Pages

Saturday, February 27, 2010

ავდგები ეხლა და ამ ჩემს ბლოგს ერთი პატარა რეკლამისთვისაც გამოვიყენებ.

მოკლედ ასეთი ამბებია: დღეს, 27 თებერვალს, ლესელიძის 9 ნომერში მდებარე ბარ 'ჩობას ბრადერს'-ში ძალიან კარგი საღამო იქნება.

1. უნგრული არაყის - 'პალინკა'-ს პრეზენტაცია (დიახ, დიახ უფასოა)
2. ცოცხალი მუსიკა (ქავერები 'აგორა ლაივ ბენდის' შესრულებით)
3. ძალიან გემრიელი კერძები

საღამო 9 საათიდან იწყება. არ გამოტოვოთ. დღეს შაბათია, ვგრიალებთ?!! :-)

Friday, February 26, 2010

კარლოს სანტანას ახალი ალბომი


მე მგონი ნამეტანი გადავიჭერი პოლიტიკაში. ცოტა ხნით ისევ მუსიკას დავუბრუნდები და ახალ ამბავს გეტყვით:

კარლოს სანტანა დუეტების სერიას აგრძელებს. ალბათ გახსოვთ მისი ალბომები ’Supernatural’ (2000) ’Shaman’(2002) და ’All that I am’(2005), რომლებიც ლეგენდარულმა მუსიკოსმა სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ჩაწერა. ჰოდა, მისი ახალი ალბომიც მსგავსი ხასიათის იქნება.

ამჯერად სანტანამ გადაწყვიტა როკ-მუსიკის ისტორია გაიხსენოს და უკვე კლასიკად ქცეული სიმღერები გადაამღეროს.

ახალ ალბომში შევა შემდეგი შედევრები: Sunshine of your love (Cream), While My Guitar Gently Weeps (The Beatles), Little Wing (Jimi Hendrix), Can't You Hear Me Knockin' (The Rolling Stones), Smoke On The Water (Deep Purple), 'Fortunate Son' (Creedence Clearwater Revival)...

კამპანიას კი ამ საქმეში სანტანას გაუწევენ რობ თომასი (Matchbox Twenty), სკოტ უაილენდი (Stone Temple Pilots), ჯო კოკერი და ასევე ცნობილი ვიოლონჩელისტი იო-იო მა.

ალბომის გამოსვლის თარიღი და სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია.

Thursday, February 25, 2010

სუდეტები

რაოდენ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ აქ უნდა ვთხაროთ სანგრები და გამოვიყენოთ აირწინაღები მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც შორეულ ქვეყანაში კონფლიქტი აქვს ხალხს, რომელთა შესახებ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცით.

ნევილ ჩემბერლენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1937-1940

თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს.

უინსტონ ჩერჩილი - ნევილ ჩემბერლენს.


1918 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა თავის ისტორიულ საზღვრებში - ბოჰემიისა და მორავიის მიწებზე. პრობლემა ახალგაზრდა სახელმწიფოს თავიდანვე შეექმნა: 14 მილიონიანი მოსახლეობიდან 3.5 მილიონი გერმანელი იყო და მათი უმრავლესობა ერთ რეგიონში - სუდეტების ოლქში ცხოვრობდა.

1938 წლისთვის დაძაბულობამ სუდეტებში პიკს მიაღწია. სუდეტელი გერმანელები, კერძოდ კი მათი ნაციონალ-სეპარტატისტული პარტიის ლიდერი კონრად ჰენლაინი, სისტემატიურად აცხადებდა იმის შესახებ თუ როგორ ავიწროვებდა და არღვევდა მათ უფლებებს ჩეხოსლოვაკიის მთავრობა. პარალელურად ჰენლაინი ბერლინში დადიოდა და ადოლფ ჰიტლერისგან მითითებებს იღებდა.

ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობამ მთელი რიგი ზომები მიიღო პრობლემის მოსაგვარებლად. სუდეტებს ადგილობრივი თვითმმართველობა მისცა, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ კრებაში მათი წარმომადგენლობა გაზარდა, გერმანულ ენაზე მათი სწავლა-განათლება უზრუნველყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 1938 წლის თებერვალში ჰიტლერი რაიხსტაგში გამოვიდა სიტყვით და განაცხადა რომ ყურადღება უნდა მიექცეს სუდეტელი ძმების გაუსაძლის მდგომარეობას.

