Pages

Tuesday, April 20, 2010


ამას წინათ ასეთი მოსაზრება გავიგე, რომ სტალინის ძეგლი ტურისტების მოსაზიდი კარგი საშუალებაა და რომ უცხოელები, რომლებიც აქ ჩამოდიან, წამსვე 'დიდი ბელადის' ძეგლით ინტერესდებიან.

თავი დავანებოთ იმას, რომ მე ძალიან ბევრი უცხოელი შემხვედრია საქართველოში და ძალიან ბევრი პირადად ჩემთანაც ჩამოსულა სტუმრად, მაგრამ არც ერთს არ გახსენებია სტალინი. აქ სხვა რამე მინდა ვთქვა. დავუშვათ მართლა ინტერესდებიან. რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა აზრი უჩნდებათ ტურისტებს ამ ძეგლის ნახვის შემდეგ? მე, მაგალითად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კარგს არაფერს ფიქრობენ ჩვენზე. აბა რა უნდა იფიქრო ხალხზე, რომელსაც სერიული მკვლელის ძეგლი უდგას, კბილებით იცვას მას და თან დითირამბებს უმღერის? რას იფიქრებდით თქვენ ინგლისელებზე, 'ჯეკი მფატრავის' ძეგლი რომ დაედგათ სადმე კემბრიჯში ან კენტერბერიში, სახლ მუზეუმიც გაეხსნათ და იქაურ მაცხოვრებლებს მერე აღფრთოვანებული სახეებით მოეყოლათ თქვენთვის, რომ ჯეკი კარგი კაცი იყო, რომელიც ლექსებს წერდა და კაცობრიობა მადლიერი უნდა იყოს მისი, რომ მან ვიღაც სხვა სერიული მკვლელი დაამარცხა.

რას ფიქრობთ თქვენ, როდესაც მოსკოვში მდებარე ლენინის მავზოლეუმი გახსენდებათ?

ერთხელ გია გაჩეჩილაძეს ვუთხარი, სანამ სტალინის ძეგლს არ მოვაშორებთ, არაფერი გვეშველება მეთქი და გაბრაზდა. რას ერჩი სტალინის ძეგლს, იდგას, ვის რას უშლის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელიო.

მე არ ვთვლი, რომ საქართველოს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდეს მოსაგვარებელი, ვიდრე სტალინის ძეგლის აღებაა. გეტყვით რატომაც, ძალიან მარტივია:

ერს, რომელიც სტალინის ძეგლს იცავს და სტალინს აღმერთებს, არა აქვს უფლება რომ თავის ქვეყანაში დემოკრატია მოითხოვოს. ერი რომელიც აღმერთებს ადამიანს, რომელმაც სხვა ერები დაიპყრო, არა აქვს უფლება რომ თავისი ქვეყნის თავისუფლება მოითხოვოს.

და აქ მარტო უფლებაზე არ არის საუბარი. მოითხოვოს რამდენიც უნდა, არ ეღირსება.

ასეთი ერი არასოდეს იქნება თავისუფალი და მას არასოდეს ექნება დემოკრატიული ქვეყანა.

Wednesday, April 14, 2010

ჩაშვების ინსტიტუტი

საბჭოთა კავშირის დროს იყო გავრცელებული ასეთი ამბავი: გერმანელებმა (თუ ამერიკელებმა) მხატვრული ფილმი 'ერიდე ავტომობილს' (берегись автомобиля) ნახეს და ვერაფრით გაიგეს რატომ იყო მანქანების გამტაცებელი დადებითი გმირი და მილიციონერი - უარყოფითიო. ეს ისტორია უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ამბავს, რადგან ელდარ რიაზანოვის ამ გენიალურ კომედიაში იური დეტოჩკინი ერთგვარი 'რობინ ჰუდია', თავისი რობინ ჰუდი კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს.

აი მეორე ისტორია კი, რომელსაც გავიხსენებ, უკვე ნამდვილად არ შეიცავს რომანტიულ ნოტებს. ამაზე ამბობენ, ნამდვილი ამბავიაო. ერთხელ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბინას ძარცვავდნენ, ვიღაცამ შენიშნა და მილიციაში გადარეკა. მძარცველმა ამის შესახებ შეიტყო და აივნიდან დააპირა გაქცევა, თუმცა მილიციამ თადარიგი დაიჭირა და რამდენიმე თანამშრომელი ეზოში დატოვა. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მძარცველი აივნიდან ძვრება და ხალხი ქვემოდან უყვირის: არ ჩამოხვიდე, 'ძაღლობა' დგასო. მძარცველმა მანევრირება დაიწყო, ერთი აივნიდან მეორეზე ძვრებოდა და ასე ცდილობდა დასხლტომოდა მილიციას, ეზოში მდგომი ხალხი კი მხურვალედ უჭერდა მხარს. როგორ დამთავრდა ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ ის ადამიანი, ვინც მილიციაში გადარეკა და ბინის ძარცვის შესახებ შეატყობინა, საყოველთაოდ იქნა დაგმობილი, როგორც ჩამშვები.

