Pages

Monday, July 26, 2010

ტირილის ინსტრუქცია

ხულიო კორტასარი

გვერდზე გადავდოთ მოტივები და მივხედოთ ტირილის სწორ მანერას, თან უნდა გვესმოდეს, რომ ეს ტირილი არ უნდა გადაიზარდოს სკანდალში და არც შეურაცხყოს ღიმილი თავისი პარალელური და სულელური მსგავსებით. ძირითადი, ანუ ჩვეულებრივი ტირილი ხდება სახის კუნთების შეკუმშვით, რასაც მოჰყვება სპაზმური ხასიათის ხმები და ცრემლები, ბოლოს კი ჟღვლინტები, რადგან ტირილი სრულდება იმ დროს, როდესაც ადამიანი ენერგიულად იხოცავს ცხვირს. ტირილის დროს უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე და თუ ეს შეუძლებელია იმის გამო, რომ თქვენ გარე სამყაროს რწმენა უფრო გაქვთ, მაშინ იფიქრეთ იხვზე, რომელსაც ჭიანჭველები დაესია, ან კიდევ მაგელანის სრუტის იმ პატარა ყურეებზე, რომლებშიც არავინ არასდროს შედის. როგორც კი ტირილი დაიწყება, სახე უნდა დაიფაროთ ორივე ხელით ისე, რომ ხელისგულები თქვენსკენ იყოს მიტრიალებული. ბავშვებმა უნდა იტირონ ისე, რომ სახეზე მკლავი ჰქონდეთ აფარებული. სურვილისამებრ შეუძლიათ იდგნენ ოთახის ერთ-ერთ კუთხეში. ტირილის საშუალო ხანგრძლივობა უნდა იყოს სამი წუთი.

Saturday, July 24, 2010

მდინარე

ხულიო კორტასარი

ჰო, როგორც ჩანს ასეა. შენ წახვედი და მომაძახე, რომ სენაში გადაეშვებოდი, თუ რაღაც ამდაგვარი სისულელე, რომლის მსგავსი შუაღამეზე თუ ითქმება ხოლმე, როცა ზეწარი უკვე დაჭმნუჭნულია და პირი - გამშრალი, როცა სიბნელეში ხელებს და ფეხებს იქნევ, მე კი არ გისმენ, რადგან უკვე კარგა ხანია ვცდილობ არ მესმოდეს ის, რასაც ამბობ. შენი სიტყვები ჩემი დახუჭული თვალების მიღმა ისმის, სიზმრები კი ისევ სადღაც ქვემოთ მექაჩებიან. კარგი, რაში მაინტერესებს წახვედი თუ არა, უკვე დამხრჩვალი ხარ თუ ჯერ კიდევ დადიხარ სანაპიროზე და წყალს დასცქერი? მით უმეტეს რომ არსადაც არ წასულხარ, ჩემს გვერდით გძინავს და არათანაბრად სუნთქავ. ესე იგი არ წახვედი, არადა მიდიოდი ღამის რაღაც მომენტში, სანამ მე ძილი მომერეოდა და მიყვიროდი, რომ სენაში გადაეშვებოდი. როგორც ჩანს მაინც შეგეშინდა, გადაიფიქრე და ახლა ჩემს გვერდით წევხარ, თითქმის ეხები ჩემს სხეულს და ისე კანკალებ, თითქოს შენს სიზმარში რაღაც ხდება, თითქოს გესიზმრება, რომ მართლაც წახვედი, სანაპირომდე მიაღწიე და წყალში გადაეშვი. არც კი ვიცი მერამდენედ ხდება, რომ რაღაც იდიოტური ისტერიკის შემდეგ მაინც იძინებ დასიებული თვალებით და გძინავს დილის თერთმეტ საათამდე, როდესაც გაზეთები მოაქვთ და ახალ ამბებში მათ შესახებ წერია, ვინც მართლა დაიხრჩო.