1938 წლის მარტში ჰენლაინი ბერლინში ჩადის და მორიგ მითითებებს იღებს ჰიტლერისგან. უკვე აპრილში მისმა პარტიამ ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ახალი მოთხოვნები წაუყენა: პოლიტიკური ავტონომია და გერმანიასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების უფლება. პარალელურად მოხდა ვერმახტის ჯარის გადადგილება ჩეხოსლოვაკიის საზღვართან. ამან წარმოშვა პირველი 'სუდეტების კრიზისი'. ჩეხოსლოაკიამ რეგიონში ჯარი შეიყვანა და საზღვრები გაამაგრა. ჩეხოსლოვაკიას მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ და ძალის გამოყენების წინააღმდეგ გერმანიის მოკავშირე იტალიაც კი გამოვიდა. ჰიტლერისა და ჰენლაინის მცდელობა ამჯერად უშედეგოდ დასრულდა და ისინი მოლაპარაკებას დათანხმდნენ.

იმავე 1938 წლის სექტემბერში, მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ წარმოიშვა მეორე 'სუდეტების კრიზისი'. კონრად ჰენლაინის პარტიამ მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რის გამოც ჩეხოსლოვაკიამ სუდეტებში ჯარი შეიყვანა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰენლაინი გერმანიაში გაიქცა.

ამ დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნევილ ჩემბერლენი ჰიტლერს ატყობინებს, რომ მასთან შეხვედრა სურს. 15 სექტემბერს ის ბერლინში ჩადის და ფიურერს ხვდება. ჰიტლერი მას ეუბნება რომ მშვიდობა სურს, მაგრამ სუდეტელი გერმანელების გადასარჩენად ომისთვისაც მზადაა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რომ სუდეტები უბრძოლველად გადაეცეს გერმანიას. ჩემბერლენი ამ პირობას თანხმდება.

18 სექტემბერს ლონდონში გაიმართა ინგლისურ-ფრანგული კონსულტაციები და გადაწყდა, რომ ტერიტორია, რომელზეც მოსახლეობის 50%-ზე მეტი გერმანელია, გერმანიას უნდა გადაეცეს. 21 სექტემბერს ინგლისისა და საფრანგეთის ელჩები ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ატყობინებენ, რომ თუ ის ამ პირობას არ დათანხმდება, საფრანგეთი ჩეხოსლოვაკიასთან თავის ხელშეკრულებას არ შეასრულებს. ჩეხოსლოვაკია უარს ამბობს ამ წინადადებაზე.

22 სექტემბერს ჰიტლერი ულტიმატუმს აყენებს: ხელი არავინ შეუშალოს გერმანიას სუდეტების ოკუპაციაში. ჩეხეთი და საფრანგეთი მობილიზაციას აცხადებენ. 27 სექტემბერს ფიურერი კიდევ ერთხელ მიდის დათმობაზე და აცხადებს, რომ მას არ სურს ომი. 29 სექტემბერს მიუნხენში ერთმანეთს ხვდებიან ჰიტლერი, ჩებერლენი, მუსოლინი და საფრაგეთის პრეზიდენტი ედუარ დალადიე. სუდეტების გერმანიისთვის გადაცემის შეთანხმებას ხელი მოეწერა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს შეხვედრაზე ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებული ზეწოლის შემდეგ ჩეხოსლოვაკია იძულებული გახდა დაეთმო.

ამის შემდეგ სულ რაღაც წელიწადი გავიდა და ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჯარმა სუდეტები კვლავ დაიკავა და იქ მცხოვრები ყველა გერმანელის დეპორტაცია მოახდინა. სუდეტების ოლქის მთავარ ქალაქ რაიხენბერგს დღეს ლიბერეცი ჰქვია.

Wednesday, February 24, 2010

Simo Häyhä


ეს არის სიმო ჰეიჰე - ფინელი სნაიპერი, რომელმაც 1939-1940 წლების რუსეთ-ფინეთის ომში მარტომ დახოცა 700-მდე ოკუპანტი.

სიმო რუსეთისა და ფინეთის ახლანდელ საზღვართან ახლოს ცხოვრობდა, როდესაც წითელი არმია მის ქვეყანას დაესხა თავს. მან იარაღი აიღო ხელში, თეთრი კამუფლაჟი ჩაიცვა და 40-გრადუსიან ყინვაში ჩაუსაფრდა მტერს.

ის, რაც მან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გააკეთა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. საოცარი მიზანის მქონე სიმომ 700-მდე მტრის ჯარისკაცი მოკლა (აქედან 500 ოფიციალურად არის დადასტურებული). ამის გამო რუსებმა მას 'თეთრი სიკვდილი' შეარქვეს. ჰაიჰას ებრძოდნენ კოტრ-სნაიპერებით, არტილერიით და ავიაციითაც კი, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ.