ეჭვგარეშეა: ეს ყველაფერი საბჭოთა გადმონაშთია, მაგრამ დღესაც მყარად არის გამჯდარი ქართველების ტვინში. ასეთი ვერსიაც მაქვს მოსმენილი, რომ საბჭოთა კავშირში ქურდული სამყარო უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე სახელმწიფო და ამის გამო იყო ხალხში რომ მეტ სიმპათიას იწვევდაო. ბევრი იტყვის, დღესაც იგივე სიტუაციააო და აუცილებლად გაიხსენებს 'გირგვლიანის საქმეს', 'რობაქიძის ამბავს', 'იმედის დარბევას' და ასე შემდეგ. ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ მყარი არგუმენტებია და კონტრარგუმენტის პოვნა გამიჭირდება. არც ვაპირებ მოძებნას, რადგან მთავრობის დაცვა არ არის ჩემი მიზანი. მოდით სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: მთავრობა - საზოგადოების ნაწილია. მთავრობა არის ზუსტად ისეთი, როგორიც საზოგადოებაა, რადგან მთავრობაში მყოფი ხალხიც ამ საზოგადოებაში იზრდება.

ამ რამდენიმე ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს ვუყურებდი. თუ არ ვცდები ატლეტიკი და ბარსელონა თამაშობდნენ. მატჩი ბილბაოში იყო. თამაშის დროს ტრიბუნიდან ვიღაცამ სანთებელა გადმოაგდო, რომელიც ბარსელონას მოთამაშეს მოხვდა თავში. თამაში შეჩერდა, პოლიციამ ძალიან მალე იპოვნა დამნაშავე და დააპატიმრა. მეორე დღეს ერთ-ერთ ესპანურ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, რომელმაც გამაოგნა. სურათზე გამოსახული იყო სან მამესის სტადიონის ტრიბუნის პატარა მონაკვეთი, ცენტრში იდგა მამაკაცი დარცხვენილი სახით, გარშემო მყოფები კი მისკენ თითს იშვერდნენ.

საზოგადოებამ დამნაშავეს ხელი არ დააფარა, რადგან იმ საზოგადოებაში ნამდვილი დემოკრატიაა, ანუ ხალხის მმართველობა. ხალხის ქცევა ზუსტად შეესაბამება მათ სურვილს ჰქონდეთ ნორმალური ქვეყანა. იქ არასოდეს მოხდება 'გირგვლიანის ამბავი', 'რობაქიძის ამბავი' და 'იმედის დარბევა', განა იმიტომ, რომ მთავრობას ხალხის შეეშინდება, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა - ხალხის ნაწილია. მათ სისხლში აქვთ გამჯდარი, რომ დამნაშავეს ხელი არ უნდა დააფარონ.

ახლა წარმოიდგინეთ თბილისის სტადიონზე მსგავსი ისტორია. წარმოიდგინეთ? ვერა ხომ? ვერც მე.

ერთი რამ ვიცი ნამდვილად: სანამ ასეთი რამ წარმოუდგენლად გვეჩვენება, მანამდე ამ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიაც წარმოუდგენელია.

Friday, April 9, 2010

რუსეთი


1987 წლის ივლისში ჯარში წავედი. 1989 წლის მარტში შვებულება მომცეს და სახლში გამომიშვეს 10 დღით. ზუსტად მახსოვს, 22 მარტს ჩამოვედი, დედაჩემის დაბადების დღეს და 1 აპრილს ისევ უკან გავბრუნდი. 5 აპრილს უკვე იქ ვიყავი - არხანგელსკში და 9 აპრილს ეს მოხდა. ჩვენ სამხედრო ნაწილში სულ 4 ქართველი ვიყავით: მე, ანზორ თუშიშვილი თელავიდან, თბილისელი გიორგი მშვენიერაძე და ასევე თბილისელი ჟირიკა სეროპიანი. იქ ყველანაირად ცდილობდნენ ამ ინციდენტზე საერთოდ არაფერი ეთქვათ, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა, თბილისში იყავი, თქვენი ერთი დროშა წამოგეღო, პარტიანკებად გამოვიყენებდითო. ამაკანკალა ისე გავბრაზდი, მაგრამ გადავყლაპე. ეტყობა ეს ყველაფერი სახეზე შემეტყო და ოფიცერმა (გვარიც მახსოვს, ივანჩენკოვი იყო) ეჭვის თვალით შემომხედა და მკითხა, შენ რა, გეწყინაო? დიახ მეთქი, ვუპასუხე, რის შემდეგაც დიდი ახსნა განმარტებითი საუბარი ჩამიტარეს მეთაურის კაბინეტში. მიხსნიდნენ, როგორი კარგი იყო საბჭოთა კავშირი და საერთოდ რამხელა წვლილი მიუძღვოდა კომუნისტურ პარტიას საქართველოს აყვავებაში.