სასაცილო ხარ, საბრალოვ. ვისმენ შენი ტრაგიკული ხასიათის გადაწყვეტილებებს, ვუყურებ როგორ დადიხარ და აჯახუნებ კარებს, თითქოს რაღაც პროვინციული თეატრის მსახიობი იყო და მიჩნდება შეკითხვა: ნუთუ მართლა გჯერა საკუთარი მუქარების, გულისამრევი შანტაჟის, ყალბი ცრემლებით, ეპითეტებით და პრეტენზიებით გაჯერებული პათეტიკური სცენების? შენ სხვანაირ მამაკაცს იმსახურებ, ისეთს, რომელიც პასუხს გაგცემდა, ასე გაიზრდებოდით ერთად და გადაიქცეოდით სრულყოფილ წყვილად, რომლებიც ერთად იხრწნებიან და ერთმანეთს შესცქერიან თვალებში, რათა დარწმუნდნენ, რომ დრო ჯერ კიდევ არის და კვლავ გააგრძელონ ცხოვრება, თვალწინ ჰქონდეთ თავიანთი დაუმუშავებელი მიწისა და ძირგავარდნილი ქვაბების მწარე რეალობა. მაგრამ როგორც ხედავ, მე დუმილს ვარჩევ, სიგარეტს ვუკიდებ და ვისმენ შენს ლაპარაკს, პრეტენზიებს (მართალი ხარ, მაგრამ რა ვქნა?), ან კიდევ უკეთესი - ვიძინებ, შენი წყევლა-კრულვა კი იავნანასავით ჩამესმის, თვალები უკვე ნახევრად დახუჭული მაქვს და სიზმრების პირველი შემოტევა მეწყება, თან გიყურებ როგორ დგახარ იმ ჭაღის ქვეშ, რომელიც ქორწილის დღეს გვაჩუქეს და სასაცილოდ იქნევ ხელებს. ბოლოს კი, როგორც ჩანს, ვიძინებ და თან მიმაქვს (გულწრფელად და თითქმის სიყვარულით გარწმუნებ) შენი მოძრაობების, პრეტენზიების ყველაზე მისაღები ნაწილი, შენი ყვირილი, სიბრაზისგან მოღრეცილი და დალურჯებული ტუჩები. ჩემი სიზმრები უფრო მდიდარი ხდება და მათში არავინ არ აპირებს დახრჩობას, დამიჯერე.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან მაინტერესებს რას აკეთებ ამ საწოლში, რომელიც გადაწყვიტე, რომ უფრო ფართო და ღრმაში გაცვალო? ახლა კი გძინავს და დრო და დრო ფეხს ამოძრავებ, რაც ზეწარზე გამოსახულებებს ცვლის. გაბრაზებული ჩანხარ, ცოტათი გაბრაზებული, თითქოს დაღლილიც, შენი ტუჩები ზიზღს გამოხატავენ, არათანაბრად უშვებენ ჰაერს და ვფიქრობ, რომ არ ვიყო ასე გაღიზიანებული შენი ყალბი მუქარებით, ვაღიარებდი, რომ კვლავ ლამაზი ხარ, თითქოს ძილმა ისევ ჩემსკენ გამოგისროლა, სადაც ვნება კვლავ შესაძლებელია, სადღაც სხვაგან, სადაც რეალობა უფრო მშვიდი იქნებოდა, ვიდრე ეს მანქანების ხმაურით და მამლის ყივილით გაჯერებული დილა. არ ვიცი, აღარც კი აქვს აზრი იმის კითხვას წახვედი თუ არა რაღაც მომენტში, შენ იყავი თუ არა ის, რომელმაც, ზუსტად იმ დროს, როცა მე სიზმარში ვეფლობოდი, კარი გაიჯახუნა. ალბათ ამიტომაც შეგეხე ახლა, არა, ნამდვილად ვიცი რომ ეს შენ ხარ, როგორც ჩანს არც წასულხარ და კარი ორპირმა ქარმა მიაჯახუნა, ალბათ დამესიზმრა რომ წახვედი, შენ კი აქვე, საწოლთან იდექი, გეგონა რომ მეღვიძა და შენს მუქარებს მიყვიროდი, უბრალოდ ახლა ეს მომწვანო გარიჟრაჟი რაღაცნაირად მიბიძგებს, რომ ხელი გადავუსვა შენს მხარს, რომელიც ამ შეხებაზე ნერვიულად რეაგირებს. ზეწარი ტანს ნახევრად გიფარავს, ჩემი ხელი ახლა უკვე შენი ყელის ფორმას იმეორებს, შენსკენ ვიხრები და ვგრძნობ შენს ღამის სუნთქვას, რომელსაც რაღაც მოტკბო სურნელი დაჰკრავს. ჩემდაუნებურად გეხვევი, შენ კი მეწინააღმდეგები, მაგრამ, ჩვენ ხომ ორივემ მშვენივრად ვიცით და გვესმის ეს თამაში. შენ არ უნდა დამნებდე, სახე უნდა მიატრიალო და მაინც არაფერი გამოგივა, ახლა ჩვენ იმ წერტილს მივუახლოვდით, როცა თეთრი და შავი ძაფები ერთმანეთში იხლართება და ერთმანეთს ისე ებრძვის, როგორც ორი ობობა პატარა ქილაში. ზეწარი, რომელიც შენს სხეულს ნახევრად ფარავდა, ჩემი ხელის ერთი მოძრაობით იკარგება სიბნელეში და ჩვენ უკვე შიშვლები ვართ, ჩვენ უკვე ერთ მთლიან მატერიად გადავიქეცით, რომელიც კანკალებს და შენ ისევ მეწინააღმდეგები, შენ მორცხვობ, თან ხელებს მხვევ კისერზე და უცბად შენი ფეხები იშლება იმისთვის რომ ისევ დაიხუროს, როგორც საშინელი მარწუხი, რომელიც თითქოს შუაზე გადამჭრის. ნელა გიპყრობ (ხომ იცი, ამას ყოველთვის ვაკეთებდი რიტუალური მოხდენილობით), არ გტკენ, ისე ვხრი შენს ლერწმის ხელებს, ვეკრობი შენს აკანკალებულ სხეულს, ვუყურებ შენს ფართოდ გახელილ თვალებს და ახლა უკვე შენი მოძრაობა ნელ რითმში გადადის, შენ ჩემი სახისკენ ამოდიხარ, როგორც ჰაერის ბუშტები წყლიდან, ნაზად ვეფერები ბალიშზე დაღვრილ შენს თმას, მომწვანო სიბნელეში გაკვირვებული ვუყურებ ჩემს ხელს, რომელიც შენსკენ მოედინება და სანამ შენს გვერდით ჩაივლის ვხვდები რომ ეს-ესაა წყლიდან ამოგიყვანეს, რა თქმა უნდა უკვე დაგვიანებულია და ასე წევხარ ქვაფენილზე, ფეხსაცმელებისა და ყვირილის გარემოცვაში, შიშველი ხარ, სახე გაჰყურებს ცას, თმა სველი გაქვს და თვალები - ღია.