1940 წლის მარტში სიმო ჰაიჰას ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბრმა ტყვია მოხვდა სახეში. დაჭრილი სნაიპერი მეგობრებმა გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. სიმოს გონება ზუსტად იმ დღეს დაუბრუნდა, როდესაც ომი დამთავრდა. ფინეთმა თავისი დამოუკიდებლობა არ დათმო. მიუხედავად უმძიმესი ჭრილობისა, სიმო სრულად გამოჯანმრთელდა და 2002 წლის აპრილში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

No Woman No Cry


ვინ არის ვინსენტ ფორდი?

ეს შეკითხვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებდა. ბობ მარლის ლეგენდარული სიმღერა 'ნუ სტირი, ქალო' ხომ იცით? (სახელწოდება სწორედ ასე ითარგმნება და არ დამიწყოთ ეხლა კამათი, ბოლოში გეტყვით ყველაფერს) ჰოდა ეს ვინსენტ ფორდი ამ სიმღერის ერთადერთ ავტორად იყო მოხსენიებული იმ CD-ს ყდაზე, რომელიც ჩემს ერთ-ერთ ძმაკაცს ჰქონდა, მაგრამ რეგგეის სამყაროში ასეთი მუსიკოსის არსებობის შესახებ ჩვენს გარშემო არავის არაფერი გაეგო.

ამ საიდუმლოს ფარდა მაშინ აეხადა, როდესაც საქართველოში ინტერნეტი შემოვიდა. დავძვრებოდი ერთხელ სხვადასხვა საიტებზე და ასეთ ისტორიას გადავაწყდი:

ტრენჩთაუნი, რომელიც მარლის ამ სიმღერაშია ნახსენები, იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის ერთ-ერთი გარეუბანი ყოფილა, სადაც განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობდა (შეიძლება ახლაც ცხოვრობს, არ ვიცი). ჰოდა ამ ტრენჩთაუნში ყოფილა ერთი უფასო სასადილო, რომელსაც სწორედ ეს ვინსენტ ფორდი განაგებდა. რა სახსრებით აკეთებდა ამას არ ვიცი, მაგრამ მდიდარი მეცენატი ნამდვილად არ იყო, თავადაც იმავე ტრენჩთაუნში ცხოვრობდა თურმე. როდესაც მარლი ცნობილი მუსიკოსი გახდა, გადაწყვიტა ამ სასადილოს რამენაირად დახმარებოდა: დაწერა სიმღერა და ავტორობა ვინსენტ ფორდს აჩუქა. თუ მე სიმღერების საავტორო უფლებების სისტემას კარგად ვიცნობ და რამე არ მეშლება, ფული ვინსენტ ფორდს დღემდე უნდა შესდიოდეს.

ეხლა რაც შეეხება სახელწოდებას. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული არასწორი თეორია, რომ ’No woman no cry’ ითარგმნება როგორც ’არ არის ქალი, არ არის ტირილი’. სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა. დაივიწყეთ ინგლისური გრამატიკა, იამაიკაზე სხვანაირი ინგლისურია. იქაურად კი ეს ფრაზა ითარგმნება ასე: ’ნუ სტირი, ქალო’.

Tuesday, February 23, 2010

რომანსი, პარაზიტოლოგი და სინდიოფალა

ნინო არაზაშვილის კივილმა მთელი სტუდია 'ქართული ჩანაწერები' ფეხზე დააყენა.

'ციყვი!!! ციყვი!!!', შემზარავად კიოდა ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი, რამაც სტუდიის თანამშრომლები ცოტა არ იყოს შეგვაშინა და თან შეგვაფიქრიანა. ეს კეთილშობილი მღრღნელი, მოგეხსენებათ, ადამიანებში უფრო სიმპათიას იწვევს, ვიდრე შიშს, ამიტომ ნინოს ყვირილის ლოგიკას ვერანაირად ვერ ჩავწვდით.

მესმის 'გველი!!! გველი!!!' ეყვირა, ან 'ვირთხა!!! ვირთხა!!!', კიდე გავიგებდით. ნუ, ჯანდაბას, 'ჭია!!! ჭია!!!' ყოფილიყო, ვიფიქრებით გოგოა, ნაზია, აზიზი და ჭიების ეშინია თქო, მაგრამ 'ციყვი!!! ციყვი!!!', კაცო???

გაფითრებული ნინო თითს იმ სტუდიისკენ იშვერდა, სადაც სულ რამდენიმე წამის წინ თავად იდგა და 'ატვარი პატიხონკუ კალიტკუ'-ს მღეროდა. ბუნებრივია შევედით, დავათვალიერეთ, მაგრამ ვერანაირი ციყვი იქ ვერ აღმოვაჩინეთ და ნინოს ვურჩიეთ სახლში წასულიყო და დაესვენა.

