Pages

Wednesday, April 14, 2010

ჩაშვების ინსტიტუტი

საბჭოთა კავშირის დროს იყო გავრცელებული ასეთი ამბავი: გერმანელებმა (თუ ამერიკელებმა) მხატვრული ფილმი 'ერიდე ავტომობილს' (берегись автомобиля) ნახეს და ვერაფრით გაიგეს რატომ იყო მანქანების გამტაცებელი დადებითი გმირი და მილიციონერი - უარყოფითიო. ეს ისტორია უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ამბავს, რადგან ელდარ რიაზანოვის ამ გენიალურ კომედიაში იური დეტოჩკინი ერთგვარი 'რობინ ჰუდია', თავისი რობინ ჰუდი კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს.

აი მეორე ისტორია კი, რომელსაც გავიხსენებ, უკვე ნამდვილად არ შეიცავს რომანტიულ ნოტებს. ამაზე ამბობენ, ნამდვილი ამბავიაო. ერთხელ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბინას ძარცვავდნენ, ვიღაცამ შენიშნა და მილიციაში გადარეკა. მძარცველმა ამის შესახებ შეიტყო და აივნიდან დააპირა გაქცევა, თუმცა მილიციამ თადარიგი დაიჭირა და რამდენიმე თანამშრომელი ეზოში დატოვა. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მძარცველი აივნიდან ძვრება და ხალხი ქვემოდან უყვირის: არ ჩამოხვიდე, 'ძაღლობა' დგასო. მძარცველმა მანევრირება დაიწყო, ერთი აივნიდან მეორეზე ძვრებოდა და ასე ცდილობდა დასხლტომოდა მილიციას, ეზოში მდგომი ხალხი კი მხურვალედ უჭერდა მხარს. როგორ დამთავრდა ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ ის ადამიანი, ვინც მილიციაში გადარეკა და ბინის ძარცვის შესახებ შეატყობინა, საყოველთაოდ იქნა დაგმობილი, როგორც ჩამშვები.

ეჭვგარეშეა: ეს ყველაფერი საბჭოთა გადმონაშთია, მაგრამ დღესაც მყარად არის გამჯდარი ქართველების ტვინში. ასეთი ვერსიაც მაქვს მოსმენილი, რომ საბჭოთა კავშირში ქურდული სამყარო უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე სახელმწიფო და ამის გამო იყო ხალხში რომ მეტ სიმპათიას იწვევდაო. ბევრი იტყვის, დღესაც იგივე სიტუაციააო და აუცილებლად გაიხსენებს 'გირგვლიანის საქმეს', 'რობაქიძის ამბავს', 'იმედის დარბევას' და ასე შემდეგ. ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ მყარი არგუმენტებია და კონტრარგუმენტის პოვნა გამიჭირდება. არც ვაპირებ მოძებნას, რადგან მთავრობის დაცვა არ არის ჩემი მიზანი. მოდით სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: მთავრობა - საზოგადოების ნაწილია. მთავრობა არის ზუსტად ისეთი, როგორიც საზოგადოებაა, რადგან მთავრობაში მყოფი ხალხიც ამ საზოგადოებაში იზრდება.

ამ რამდენიმე ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს ვუყურებდი. თუ არ ვცდები ატლეტიკი და ბარსელონა თამაშობდნენ. მატჩი ბილბაოში იყო. თამაშის დროს ტრიბუნიდან ვიღაცამ სანთებელა გადმოაგდო, რომელიც ბარსელონას მოთამაშეს მოხვდა თავში. თამაში შეჩერდა, პოლიციამ ძალიან მალე იპოვნა დამნაშავე და დააპატიმრა. მეორე დღეს ერთ-ერთ ესპანურ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, რომელმაც გამაოგნა. სურათზე გამოსახული იყო სან მამესის სტადიონის ტრიბუნის პატარა მონაკვეთი, ცენტრში იდგა მამაკაცი დარცხვენილი სახით, გარშემო მყოფები კი მისკენ თითს იშვერდნენ.

საზოგადოებამ დამნაშავეს ხელი არ დააფარა, რადგან იმ საზოგადოებაში ნამდვილი დემოკრატიაა, ანუ ხალხის მმართველობა. ხალხის ქცევა ზუსტად შეესაბამება მათ სურვილს ჰქონდეთ ნორმალური ქვეყანა. იქ არასოდეს მოხდება 'გირგვლიანის ამბავი', 'რობაქიძის ამბავი' და 'იმედის დარბევა', განა იმიტომ, რომ მთავრობას ხალხის შეეშინდება, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა - ხალხის ნაწილია. მათ სისხლში აქვთ გამჯდარი, რომ დამნაშავეს ხელი არ უნდა დააფარონ.

ახლა წარმოიდგინეთ თბილისის სტადიონზე მსგავსი ისტორია. წარმოიდგინეთ? ვერა ხომ? ვერც მე.

ერთი რამ ვიცი ნამდვილად: სანამ ასეთი რამ წარმოუდგენლად გვეჩვენება, მანამდე ამ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიაც წარმოუდგენელია.

1 comment:

  1. და სანამ ებრალიძესთან და პუტინთან დარბის ოპოზიცია შეხვედრებზე, თუ ობიექტურად ვმსჯელობთ, ესეც უნდა ვთქვათ აუცილებლად!

    ReplyDelete