Thursday, July 22, 2010

ყვითელი ყვავილი

ხულიო კორტასარი

შესაძლოა ეს ხუმრობას ჰგავს, მაგრამ ჩვენ უკვდავები ვართ. მე ეს საპირისპიროდან გამომდინარე ვიცი. ნამდვილად ვიცი, რადგან მსოფლიოში ერთადერთ მოკვდავს ვიცნობ. მან თავისი ამბავი კამბრონის ქუჩაზე მდებარე ბისტროში მიამბო. ძალიან იყო ნასვამი და გულწრფელად საუბარი არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ბისტროს მეპატრონემ და ძველმა კლიენტებმა იმდენი იცინეს, სანამ ღვინო თვალებიდან არ წამოუვიდათ. ალბათ ჩემ სახეზე გარკვეული ინტერესი შენიშნა, რადგან თავიდანვე მაგრად ჩამეჭიდა და ცოტა ხანში კუთხის ერთ პატარა მაგიდასთან მოვკალათდით, სადაც მშვიდად შეიძლებოდა დალევა და საუბარი. მითხრა, რომ ადრე მუნიციპალიტეტში მუშაობდა, საიდანაც პენსიაზე გაუშვეს და რომ მისმა მეუღლემ ცოტა ხნით თავის მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტა, რაც ქმრის მიტოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. მოხუცი არ იყო და არც გაუნათლებელს ჰგავდა, გამომშრალი სახე და ჭლექიანი ადამიანის თვალები ჰქონდა. როგორც ჩანს იმისთვის სვმადა, რომ თავდავიწყებას მისცემოდა და ეს თავად აღიარა მას შემდეგ, რაც შავი ღვინით სავსე მეხუთე ჭიქა გამოცალა. მისგან არ მოდიოდა ის პარიზული სურნელი, რომელსაც მხოლოდ უცხოელები ვგრძნობთ. მოვლილი ფრჩხილები და სრულიად უქერთლო თმა ჰქონდა.

მიამბო, რომ ერთხელ, 95 ნომერ ავტობუსში, დაახლოებით ცამეტი წლის ბიჭი ნახა და როგორც კი შეხედა, წამსვე აღმოაჩინა, რომ ბიჭი საოცრად ჰგავდა მას, ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავი ამ ასაკში სწორედ ასეთად ახსოვდა. შემდეგ ნელ-ნელა მიხვდა, რომ მსგავსება ყველაფერში იყო - იგივე სახე და ხელები, შუბლზე ჩამოვარდნილი თმა და დიდი მანძილი თვალებს შორის; ის ისეთივე მორცხვი იყო, ზუსტად ისევე ჰქონდა ჩარგული თავი კომიკსების ჟურნალში, ისეთივე ჟესტით იწევდა თმას უკან და ისეთივე უხერხული მოძრაობები ჰქონდა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ კინაღამ გაეცინა, ხოლო როდესაც ბიჭი რენის ქუჩაზე ჩავიდა, ისიც მიჰყვა და სულ დაავიწყდა, რომ მონპარნასზე მეგობარი ელოდებოდა. გამოლაპარაკების საბაბს ეძებდა, ჰკითხა, როგორ მისულიყო რომელიღაც ქუჩაზე და აღარც გაკვირვებია, როდესაც პასუხად თავისი ბავშვობის ხმა გაიგონა. ბიჭიც ზუსტად იმ ქუჩისკენ მიდიოდა და რამდენიმე კვარტალი მორცხვად გაიარეს ერთად. ამ დროს მას გონება გაუნათდა. ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მაგრამ შესაძლოა არც იყო საჭირო ამის ახსნა, რადგან როგორც კი შეეცდებოდი, წამსვე ყველაფერი ბუნდოვანი და სულელური ხდებოდა - აი როგორც ახლა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ცოტა ხანში მან ამ პატარა ბიჭის საცხოვრებელი ადგილი გაარკვია და იმ ავტორიტეტულობით, რომელიც წარსულში ბოი სკაუტების ინსტრუქტორად მუშაობისას შეიძინა, ციხესიმაგრეთა ციხესიმაგრეში - ფრანგულ ოჯახში შეაღწია. იქ მას საკმაო სიღარიბე, ხანში შესული დედა, პენსიონერი ბიძა და ორი კატა დახვდა, შემდეგ კი ისიც ადვილად მოახერხა, რომ მისმა ძმამ თავისი ცამეტი წლის შვილი ანდო და ბიჭებიც მალე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ახლა ის უკვე ყოველკვირეულად დადიოდა ლუკასთან; დედამისი გადადუღებული ყავით უმასპინძლდებოდა, საუბრობდნენ ომზე, ოკუპაციაზე და ზოგჯერ ლუკაზეც. ის რაც გონების განათებით დაიწყო, ნელ-ნელა გეომეტრიულ ფორმებს იღებდა; იძენდა იმ ნათელ გამოხატულებას, რასაც ხალხი ბედისწერას უწოდებს. ახლა უკვე ჩვეულებრივი სიტყვებითაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ფორმულირება: ლუკა მისი გაგრძელება იყო, სიკვდილი არ არსებობს, ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ.

