღვართან. ამან წარმოშვა პირველი 'სუდეტების კრიზისი'. ჩეხოსლოაკიამ რეგიონში ჯარი შეიყვანა და საზღვრები გაამაგრა. ჩეხოსლოვაკიას მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ და ძალის გამოყენების წინააღმდეგ გერმანიის მოკავშირე იტალიაც კი გამოვიდა. ჰიტლერისა და ჰენლაინის მცდელობა ამჯერად უშედეგოდ დასრულდა და ისინი მოლაპარაკებას დათანხმდნენ.

იმავე 1938 წლის სექტემბერში, მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ წარმოიშვა მეორე 'სუდეტების კრიზისი'. კონრად ჰენლაინის პარტიამ მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რის გამოც ჩეხოსლოვაკიამ სუდეტებში ჯარი შეიყვანა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰენლაინი გერმანიაში გაიქცა.

ამ დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნევილ ჩემბერლენი ჰიტლერს ატყობინებს, რომ მასთან შეხვედრა სურს. 15 სექტემბერს ის ბერლინში ჩადის და ფიურერს ხვდება. ჰიტლერი მას ეუბნება რომ მშვიდობა სურს, მაგრამ სუდეტელი გერმანელების გადასარჩენად ომისთვისაც მზადაა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რომ სუდეტები უბრძოლველად გადაეცეს გერმანიას. ჩემბერლენი ამ პირობას თანხმდება.

18 სექტემბერს ლონდონში გაიმართა ინგლისურ-ფრანგული კონსულტაციები და გადაწყდა, რომ ტერიტორია, რომელზეც მოსახლეობის 50%-ზე მეტი გერმანელია, გერმანიას უნდა გადაეცეს. 21 სექტემბერს ინგლისისა და საფრანგეთის ელჩები ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ატყობინებენ, რომ თუ ის ამ პირობას არ დათანხმდება, საფრანგეთი ჩეხოსლოვაკიასთან თავის ხელშეკრულებას არ შეასრულებს. ჩეხოსლოვაკია უარს ამბობს ამ წინადადებაზე.

22 სექტემბერს ჰიტლერი ულტიმატუმს აყენებს: ხელი არავინ შეუშალოს გერმანიას სუდეტების ოკუპაციაში. ჩეხეთი და საფრანგეთი მობილიზაციას აცხადებენ. 27 სექტემბერს ფიურერი კიდევ ერთხელ მიდის დათმობაზე და აცხადებს, რომ მას არ სურს ომი. 29 სექტემბერს მიუნხენში ერთმანეთს ხვდებიან ჰიტლერი, ჩებერლენი, მუსოლინი და საფრაგეთის პრეზიდენტი ედუარ დალადიე. სუდეტების გერმანიისთვის გადაცემის შეთანხმებას ხელი მოეწერა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს შეხვედრაზე ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებული ზეწოლის შემდეგ ჩეხოსლოვაკია იძულებული გახდა დაეთმო.

ამის შემდეგ სულ რაღაც წელიწადი გავიდა და ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჯარმა სუდეტები კვლავ დაიკავა და იქ მცხოვრები ყველა გერმანელის დეპორტაცია მოახდინა. სუდეტების ოლქის მთავარ ქალაქ რაიხენბერგს დღეს ლიბერეცი ჰქვია.

Wednesday, February 24, 2010

Simo Häyhä


ეს არის სიმო ჰეიჰე - ფინელი სნაიპერი, რომელმაც 1939-1940 წლების რუსეთ-ფინეთის ომში მარტომ დახოცა 700-მდე ოკუპანტი.

სიმო რუსეთისა და ფინეთის ახლანდელ საზღვართან ახლოს ცხოვრობდა, როდესაც წითელი არმია მის ქვეყანას დაესხა თავს. მან იარაღი აიღო ხელში, თეთრი კამუფლაჟი ჩაიცვა და 40-გრადუსიან ყინვაში ჩაუსაფრდა მტერს.

ის, რაც მან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გააკეთა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. საოცარი მიზანის მქონე სიმომ 700-მდე მტრის ჯარისკაცი მოკლა (აქედან 500 ოფიციალურად არის დადასტურებული). ამის გამო რუსებმა მას 'თეთრი სიკვდილი' შეარქვეს. ჰაიჰას ებრძოდნენ კოტრ-სნაიპერებით, არტილერიით და ავიაციითაც კი, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ.

1940 წლის მარტში სიმო ჰაიჰას ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბრმა ტყვია მოხვდა სახეში. დაჭრილი სნაიპერი მეგობრებმა გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. სიმოს გონება ზუსტად იმ დღეს დაუბრუნდა, როდესაც ომი დამთავრდა. ფინეთმა თავისი დამოუკიდებლობა არ დათმო. მიუხედავად უმძიმესი ჭრილობისა, სიმო სრულად გამოჯანმრთელდა და 2002 წლის აპრილში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

No Woman No Cry


ვინ არის ვინსენტ ფორდი?

ეს შეკითხვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებდა. ბობ მარლის ლეგენდარული სიმღერა 'ნუ სტირი, ქალო' ხომ იცით? (სახელწოდება სწორედ ასე ითარგმნება და არ დამიწყოთ ეხლა კამათი, ბოლოში გეტყვით ყველაფერს) ჰოდა ეს ვინსენტ ფორდი ამ სიმღერის ერთადერთ ავტორად იყო მოხსენიებული იმ CD-ს ყდაზე, რომელიც ჩემს ერთ-ერთ ძმაკაცს ჰქონდა, მაგრამ რეგგეის სამყაროში ასეთი მუსიკოსის არსებობის შესახებ ჩვენს გარშემო არავის არაფერი გაეგო.

ამ საიდუმლოს ფარდა მაშინ აეხადა, როდესაც საქართველოში ინტერნეტი შემოვიდა. დავძვრებოდი ერთხელ სხვადასხვა საიტებზე და ასეთ ისტორიას გადავაწყდი:

ტრენჩთაუნი, რომელიც მარლის ამ სიმღერაშია ნახსენები, იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის ერთ-ერთი გარეუბანი ყოფილა, სადაც განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობდა (შეიძლება ახლაც ცხოვრობს, არ ვიცი). ჰოდა ამ ტრენჩთაუნში ყოფილა ერთი უფასო სასადილო, რომელსაც სწორედ ეს ვინსენტ ფორდი განაგებდა. რა სახსრებით აკეთებდა ამას არ ვიცი, მაგრამ მდიდარი მეცენატი ნამდვილად არ იყო, თავადაც იმავე ტრენჩთაუნში ცხოვრობდა თურმე. როდესაც მარლი ცნობილი მუსიკოსი გახდა, გადაწყვიტა ამ სასადილოს რამენაირად დახმარებოდა: დაწერა სიმღერა და ავტორობა ვინსენტ ფორდს აჩუქა. თუ მე სიმღერების საავტორო უფლებების სისტემას კარგად ვიცნობ და რამე არ მეშლება, ფული ვინსენტ ფორდს დღემდე უნდა შესდიოდეს.

ეხლა რაც შეეხება სახელწოდებას. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული არასწორი თეორია, რომ ’No woman no cry’ ითარგმნება როგორც ’არ არის ქალი, არ არის ტირილი’. სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა. დაივიწყეთ ინგლისური გრამატიკა, იამაიკაზე სხვანაირი ინგლისურია. იქაურად კი ეს ფრაზა ითარგმნება ასე: ’ნუ სტირი, ქალო’.