მეორე დღეს 'ციყვი' იმავე სტუდიაში ვახო ბაბუნაშვილმა დაინახა და მხოლოდ მისთვის ჩვეული კომპეტენტურობით მოგვახსენა, ციყვი კი არა სინდიოფალააო (Mustela nivalis). მერე მგონი გიორგი ასანიშვილმაც დაინახა და თქვა, სინდიოფალა არ ვიცი, მაგრამ ციყვი ნამდვილად არ არისო. მოკლედ ვახოს დავუჯერეთ და დავასკვენით, რომ სინდიოფალაა. მერე ბასა ჯანიკაშვილი მოვიდა და მხოლოდ მისთვის ჩვეული რაღაცნაირი ტონით გვიბრძანა, ვინმე სადმე წადით და ჰკითხეთ როგორ მოვიქცეთო. სად სადმე-მეთქი ვკითხე და გაბრაზდა, არ ვიცი, ყველაფერზე მე ხომ არ ვიფიქრებო.

ვინ ახსენა პირველად პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი ახლა არ მახსოვს, მაგრამ მეორე დღეს მე და ჩვენი მდივანი ეკა ოსიშვილი სწორედ იქ წავედით. შენობაში რომ შევედით (პლეხანოვზე იყო) პირველივე კაბინეტის კარი შევაღეთ და იქ მჯდომ თეთრხალათიან ქალბატონს დახმარება ვთხოვეთ.

- გამარჯობა
- მობრძანდით
- უკაცრავად, სტუდიაში სინდიოფალა შემოგვეჩვია და რა მოვუხერხოთ არ ვიცით
- სინდიოფალა? ოოოოოო... საინტერესოა. იცით, მისი გაბრაზება არაფრით არ შეიძლება
- რატომ?
- დაწყევლა იცის
- დაწყევლა?
- დიახ
- გასაგებია და, ხომ ვერ გვასწავლით როგორ გავაგდოთ ისე, რომ არ გაბრაზდეს
- გეტყვით აუცილებლად. შეწვით ერბოკვერცხი, პირჯვარი გადაწერეთ და იმ ოთახში დადეთ, სადაც სინდიოფალაა.
- შეჭამს და წავა?
- შეიძლება არ შეჭამოს, მაგრამ წავა.

სტუდიაში მობრუნებულებმა ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ერბოკვერცხის ვარიანტი მაინც ვცადეთ. არ გამოვიდა. უფრო სწორად, უარესი გამოვიდა: ჩვენმა სინდიოფალამ შვილები დაყარა.

ახლა უკვე სასწრაფო და კონკრეტული მოქმედება იყო საჭირო და სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ ჩემ სადარბაზოში ცნობილი ზოოლოგი არნოლდ გეგეჩკორი ცხოვრობდა (ახლაც ცხოვრობს). მოკლედ ერთი ბარტყი პატარა ყუთში ჩავსვი და ბატონი არნოლდის რჩევით ვაკეში, ზოოლოგიის ინსტიტუტში წავიყვანე. იქ მითხრეს, უი, ეს ძილგუდააო (Glis glis chechenicus), ბარტყი დაიტოვეს და საწამლავი გამომატანეს.

სტუდია 'ქართული ჩანაწერები' ერთი თვის განმავლობაში ყარდა...

The next post coming soon...

Mapatiet latinuri asoebit ro vtser. sxvis komptan vzivar. gushindeli sashineli qaris gamo interneti gametisha da amitom patara sheferxeba maqvs. Sul male mogatsvdit axal saintereso ambebs.

Bodishs gixdit mokenebuli diskomfortisatvis.

Pativiscemit Ramzes II Didi
;-)

Sunday, February 21, 2010

Lee Morgan


მცოდნე ხალხი ამბობს, რომ დასცლოდა მაილს დევისის დონის იქნებოდაო.

ლი მორგანი 33 წლის ასაკში გამოასალმეს სიცოცხლეს, თან ვინ... მისმა საკუთარმა ცოლმა.

ახლა ამბობენ შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერიო, მაგრამ მე მაინც არ მჯერა... ჰელენ მორი ეგოისტი აღმოჩნდა. ეს არ არის სიყვარული და ჩემში მთელი ეს ისტორია არანაირ რომანტიულ გრძნობებს არ აღძრავს.

გაგიჟდა მერეო, ამასაც ამბობენ... რა ვიცი...

ამას წინათ წავიკითხე ჟურნალ ’დაუნბითში’ საკმაოდ დიდი სტატია. ჰელენ მორი თურმე მორგანისთვის მხოლოდ ცოლი არ ყოფილა (ოფიციალურად არც იყვნენ თურმე დაქორწინებულები. სამოქალაქო ქორწინებას რომ ეძახიან, აი ეგრე იყვნენ რა). მოკლედ ჰელენი უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ცოლიო, გიჟდებოდა მორგანზე და სულ კუდში დასდევდაო, მისი მენეჯერიც იყოო. თან კაი მაგრად უფროსი ყოფილა, 10 წლით თუ რაღაც.