- ყველანი უკვდავები ვართ, ჩემო ძმაო. დააკვირდით, ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია, მხოლოდ მე მერგო წილად, 95 ნომერში. პატარა შეცდომა მოხდა მექანიზმში, დროის მიმდინარეობაში - ერთდროული ტრანსფორმაცია მოხდა თანმიმდევრულის ნაცვლად. ლუკა ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ... რომ აღარაფერი ვთქვათ საოცარ შემთხვევითობაზე, როდესაც ავტობუსში შევხვდით ერთმანეთს. მგონი უკვე გითხარით, რომ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ამაში, ეჭვიც არ შემპარვია. ასე იყო და მორჩა. მაგრამ შემდეგ ეჭვები მაინც გაჩნდა, რადგან ასეთ დროს ადამიანს ჰგონია, რომ ჭკუიდან შეიშალა და დამაწყნარებლების მიღებას იწყებს. თუმცა ამ ეჭვებთან ერთად, რომლებსაც სათითაოდ ვკლავდი, იმის რწმენაც მქონდა, რომ არ ვცდებოდი, რომ ეჭვების საფუძველი არ მქონდა. იმას, რასაც ახლა ისმენთ, ზოგჯერ ამ იდიოტებსაც ვუყვები და სასაცილოდ არ ჰყოფნით. ლუკა არათუ ჩემი გაგრძელება იყო, არამედ ზუსტად ჩემნაირი უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისეთივე საცოდავი და უბედური, როგორიც თქვენს წინ მჯდომი ადამიანი. იმის დანახვაც კი საკმარისი იყო, თუ როგორ თამაშობდა, როგორ ეცემოდა ყოველთვის უხერხულად, როგორ გადაუბრუნდებოდა ხოლმე ფეხი, როგორ ეტყობოდა სახეზე ყველაფერი, რასაც განიცდიდა, როგორ წითლდებოდა, როდესაც რამეს ჰკითხავდნენ. დედამისი კი... ხომ იცით როგორ უყვართ ქალებს ლაპარაკი? როგორ უყვებიან ყველას ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იქვე დგას და სირცხვილისგან აღარ იცის სად წავიდეს? ის ყველაზე ინტიმურ ამბებს იხსენებდა: როგორ ამოუვიდა პირველი კბილი, როგორ ხატავდა, როცა რვა წლის იყო, როგორ ავადმყოფობდა... კარგი ქალი იყო და ამას, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ აკეთებდა. ბიძამისი ჭადრაკს მეთამაშებოდა, უკვე ოჯახის წევრივით ვიყავი, ფულიც კი ვასესხე, რომ თვის ბოლომდე მიეღწიათ. ლუკას წარსულის გარკვევა ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა, საკმარისი იყო სასაუბრო თემებს შორის ისეთი კითხვები ჩამესვა, რომლებიც მათ აინტერესებდათ: ბიძის რევმატიზმი, კონსიერჟის მავნებლობები, პოლიტიკა. აი ასე, ქიშებსა და ხორცის ფასების განხილვებს შორის, ლუკას ბავშვობის შესახებ ყველაფერი შევიტყვე. ახლა უკვე ნათელი იყო, რომ არ ვცდებოდი. მაგრამ, სანამ კიდევ შევუკვეთავდეთ თითო ჭიქას, კარგად მომისმინეთ: ლუკა იყო ის, რაც მე ვიყავი ბავშვობაში, თუმცა ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ის ჩემი ზუსტი ასლი იყო. ამას უფრო ანალოგი ჰქვია, გესმით? იმის თქმა მსურს, რომ ექვსი წლის ასაკში მე მუხლი ამომივარდა, ლუკას კი ლავიწის ძვალი, ცხრა წლის ასაკში ჩვენ შესაბამისად წითელა და ქუნთრუშა მოვიხადეთ, გარდა ამისა საქმეში ისტორიაც ჩაერთო, ჩემო ძმაო: მე წითელა თხუთმეტი დღე გამიგრძელდა, ლუკა კი ოთხ დღეში მორჩა. მედიცინის პროგრესთან გვაქვს საქმე, ხომ გესმით? ყველაფერი ანალოგიურად ვითარდებოდა და ამიტომ, კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სავსებით შესაძლებელია კუთხის საცხობის მეპატრონე - ნაპოლეონის რეინკარნაცია იყოს, თუმცა თავად მან ეს არ იცის, რადგან თანმიმდევრობა არ დარღვეულა, სიმართლეს ის ავტობუსში ვერასოდეს შეხვდება; მაგრამ თუ როგორღაც მოხდა და ეს სიმართლე შეიტყო, შეიძლება მიხვდეს, რომ იგივე გაიმეორა, რაც ნაპოლეონმა გააკეთა თავის დროზე. მიხვდება რომ ჭურჭლის მრეცხავიდან მონპარნასზე მდებარე კარგი საცხობის მეპატრონემდე ისეთივე მანძილია, როგორიც კორსიკიდან საფრანგეთის სამეფოს ტახტამდე; და თუ კიდევ უფრო ჩაუღრმავდება თავისი ცხოვრების ისტორიას, აუცილებლად იპოვნის მომენტებს, რომლებიც შეესაბამება ეგვიპტის კამპანიას, საკონსულოს და აუსტერლიცს, საბოლოოდ კი იმასაც მიხვდება, რომ რამდენიმე წელიწადში მის საცხობსაც რაღაცა მოუვა და ისიც თავის სანტა ელენაზე ამოჰყოფს თავს, რაც ალბათ ერთი პატარა ოთახი იქნება მეექვსე სართულზე. ისიც დამარცხებული იქნება, მარტოობის წყლებით გარშემორტყმული, ისეთივე ამაყი თავისი საცხობით, რომელიც მისთვის არწივის აფრენასავით იყო. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ?