მერე ანზორამ წერილი მიიღო, ძმა წერდა, რასაც მანდ ამბობენ არაფერი დაიჯეროთ, ხალხი დახოცეს ამ ....მაო (წერილი თელავიდან იყო და მრავალწერტილის ადგილას შესაბამისი სიტყვა თქვენ თვითონ ჩასვით).

აკი გითხარით იქ არაფერს ამბობდნენ მეთქი, მხოლოდ გაზეთებიდან ვგებულობდოთ რაღაცას და რა დაიწერებოდა 'კრასნაია ზვეზდაში' ალბათ ადვილად მიხვდებით.

საბოლოოდ ჯარიდან იმავე წლის ივნისის ბოლოს ჩამოვედი და აქ გავიგე ის ყველაფერი რაც თბილისში 9 აპრილს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორის ის, რასაც საინფორმაციო ომს უწოდებენ. 1989 წლიდან მე პირადად არ მახსოვს რუსეთის რომელიმე ტელევიზიით საქართველოზე კარგი ინფორმაცია გადმოეცათ. იმ პერიოდშიც კი, როდესაც გამსახურდია გადავაგდეთ და შევარდნაძე დავსვით (რატომ ხელი არ გამიხმა), რუსეთის კეთილგანწყობა ვერაფრით მოვიპოვეთ. გამსახურდიას დროს სამხრეთ ოსეთი აგვიჯანყეს, შევარდნაძის დროს აფხაზეთი წაგვართვეს, სააკაშვილის დროს რაც ხდება ახლა ვუყურებთ ყველა. ამ ყველაფრის მომსწრე მე თვითონ ვარ და ამ 21 წლის განმავლობაში ჩამომიყალიბდა აზრი, რომ რუსეთთან მეგობრობა შეუძლებელია.

ამას წინათ კობა დავითაშვილმა თქვა, ჩავალთ მოსკოვში და დაველაპარაკებით პუტინსო. ვეტყვით, რომ ტერიტორიები დაგვიბრუნოს და ნატოზე ჯვარი კი არა გვაქვს დაწერილიო. ჰოდა თუ ამაზე მოვრიგდებით, საქართველოს ბედს ძაღლი არ დაყეფსო. კობას პირადად ვიცნობ და ნამდვილად ვიცი, რომ განათლებული ადამიანია, თან ძალიან ნიჭიერი იურისტი... სტოპ... მე მგონი შეურაცხყოფას ვაყენებ ახლა. ანუ, თუ განათლებულია და თან ნიჭიერი იურისტი, უნდა იცოდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შედეგი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს რუსეთისთვის. რომელიღაცა ცნობილმა ადამიანმა თქვა, რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას ზუსტად იმ ქაღალდის ფასი აქვს, რაზეც ეს ხელშეკრულებაა დაწერილიო. დარწმუნებული ვარ, ეს კობა დავითაშვილმა სტუდენტობისას ისწავლა. მოკლედ, მე მგონი ჯობდა მეთქვა, რომ გაუნათლებელია.

ხუმრობა და სარკაზმი იქეთ იყოს და, მოდით მართლა ყველამ გავიხსენოთ უახლოესი წარსული. მართლა მხოლოდ წიგნებიდან ხომ არა გვაქვს ნასწავლი ეს ოხერი, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ბოლო-ბოლო. მოღალატის იარლიყის მიკერება ძალიან არ მიყვარს და საერთოდ ამ სიტყვას ყოველთვის ფრთხილად ვხმარობ. ამის გამო იყო, ზვიად გამსახურდია რომ არ მომწონდა. მაშინ ხომ ნებისმიერი ოპოზიციური ქმედება ღალატად ინათლებოდა.

არც დღეს ვეძახი არავის მოღალატეს, მაგრამ მოდით ცოტა ტვინი გავანძრიოთ ყველამ. სააკაშვილის დემოკრატია არ მოგწონდეს და რუსეთში გარბოდე დახმარების საძებნელად, ამაზე დიდი სისულელე არა მგონია რამე იყოს. ყველამ უნდა ვუთხრათ 'არა' რუსეთს და შემდეგ საკუთარ ქვეყანას მივხედოთ.

P.S. რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემს უახლოეს მეგობარს ვესაუბრე ინტერნეტის საშუალებით და აქ რაც დავწერე ეს ყველაფერი ვუთხარი. ერთი 5 წუთი ვიკამათეთ და ბოლოს მკითხა: 'რამაზ, რუსი ნაშები არ გინდა?'. იმედი მაქვს, ხუმრობდა.