ჰოდა, ერთ მვენიერ დღეს ახალგაზრდა მუსიკოსს ასევე ახალგაზრდა გოგონა მოწონებია. ისე მოწონებია, რომ გადაუწყვიტავს ჰელენს დავშორდებიო. არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მიახალა თურმე სხვა მიყვარს და აღარ მჭირდებიო. თავიდან ჰელენმა მშვიდად გადაიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ მერე და მერე აუკრეფია.

ერთხელაც მისულა ნასვამი კლუბში, სადაც ლი მორგანს უნდა დაეკრა და ის გოგო რო დაუნახავს იქ, სკანდალი აუტეხავს. (მეორე ვერსიით მორგანმა თვითონ დაურეკა ჰელენს, ნარკოტიკების ბარიგასთან რაღაც პრობლემები მაქ, მოდი კლუბში და ჩემი იარაღი მომიტანეო). მოკლედ ამ სკანდალის გამო, მორგანს ჰელენი კლუბიდან გაუგდია, მაგრამ ერთ საათში ის ისევ მიბრუნებულა და ამ დავა-კამათში უცბად იარაღიც გავარდნილა. თურმე ჰელენს უთქვამს მოგკლავო, ამას უპასუხია მიდი და თუ გაბედავ მესროლეო. იმასაც უსვრია.

ნიუ იორკში იმ დღეს მაგარი თოვლი და ყინვა ყოფილა და სასწრაფო დახმარებასაც დაუგვიანია. რომც არ დაეგვიანა, ვერაფერს გახდებოდა. ტყვიას პირდაპირ გულში გაუვლია.

P.S. ამ კომპოზიციას ქვია 'მე მახსოვს კლიფორდი'. კლიფორდ ბრაუნზეა საუბარი. ისიც მესაყვირე იყო და კიდევ უფრო ახალგაზრდა წავიდა - 25 წლის. მოგიყვებით მერე.


უბრალოდ ასეთ ხასიათზე ვარ, მაპატიეთ :-):

Keith Jarrett - Danny Boy

Oh Danny boy, the pipes, the pipes are calling
from glen to glen, and down the mountain side
The summer's gone, and all the roses falling
'Tis you, 'tis you must go and I must bide.
But come ye back when summer's in the meadow
Or when the valley's hushed and white with snow
'Tis I'll be here in sunshine or in shadow
Oh Danny boy, oh Danny boy, I love you so.

But when ye come, and all the flowers are dying
If I am dead, as dead I well may be
You'll come and find the place where I am lying
And kneel and say an "Ave" there for me.
And I shall hear, tho' soft you tread above me
And all my grave will warmer, sweeter be
For ye shall bend and tell me that you love me
And I shall sleep in peace until you come to me.

Saturday, February 20, 2010

For Sale: Abbey Road Studio


კომპანია 'ი-ემ-აი' (EMI) ფინანსური კრიზისის გამო ლეგენდარული სტუდია 'ები როუდის' (Abbey Road) შენობის გაყიდვას გეგმავს, რაც ბრიტანული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ინგლისის ისტორიული ძეგლების დაცვის ეროვნული ფონდი 'ნეიშენალ თრასტ' (National Trust) მზადაა წამოიწყოს სტუდიის გამოსყიდვის კამპანია. ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო და თავისი ხმის დამატება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 'ფეისბუკის' (Facebook) ან 'თვიტერის' (Twitter) საშუალებით.

ამასობაში სტუდიის შესყიდვის სურვილი უკვე გამოთქვა ცნობილმა კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ ვებერმა. მისი თქმით 'ბრიტანეთის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ები როუდის გადარჩენას'. თავისი სიტყვა თქვა სერ პოლ მაკარტნიმაც. ექს ბიტლს იმედი აქვს, რომ სტუდია, რომელშიც ის და მისი მეგობრები სიმღერებს წერდნენ, ისტორიას დარჩება.

Paul McCartney - Give Ireland Back To The Irish


'დაუბრუნეთ ირლანდია ირლანდიელებს' - პოლ მაკარტნის ყველაზე პოლიტიკური სიმღერაა. ის დაიწერა 1972 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი ცნობილი მოვლენის შემდეგ. ეს მოვლენა ცნობილია როგორც 'სისხლიანი კვირადღე' - ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ ორგანიზებული გამოსვლა დიდი ბრიტანეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია 1972 წლის 30 იანვარს დატრიალდა, სიმღერა კი იმავე წლის 25 მარტს გამოვიდა.