ვხვდებოდი, მაგრამ მაინც გამოვთქვი აზრი, რომ ბავშვობაში ყველას ემართება ტიპიური დაავადებები და თან თითქმის ერთი და იმავე დროს; გარდა ამისა, თითქმის ყველა ბავშვს მოსდის რაღაცა ფეხბურთის თამაშისას.

- ვიცი, მაგრამ მე ხომ თქვენთან ჯერ მხოლოდ ხილულ დამთხვევებზე მქონდა საუბარი. მაგალითად, იმ ფაქტს, რომ ლუკა მე მგავდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანამ, სანამ ჩვენ ავტობუსში შევხვდებოდით ერთმანეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ცალკეული ეპიზოდებია და ამის ახსნა რთულია, რადგან საქმე ხასიათს, ბუნდოვან მოგონებებს და ბავშვობისდროინდელ იგავებს ეხება. იმ დროს, ანუ მაშინ, როდესაც ლუკას ასაკის ვიყავი, საკმაოდ მწარე პერიოდი გავიარე. ყველაფერი ხანგრძლივი, თითქმის დაუსრულებელი ავადმყოფობით დაიწყო, შემდეგ, როდესაც გამოვჯანმრთელდი, ბიჭებთან ერთად სათამაშოდ წავედი და ხელი მოვიტეხე, ბოლოს კი, ამ მდგომარეობიდანაც რომ გამოვედი, ჩემი თანაკლასელის და შემიყვარდა. შავ დღეში ვიყავი, რადგან იმ გოგოს თვალს ვერ ვუსწორებდი, ის კი დამცინოდა. ლუკაც ავად გახდა და ის-ის იყო გამოჯანმრთელდა, რომ ცირკში დაპატიჟეს, სადაც კიბეებზე ჩასვლისას წაიქცა და ტერფი იღრძო; შემდეგ კიდე ცოტა ხანი გავიდა და ერთ საღამოს დედამისმა ნახა, როგორ იჯდა თავის ოთახში ფანჯარასთან და ტიროდა, ხელში კი ვიღაცის ლურჯი ცხვირსახოცი ეჭირა.

ცხოვრებაში საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა აუცილებელია, ამიტომ ვთქვი, რომ ბავშვური სიყვარული ჩალურჯებული თვალების და პლევრიტების ჩვეული დამატებაა. თუმცა იქვე ვაღიარე, რომ თვითმფრინავის ამბავი სულ სხვა რამ იყო - თვითმფრინავისა, რომელსაც ზამბარიანი პროპელერი ჰქონდა და რომელიც მან ლუკას დაბადების დღეზე მიუტანა.

- რომ მივეცი, დედაჩემის ნაჩუქარი კონსტრუქტორი და მასთან დაკავშირებული შემთხვევა გამახსენდა. იმ დღეს თოთხმეტი წლის გავხდი. ეზოში ვიჯექი. ქარიშხალი ახლოვდებოდა და უკვე ჭექა-ქუხილის ხმაც ისმოდა, მაგრამ მანქანის აწყობა არ შემიწყვეტია. ამ დროს სახლიდან ვიღაცამ დამიძახა და სულ ერთი წუთით შევედი. რომ გამოვბრუნდი, კონსტრუქტორი მაგიდაზე აღარ იდო, ჭიშკარი კი ღია იყო. სასოწარკვეთილი გავვარდი გარეთ, მაგრამ უკვე აღარავინ ჩანდა და ზუსტად ამ დროს მოპირდაპირე სახლს მეხი დაეცა. ეს ყველაფერი თითქოს ერთდროულად მოხდა და სწორედ იმ მომენტში გამახსენდა, როდესაც ლუკას თვითმფრინავს ვაძლევდი, ის კი ისეთივე ბედნიერი სახით უყურებდა მას, როგორითაც მე ვუყურებდი ჩემს კონსტრუქტორს. დედამისმა ყავა მომიტანა და ის-ის იყო საუბარი დავიწყეთ, რომ მოულოდნელად ყვირილი შემოგვესმა. ლუკა ფანჯარასთან მივარდა, თითქოს გადახტომა უნდოდა. გაფითრებული იყო და ცრემლები მოსდიოდა. საბოლოოდ ძალა მოიკრიბა და გვითხრა, რომ თვითმფინავმა მიმართულება შეიცვალა და პირდაპირ ნახევრადღია ფანჯარაში გაფრინდა. ’აღარსად ჩანს, აღარსად ჩანს’, იმეორებდა ტირილით. ამ დროს ქვემოდანაც შემოგვესმა ყვირილი, ლუკას ბიძა შემოვარდა ოთახში და გამოაცხადა, რომ მოპირდაპირე სახლში ხანძარი იყო. ახლა გესმით? დიახ, სჯობს კიდევ ავიღოთ თითო ჭიქა.