კომპანია ’EMI’-ს უფროსი სერ ჯოსეფ ლოკვუდი ჩანაწერის სინგლის სახით გამოცემას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაკარტნიმ არ დათმო. როგორც ამბობენ, ლოკვუდმა მუსიკოსს უთხრა: 'კარგი, როგორც გსურს, ოღონდ იცოდე, აკრძალავენ'.

ასეც მოხდა.

სიმღერის ტრანსლირება გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა. მიუხედავად ამისა, სინგლი მაინც მოხვდა ჰიტ აღლუმში და ერთ-ერთი რადიოწამყვანი იძულებული იყო ის გამოეცხადებინა. თუმცა მან სიმღერის სახელი არ ახსენა და მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი იყო ’ჯგუფ უინგზის ჩანაწერზე’.

'დაუბრუნეთ ირლანდია ირლანდიელებს' პოპულარული გახდა ასევე ესპანეთში, სადაც ის ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა.

ფერუჩო ლამბორგინი 1916-1993


ფერუჩო ლამბორგინი 1916 წლის 28 აპრილს იტალიის ქალაქ ბოლონიის მახლობლად დაიბადა. სკოლის შემდეგ ინდუსტრიულ კოლეჯში ჩააბარა, სადაც მანქანათმშენებლობას სწავლობდა. ეს სასწავლებელი მან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაამთავრა და შემდეგი რამდენიმე წელი იტალიის საჰაერო ძალებში ინჟინრად მუშაობდა. ომის შემდეგ ფერუჩო მშობლების ფერმაში დაბრუნდა და პირველი ტრაქტორი ააწყო. მასალად ახალგაზრდა ლამბორგინი ომის შემდეგ ჯართად ქცეულ საბრძოლო მანქანების ნაწილებს იყენებდა. 1950-იან წლებში მისი კომპანია უკვე იტალიაში ტრაქტორების წამყვან წარმოებად იქცა.

მაგრამ ფერუჩო ავტომობილებზე ოცნებობდა.

1963 წელს მან მიწა იყიდა, ააშენა ულტრათანამედროვე ქარხანა და დაიქირავა ფირმა ‘ალფა რომეოს’ გამოჩენილი დიზაინერი ჯოტი ბიძარინი. ერთად მათ გადაწყვიტეს უნიკალური მანქანა შეექმნათ. 1964 წელს გამოვიდა პირველი სპორტული ‘ლამბორგინი’ 300 GT.

ფერუჩო ლამბორგინი 1993 წლის 20 თებერვალს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Friday, February 19, 2010

akhuel@bp.com

Уважаемый IT отдел,

Вчера вы мне, как новому сотруднику компании BP, выделили имейл следующего содержания: akhuel@bp.com
Это какая-то шутка? Если так, то я не нахожу ее смешной. Вы представляете себе, как представители прессы, или государственные органы получают письмо от ведущего специалиста по связям с общественностью, где черным по белому написано что его отправитель akhuel. Поставьте себя на место получателя. Я бы на его месте akhuel сам. Каково будет отношение к нашей компании? Насколько вероятным будет решение государственных органов в нашу пользу?
Пожалуйста, разберитесь в чем дело и примите меры немедленно. Я надеюсь, что это ошибка какого-либо младшего специалиста. Мне совсем не хочется верить, что весь IT отдел компании akhuel, как меня пытаются заверить некоторые мои коллеги.

Best Regards,
Akhundov Eldar

ფონოგრაფი
























1878 წლის 19 თებერვალს ამერიკელმა თომას ალვა ედისონმა თავისი პირველი ფონოგრაფი დააპატენტა. ედისონის მიერ შექმნილი მოწყობილობა ნემსით იყო აღჭურვილი და ჩანაწერებს თუნუქის ცილინდრიდან კითხულობდა. პირველი სიმღერა, რომელიც ფონოგრაფზე იქნა ჩაწერილი, იყო 'Mary Had A Little Lamb'.

საინტერესოა, რომ ეს არ იყო ისტორიაში პირველი ხმის ჩამწერი მოწყობილობა. 1857 წლის 25 მარტს ფრანგმა ედუარ-ლეონ სკოტ დე მარტინვილმა შექმნა და დააპატენტა ე.წ. ფონოაუტოგრაფი, თუმცა ამ მოწყობილობას მხოლოდ ვიზუალურად შეეძლო ხმოვანი რხევების გადმოცემა.

ფოტოებზე: მარცხნივ - ფონოაუტოგრაფი, მარჯვნივ თომას ალვა ედისონი თავისი ფონოგრაფით

ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი


1885 წლის 18 თებერვალს მარკ ტვენმა გამოსცა თავისი ცნობილი რომანი ‘ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი’.

წიგნის მთავარი გმირები არიან თავად ჰაკლბერი ფინი და მისი მეგობარი ჯიმი, რომელიც მონობიდან გაიქცა და ახლა ჰაკლბერისთან ერთად ტივით მიცურავს მდინარე მისისიპიზე, რათა ოჰაიოს შტატამდე მიაღწიოს და მონობიდან საბოლოოდ განთავისუფლდეს. წიგნში სატირიკულად არის წარმოჩენილი მონობა და რელიგია. ჯიმი გამოყვანილია ძლიერ, მამაც, კეთილ და ბრძენ ადამიანად, ხოლო თეთრკანიანი პერსონაჟების უმეტესობა უხეშები, სულელები და ეგოისტები არიან.

1885 წელს ამერიკის სამოქალაქო ომი უკვე 20 წლის დამთავრებული იყო და ამდენივე იყო გასული მონობის გაუქმებიდან, მაგრამ წიგნმა მაინც არაერთგვაროვანი აზრი გააჩინა ამერიკის საზოგადოებაში. რომანის გამოსვლიდან ერთ თვეში ის აკრძალა მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთმა ბიბლიოთეკამ. მას მალე სხვებმაც მიბაძეს, რითიც სათავე დაუდეს პოლემიკას, რომელიც 1910 წელს მარკ ტვენის სიკვდილის შემდეგაც კი გაგრძელდა.

1950-იან წლებში ‘ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი’ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ამერიკის შავკანიანმა საზოგადოებამ, რომლის აზრით რომანი რასისტული იყო. სულ ახლახანს კი, 1998 წელს, არიზონას შტატის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თავისი შვილის სკოლას უჩივლა და განაცხადა, რომ ამ რომანის სკოლაში სწავლება ისედაც არსებულ რასისტულ ტენდენციებს კიდევ უფრო აღვივებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ‘ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი’ საყოველთაოდ ითვლება მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად. ერნესტ ჰემინგუეიმ თავის დროზე განაცხადა, რომ ეს წიგნი ამერიკის ლიტერატურის დასაწყისია: ‘მანამდე არაფერი იყო. მას შემდეგ ასეთი კარგი არაფერი ყოფილა’.

აარონ ბერი Aaron Burr


აარონ ბერი - ამერიკის შეერთებული შტატების მესამე ვიცე პრეზიდენტი იყო, რომელიც 1807 წლის 19 თებერვალს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

ამ პოლიტიკოსის სკანდალური ისტორია 1800 წლის ნოემბერში დაიწყო. აარონ ბერი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მან და მისმა მოწინააღმდეგემ თომას ჯეფერსონმა ერთნაირი რაოდენობის ხმები დააგროვეს, გადამწყვეტი როლი კი აქ ფედერალისტმა ალექსანდერ ჰემილტონმა ითამაშა, რომელმაც ჯეფერსონს მისცა ხმა. შედეგად ეს უკანასკნელი პრეზიდენტი გახდა, აარონ ბერი კი - ვიცე პრეზიდენტი. როგორც ამბობენ ბერმა ჰემილტონზე სწორედ მაშინ ჩაიდო ბოღმა გულში. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰემილტონთან, რომელშიც ის აარონ ბერს სახიფათო ადამიანს უწოდებდა.

ბერმა ჰემილტონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, ჰემილტონმა უარი თქვა და ბერმა ის დუელში გაიწვია. 1804 წლის 11 ივლისს ბერი და ჰემილტონი ერთმანეთის პირისპირ ნიუ ჯერსის შტატის ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას წარსდგნენ. გადმოცემის მიხედვით ჰემილტონმა, რომელსაც ამ მომენტიდან 3 წლით ადრე შვილი მოუკლეს დუელში, შეგნებულად გაისროლა ჰაერში, აარონ ბერმა კი თავის ვიზავის სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ალექსანდერ ჰემილტონი მეორე დღეს, ნიუ იორკში გარდაიცვალა.

ამ დუელმა აარონ ბერის პოლიტიკური კარიერა დაასამარა. ვიცე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბერი ახალ ორლეანში გაემგზავრა და იქ ვინმე გენერალ უილკინსონს შეხვდა. მათი შეთქმულების ზუსტი შინაარსი უცნობია, მაგრამ გავრცელებული ხმების მიხედვით ბერს გადაწყვეტილი ჰქონდა ამერიკის სამხრეთში დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა და ამისთვის ესპანელებისთვის ტერიტორიის წართმევა. 1806 წელს გენერალი უილკინსონი საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით აარონ ბერს განუდგა და ის ვაშინგტონში დაასმინა. ბერი 1807 წელს დააკავეს, თუმცა სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ის გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრი ბერის შესახებ უკვე შექმნილი იყო - ხალხში მას მოღალატეს უწოდებდნენ.