გავჩუმდი, მან კი გააგრძელა და თქვა, რომ მას შემდეგ სულ ლუკაზე და მის ბედზე ფიქრობდა. დედამისს სურდა, რომ ტექნიკურ სასწავლებელში მიებარებინა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ასე იპოვნიდა ის თავის მოკრძალებულ გზას ცხოვრებაში. მაგრამ ეს გზა უკვე გახსნილი იყო და სწორედ ჩემს თანამოსაუბრეს - რომელმაც გაჩუმება არჩია, რადგან გიჟი ეგონებოდათ და საბოლოოდ ჩამოაშორებდნენ ლუკას - შეეძლო ეთქვა დედამისისთვის და ბიძამისისთვის, რომ ყველაფერი უაზრობა იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა: დამცირება, მძიმე ყოველდღიურობა, მონოტონური წლები, წარუმატებლობები, რომელიც მის სულს ისევე დაფლითავდა, როგორც ტანსაცმელს და საბოლოოდ თავს ამოჰყოფდა გაბოროტებულ სიმარტოვეში, უბნის ერთ რომელიმე ბარში. მაგრამ ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ლუკას ბედი არ იყო. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ თავის მხრივ ლუკაც მოკვდებოდა და კიდევ ერთი, სულ სხვა ადამიანი გამოვიდოდა ამ გზაზე. ლუკა მას უკვე თითქმის აღარ ანაღვლებდა. უძილო ღამეებისას მისი ფიქრები უფრო შორს, სხვა ადამიანებისკენ მიდიოდა - მათკენ, ვისაც რობერი, კლოდი ან მიშელი ერქმეოდათ და ვისთვისაც ეს უსასრულობის თეორია იქმნებოდა. თითოეული მათგანი ზუსტად გაიმეორებდა თავისი წინამორბედის ცხოვრებას ისე, რომ დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ თავისუფლებაში და ნებისყოფაში. ჩემს თანამოსაუბრეს ღვინო სევდიან გუნებაზე აყენებდა და ამას ვერაფერს მოუხერხებდი.

- ახლა დამცინიან, როდესაც ვამბობ, რომ ლუკა რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. ისინი შტერები არიან და ვერასოდეს გაიგებენ, რომ... დიახ, დიახ, ნუ მიყურებთ თქვენც ასეთი თვალებით. ის გარდაიცვალა. ყველაფერი რაღაც ბრონქიტის მსგავსით დაიწყო. ზუსტად იმავე ასაკში მე ღვიძლის დაავადება მქონდა. მე საავადმყოფოში დამაწვინეს, ლუკას დედამ კი გადაწყვიტა მისთვის სახლში ემკურნალა. მე მათთან ყოველდღიურად დავდიოდი და ზოგჯერ ჩემი ძმისშვილიც მიმყავდა, ლუკა რომ გართულიყო. სახლში ისეთი სიღარიბე ჰქონდათ, რომ ჩემი ყოველი ვიზიტი მათთვის ყველა გაგებით შვებისმომგვრელი იყო - ლუკაც არ იწყენდა და თან ქაშაყით სავსე პაკეტი ან ქლიავის ნამცხვარი მიმქონდა. ისინი უკვე იმასაც იყვნენ მიჩვეულები, რომ წამლების ყიდვაც მე მქონდა აღებული საკუთარ თავზე, რადგან იცოდნენ, რომ ერთ-ერთ აფთიაქში განსაკუთრებული ფასდაკლებით ვსარგებლობდი. ბოლო დღეებში უკვე ისე მხვდებოდნენ, როგორც ლუკას პირად ექიმს და ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ისეთ სახლში, როგორიც მათია, ანუ სადაც ექიმი განსაკუთრებული ინტერესის გარეშე შედის და გამოდის, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, ემთხვევა თუ არა ბოლო სიმპტომები პირველ დიაგნოზს... რატომ მიყურებთ ასე? რამე არასწორი ვთქვი?

არა, არაფერი ისეთი არ უთქვამს, განსაკუთრებით დალეული ღვინის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. პირიქით, თუ რაღაც განსაკუთრებულ საშინელებას არ წარმოვიდგენთ, საბრალო ლუკას სიკვდილი სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი წარმოსახვითი უნარის გამოყენებით ფანტაზიორობა 95 ნომერ ავტობუსში დაიწყოს და მომაკვდავი ბავშვის საწოლთან ჯდომით დაასრულოს. მინდოდა დამემშვიდებინა, ამიტომ ეს ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი. ცოტა ხანს უსიტყვოდ იყურებოდა ჰაერში, შემდეგ ისევ ალაპარაკდა.

- კარგი, როგორც გსურთ ისე გაიგეთ. სიმართლე გითხრათ, დასაფლავების შემდეგ რამდენიმე კვირა რომ გავიდა, პირველად ვიგრძენი რაღაც ბედნიერების მსგავსი. დრო და დრო ისევ დავდიოდი ლუკას დედის მოსანახულებლად და ნამცხვრებიც მიმქონდა, მაგრამ ის და მისი სახლი უკვე ნაკლებად მადარდებდა. საოცარმა გრძნობამ შემიპყრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი მოკვდავი მერქვა, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება დღითიდღე, ღვინის ყოველ ჭიქასთან ერთად იცლებოდა და საბოლოოდ გარკვეულ დროსა და ადგილას დასრულდებოდა, ზუსტად გაიმეორებდა ჩემთვის უცნობი ადამიანის ბედს, რომელიც კაცმა არ იცის როდის და სად ცხოვრობდა, მაგრამ მე უკვე ნამდვილად მკვდარი ვიქნებოდი, იმ ლუკას გარეშე, რომელიც ამ გზაზე იმისთვის გამოვიდა, რომ ეს უაზრო ცხოვრება ასევე უაზროდ გაევლო. ჩაწვდით, ჩემო ძმაო, ამ გრძნობას, გშურდეთ იმ ბედნიერების, რომელიც მე განვიცადე.

როგორც ჩანს, ახლა აღარ განიცდიდა და ამის დასტური ბისტრო და იაფი ღვინო იყო; კიდევ მისი თვალები, რომლებშიც ციებ-ცხელება იკითხებოდა, თუმცა ის მისი სხეულიდან არ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, შემდეგი რამდენიმე თვე ის თავისი ყოველდღიური ცხოვრების თითოეული წამით ტკბებოდა, თავის არშემდგარ ქორწინებაზე, ორმოცდაათი წლის ასაკში განცდილ მარცხზე ფიქრობდა, დარწმუნებული იყო თავის სიკვდილში, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ეწვეოდა. ერთ საღამოს, როდესაც ლუქსემბურგის ბაღში სეირნობდა, ყვავილი დაინახა.

- პატარა შემოღობილი ბაღის კიდეზე იყო ამოსული - რაღაც ყვითელი ყვავილი. შევჩერდი, სიგარეტს მოვუკიდე და სწორედ ამ დროს შევამჩნიე. თითქოს ისიც მე მიყურებდა, ზოგჯერ ასეთი კონტაქტი მყარდება... ხომ იცით, ყველა გრძნობს იმას, რასაც სილამაზე ჰქვია. ყვავილი ლამაზი იყო, ულამაზესი. მე განწირული ვიყავი, ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდებოდი და სამუდამოდ წავიდოდი ამ ცხოვრებიდან. ყვავილი კი ლამაზი იყო, ყვავილი ყოველთვის იარსებებს მომავალი ადამიანებისთვის. ამ დროს სრულიად მოულოდნელად მივხვდი თუ რა არის არარაობა, ის რასაც მე ყოველთვის სიმშვიდედ და ჯაჭვის დასასრულად აღვიქვამდი. მე მოვკვდებოდი და ლუკაც უკვე მკვდარი იყო, ჩვენნაირებისთვის ყვავილი უკვე აღარ იარსებებდა, არაფერი დარჩებოდა, სრულიად არაფერი და ეს ’არაფერი’ სწორედ ის იყო რომ ყვავილიც აღარ იქნებოდა. ასანთმა ხელი დამწვა. მოედანზე გავედი, პირველ შემხვედრ ავტობუსზე დავჯექი და უაზროდ დავიწყე ყურება გარშემო, ქუჩაში და თავად ავტობუსში ვაკვირდებოდი ყველას. როდესაც ბოლო გაჩერებამდე მივედით, ჩამოვედი და სხვა, გარეუბანში მიმავალ ავტობუსში ავედი. მთელი საღამო, სანამ დაბნელდებოდა, უამრავი ავტობუსი გამოვიცვალე, თან ყვავილზე და ლუკაზე ვფიქრობდი, მგზავრებს ვათვალიერებდი და ვეძებდი ვიღაცას, ვისაც ლუკას ან საკუთარ თავს მივამსგავსებდი, ვინც ჩემი გაგრძელება იქნებოდა, ვისაც შევხედავდი და მივხვდებოდი, რომ ის ისევ მე ვარ; შემდეგ კი თავს დავანებებდი და წავიდოდი, მივცემდი საშუალებას, რომ თავად გაევლო თავისი საცოდავი და უაზრო ცხოვრება, თავისი სულელური და დანგრეული ცხოვრება სხვა სულელური და დანგრეული ცხოვრების დაწყებამდე, სხვა სულელური და დანგრეული ცხოვრების დაწყებამდე, სხვა...

ანგარიში მოვითხოვე.

Wednesday, July 21, 2010

ლუკა


ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ლუკა. მე სულ ასე ვეძახი, სინამდვილეში მზია ქვია. ძალიან ნიჭიერი, თბილი, მხიარული და მეგობრული გოგოა. ერთად ვმუშაობდით ბევრგან და არც ერთხელ არ გავუწბილებივარ. მისი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ შეუძლია ბავშვური იყოს, ანუ ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, მხოლოდ ბავშვებს რომ მოსდით თავში. ამას წინათ მის ბლოგს გადავავლე თვალი (mzushiko.wordpress.com) და ასეთი ფრაზა წავიკითხე - ’ამ ბოლო დროს მგონია, რომ ხანი დამეზმო’ და ბოლოს კიდევ ერთი - ’ხან დაზმული ვარ, ხან - არა’.

ძალიან გავმხიარულდი და გამახსენდა ჩემი ბავშვობის ამბები. დაახლოებით 6 წლის ვიყავი და კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, როდესაც დავადგინე, რომ მოდების ატელიეში (ასე ეძახდნენ მაშინ სამკერვალოებს) შესვლა სასურველი არ იყო, იმიტომ რომ თუ შეხვიდოდი, ერთს მაგრად მოგადებდნენ ყბაში და ისე გამოგიშვებდნენ, ვარაზისხევის აღმართს ’საჯანჯღაროს’ ვეძახდი და კიდევ რა ვიცი, რამდენი იყო ასეთი.