აარონ ბერმა რამდენიმე წელი ევროპაში გაატარა, მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.

Thursday, February 18, 2010

Mama Cass Elliot


ელენ ნაომი კოენი, იგივე მამა ქეს ელიოტი 1960-იან წლებში მღეროდა სუპერპოპულარულ ჯგუფში სახელად ’The Mamas and the Papas’, რომლის დაშლის შემდეგ საკმაოდ წარმატებული სოლო კარიერა გაიკეთა. 1974 წლის 29 ივლისს მამა ქესი მისივე სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი - გულის შეტევაა, თუმცა გავრცელებული ჭორების მიხედვით მომღერალს სენდვიჩის ნაჭერი გაეჩხირა ყელში. ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოლიციამ განაცხადა, რომ ოთახში ნახევრად შეჭმული სენდვიჩი იქნა ნაპოვნი. აუტოფსიის შედეგად საყლაპავ მილში ექიმებმა ვერაფერი აღმოაჩინეს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ მომღერლის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. მიუხედავად ამისა, სენდვიჩის ისტორია დღემდე რჩება პოპ-კულტურის ნაწილად.

U2 ახალი ალბომი ივნისში


ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის ვოკალისტმა ბონომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ალბომი სახელწოდებით ’Songs of Ascent’ შესაძლოა უკვე ამა წლის ივნისში გამოვიდეს. ყველა სიმღერა, რომელიც ამ ალბომში შევა, დაწერილია წინა ალბომზე (No Line of the Horizon) მუშაობისას. ცნობილია ასევე ახალ ალბომში შესული ზოგიერთი სიმღერის სახელწოდებაც: 'Every Breaking Wave', 'If I Could Live My Life Again', 'Love Is All We Have Left', 'Mercy', 'Kingdom Of Your Love', 'Winter'. ამჟამად პროდიუსერები ბრაიან ინო და დენიელ ლანუა ახალ ნამუშევარს კოსმეტიკურ სამუშაოებს უტარებენ.

აქვე პირადად ჩემგან გაწვდით არც თუ სასიამოვნო ინფორმაციას. ამას წინათ გავრცელებული ხმა, რომ U2 საქართველოში ჩამოვიდოდა, არ დასტურდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უნდოდათ, მაგრამ ძვირი ჯდება: ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით - 8 ლიმონი, ამიტომ თავს იკავებენ.

ნიკოლო პაგანინი


228 წლის წინ, 1782 წლის 18 თებერვალს ნიკოლო პაგანინი დაიბადა. მის სიცოცხლეშივე გავრცელდა ჭორი, რომ ვიოლინოზე დაკვრის ასეთი საოცარი ოსტატობის სანაცვლოდ მან ეშმაკს სული მიჰყიდა...

ზოგიერთი ადამიანი ძალიან ნიჭიერი იბადება და ისეთ დონეს შეუძლია მიაღწიოს, როგორსაც სხვები ვერაფრით აღწევენ. ამიტომ, სწორედ ის სხვა ადამიანები ზებუნებრივ ახსნას ეძებენ და მსგავს ლეგენდებს ქმნიან.

ოქრო რომ ქვასავით ეყაროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ძვირფასი არ იქნებოდა. პაგანინის მსგავსი ადამიანებიც ოქროსავით არიან: მათი ფასი, მათსავე იშვიათობაშია.

Wednesday, February 17, 2010

ნოდარ ქუმარიტაშვილი 1988-2010


ძალიან ბევრი დაიწერა უკვე ამ ტრაგედიაზე და ამიტომ არაფერს აღარ ვიტყვი. უბრალოდ რამდენიმე ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მოვისმინეთ და წავიკითხეთ სხვადასხვა ეროვნების ჩვეულებრივი ადამიანებისგან, პირწიგნაკში (Facebook ანუ) შეიქმნა ნოდარის გვერდი, რომელშიც დღეისთვის უკვე 18 000 ადამიანია გაწევრიანებული, ეს ვიდეო კი გააკეთა კანადელმა გოგონამ სახელად ქეილა რაით (Kayla Wright).

გამარჯობათ

ამბობენ ’გამარჯობათ’ სწორი არ არისო, მაგრამ მე ასე მომწონს. საკითხი ამოიწურა. გავიარეთ. მე მქვია რამაზი, მაგრამ ხშირად რამზესს მეძახიან, იშვიათად - რამზეს დიდს, ამიტომ გადავწყვიტე ჩემ ბლოგს ასე დავარქვა. აზრზე არა ვარ რა უნდა ვწერო აქ, მაგრამ თანდათან იმედია გავერკვევი. ჯერ-ჯერობით ეს არის. დანარჩენი სხვა დროს იყოს.