კარგია ბავშვობა და კარგი ხალხია ის, ვისაც შეუძლია ბავშვური ლოგიკა დიდი ხნით დაიტოვოს.

Tuesday, July 20, 2010

ის კი არ არის ბიჭობა...

რამდენიმე დღეა ვაჟა ფშაველას ვკითხულობ. ავიტეხე რა, ხომ არის ზოგჯერ რაღაცას აიტეხავ. ჰოდა ამ კითხვა-კითხვაში კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მის ერთ გენიალურ ლექსს: ’დაგვიანებული პასუხი აკაკის’, ხომ გახსოვთ?

ჰოდა ერთი ისტორია გამახსენდა ამაზე. უფრო სწორად - ორი და მინდა რომ მოგიყვეთ.

პირველი ამბავი რამდენიმე წლის წინ 'მაესტროში' რომ ვმუშაობდი, მაშინ მოხდა. თავად ამ ისტორიას არ შევსწრებივარ, მაგრამ ვინც შეესწრო, ყველაფერს იფიცებენ მართალიაო. მოკლედ, იყო იქ ასეთი გადაცემა: ’პრეს პრესი’. მოჰყავდათ სტუდიაში რამდენიმე ჟურნალისტი, თითოეულ მათგანს აფრთხილებდნენ, რომ გადაცემის იდეიდან გამომდინარე, მაქსიმალური გესლი უნდა ენთხიათ, ხოლო დასაგესლად წინ უსვამდნენ ერთ რომელიმე მომღერალს ან პროდიუსერს ან... მოკლედ პოპ-მუსიკის რომელიმე წარმომადგენელს.

ერთ მშვენიერ დღეს მოიყვანეს ერთი ’კლიპ მეიკერი’, რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში უსვამდა ხაზს იმას, რომ უგემოვნო შემსრულებლებთან პრინციპულად არ მუშაობდა. ამაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა (გოგონამ) უთხრა: ’მაშ ჯგუფ ’საუნდთან’ რომ გიმუშავია, ეგ როგორ გავიგოთო?’

რაც ამის შემდეგ მოხდა, ანეკდოტს უფრო ჰგავს. ამ გადაცემას თურმე სახლში უყურებდა ჯგუფ ’საუნდის’ ერთ-ერთი წევრის ოჯახი. მათ რომ ასეთი რამ მოისმინეს გაბრაზდნენ და თურმე ’მაესტროს’ სტუდიაში მივარდნენ იარაღებით (ერთი 5 მამაკაცი იქნებოდა, ასე 60 წლის), ის გოგო გამოიყვანეთ უნდა მოვკლათო.

მამუკა ღლონტმა ამასობაში სისხარტე გამოიჩინა და გოგონა ერთ-ერთ ოთახში გადამალა, თავად კი ეს გავეშებული მამაკაცები კაბინეტში შეიპატიჟა მოსალაპარაკებლად. როდესაც იარაღიანებმა მამუკასგან მოისმინეს არგუმენტი, რომ გოგოს ცემა და მით უმეტეს მოკვლა ვაჟკაცს არ შეშვენის, გამოთქვეს ვარაუდი, რომ გოგონას ძმა ეყოლებოდა. ჰოდა ის ბიჭი მოგვიყვანეთ, მაშინ იმას მოვკლავთო. მოკლედ ეს საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში უსისხლოდ დასრულდა.

ახლა მეორე ისტორია. ეს უკვე ამერიკიდან. არსებობს ასეთი მომღერალი - ნილ იანგი (Neil Young), რომელსაც კლასიკური როკის მოყვარულები კარგად იცნობენ. ჰოდა ერთხელ ამ მუსიკოსმა დაწერა სიმღერა სახელწოდებით ’სამხრეთელი კაცი’ (Southern Man), რომელშიც ამერიკის სამხრეთში მცხოვრები საშუალოსტატისტიკური მამაკაცი, რბილად რომ ვთქვათ, გააკრიტიკა. ამ სიმღერამ ამერიკის სამხრეთის შტატებში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია. საჭირო იყო პასუხის გაცემა და როგორ ფიქრობთ რა პასუხი მიიღო ნილ იანგმა? ვინც გამოიცნო, ყოჩაღ. პასუხს ჰქვია ’Sweet Home Alabama’ და მისი ავტორია ჯგუფი ’ლინერდ სკინერდი’, რომლის წევრები სამხრეთელები იყვნენ.

ჰოდა რატომ მოვყევი ეს ისტორიები? იმიტომ რომ დავადგინე: ასეთი ამბებით განისაზღვრება საზოგადოების სიმწიფე.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვაჟა ფშაველას პასუხად ლექსი კი არ დაეწერა, არამედ ფშავიდან ჩამოეყვანა თავისი ნათესავები აკაკი წერეთლის გასალახად? სასაცილოა ხომ? მეც გამეცინა.

სიტყვას ყველაზე დიდი ძალა აქვს. სიტყვის ძალამ შექმნა ’დაგვიანებული პასუხი აკაკის’ და სიტყვის და მუსიკის ძალამ - ’Sweet Home Alabama’.

იარაღის ძალას ჯერ არაფერი შეუქმნია. მხოლოდ დაუნგრევია.