Pages

Thursday, July 22, 2010

ყვითელი ყვავილი

ხულიო კორტასარი

შესაძლოა ეს ხუმრობას ჰგავს, მაგრამ ჩვენ უკვდავები ვართ. მე ეს საპირისპიროდან გამომდინარე ვიცი. ნამდვილად ვიცი, რადგან მსოფლიოში ერთადერთ მოკვდავს ვიცნობ. მან თავისი ამბავი კამბრონის ქუჩაზე მდებარე ბისტროში მიამბო. ძალიან იყო ნასვამი და გულწრფელად საუბარი არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ბისტროს მეპატრონემ და ძველმა კლიენტებმა იმდენი იცინეს, სანამ ღვინო თვალებიდან არ წამოუვიდათ. ალბათ ჩემ სახეზე გარკვეული ინტერესი შენიშნა, რადგან თავიდანვე მაგრად ჩამეჭიდა და ცოტა ხანში კუთხის ერთ პატარა მაგიდასთან მოვკალათდით, სადაც მშვიდად შეიძლებოდა დალევა და საუბარი. მითხრა, რომ ადრე მუნიციპალიტეტში მუშაობდა, საიდანაც პენსიაზე გაუშვეს და რომ მისმა მეუღლემ ცოტა ხნით თავის მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტა, რაც ქმრის მიტოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. მოხუცი არ იყო და არც გაუნათლებელს ჰგავდა, გამომშრალი სახე და ჭლექიანი ადამიანის თვალები ჰქონდა. როგორც ჩანს იმისთვის სვმადა, რომ თავდავიწყებას მისცემოდა და ეს თავად აღიარა მას შემდეგ, რაც შავი ღვინით სავსე მეხუთე ჭიქა გამოცალა. მისგან არ მოდიოდა ის პარიზული სურნელი, რომელსაც მხოლოდ უცხოელები ვგრძნობთ. მოვლილი ფრჩხილები და სრულიად უქერთლო თმა ჰქონდა.

მიამბო, რომ ერთხელ, 95 ნომერ ავტობუსში, დაახლოებით ცამეტი წლის ბიჭი ნახა და როგორც კი შეხედა, წამსვე აღმოაჩინა, რომ ბიჭი საოცრად ჰგავდა მას, ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავი ამ ასაკში სწორედ ასეთად ახსოვდა. შემდეგ ნელ-ნელა მიხვდა, რომ მსგავსება ყველაფერში იყო - იგივე სახე და ხელები, შუბლზე ჩამოვარდნილი თმა და დიდი მანძილი თვალებს შორის; ის ისეთივე მორცხვი იყო, ზუსტად ისევე ჰქონდა ჩარგული თავი კომიკსების ჟურნალში, ისეთივე ჟესტით იწევდა თმას უკან და ისეთივე უხერხული მოძრაობები ჰქონდა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ კინაღამ გაეცინა, ხოლო როდესაც ბიჭი რენის ქუჩაზე ჩავიდა, ისიც მიჰყვა და სულ დაავიწყდა, რომ მონპარნასზე მეგობარი ელოდებოდა. გამოლაპარაკების საბაბს ეძებდა, ჰკითხა, როგორ მისულიყო რომელიღაც ქუჩაზე და აღარც გაკვირვებია, როდესაც პასუხად თავისი ბავშვობის ხმა გაიგონა. ბიჭიც ზუსტად იმ ქუჩისკენ მიდიოდა და რამდენიმე კვარტალი მორცხვად გაიარეს ერთად. ამ დროს მას გონება გაუნათდა. ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მაგრამ შესაძლოა არც იყო საჭირო ამის ახსნა, რადგან როგორც კი შეეცდებოდი, წამსვე ყველაფერი ბუნდოვანი და სულელური ხდებოდა - აი როგორც ახლა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ცოტა ხანში მან ამ პატარა ბიჭის საცხოვრებელი ადგილი გაარკვია და იმ ავტორიტეტულობით, რომელიც წარსულში ბოი სკაუტების ინსტრუქტორად მუშაობისას შეიძინა, ციხესიმაგრეთა ციხესიმაგრეში - ფრანგულ ოჯახში შეაღწია. იქ მას საკმაო სიღარიბე, ხანში შესული დედა, პენსიონერი ბიძა და ორი კატა დახვდა, შემდეგ კი ისიც ადვილად მოახერხა, რომ მისმა ძმამ თავისი ცამეტი წლის შვილი ანდო და ბიჭებიც მალე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ახლა ის უკვე ყოველკვირეულად დადიოდა ლუკასთან; დედამისი გადადუღებული ყავით უმასპინძლდებოდა, საუბრობდნენ ომზე, ოკუპაციაზე და ზოგჯერ ლუკაზეც. ის რაც გონების განათებით დაიწყო, ნელ-ნელა გეომეტრიულ ფორმებს იღებდა; იძენდა იმ ნათელ გამოხატულებას, რასაც ხალხი ბედისწერას უწოდებს. ახლა უკვე ჩვეულებრივი სიტყვებითაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ფორმულირება: ლუკა მისი გაგრძელება იყო, სიკვდილი არ არსებობს, ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ.

- ყველანი უკვდავები ვართ, ჩემო ძმაო. დააკვირდით, ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია, მხოლოდ მე მერგო წილად, 95 ნომერში. პატარა შეცდომა მოხდა მექანიზმში, დროის მიმდინარეობაში - ერთდროული ტრანსფორმაცია მოხდა თანმიმდევრულის ნაცვლად. ლუკა ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ... რომ აღარაფერი ვთქვათ საოცარ შემთხვევითობაზე, როდესაც ავტობუსში შევხვდით ერთმანეთს. მგონი უკვე გითხარით, რომ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ამაში, ეჭვიც არ შემპარვია. ასე იყო და მორჩა. მაგრამ შემდეგ ეჭვები მაინც გაჩნდა, რადგან ასეთ დროს ადამიანს ჰგონია, რომ ჭკუიდან შეიშალა და დამაწყნარებლების მიღებას იწყებს. თუმცა ამ ეჭვებთან ერთად, რომლებსაც სათითაოდ ვკლავდი, იმის რწმენაც მქონდა, რომ არ ვცდებოდი, რომ ეჭვების საფუძველი არ მქონდა. იმას, რასაც ახლა ისმენთ, ზოგჯერ ამ იდიოტებსაც ვუყვები და სასაცილოდ არ ჰყოფნით. ლუკა არათუ ჩემი გაგრძელება იყო, არამედ ზუსტად ჩემნაირი უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისეთივე საცოდავი და უბედური, როგორიც თქვენს წინ მჯდომი ადამიანი. იმის დანახვაც კი საკმარისი იყო, თუ როგორ თამაშობდა, როგორ ეცემოდა ყოველთვის უხერხულად, როგორ გადაუბრუნდებოდა ხოლმე ფეხი, როგორ ეტყობოდა სახეზე ყველაფერი, რასაც განიცდიდა, როგორ წითლდებოდა, როდესაც რამეს ჰკითხავდნენ. დედამისი კი... ხომ იცით როგორ უყვართ ქალებს ლაპარაკი? როგორ უყვებიან ყველას ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იქვე დგას და სირცხვილისგან აღარ იცის სად წავიდეს? ის ყველაზე ინტიმურ ამბებს იხსენებდა: როგორ ამოუვიდა პირველი კბილი, როგორ ხატავდა, როცა რვა წლის იყო, როგორ ავადმყოფობდა... კარგი ქალი იყო და ამას, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ აკეთებდა. ბიძამისი ჭადრაკს მეთამაშებოდა, უკვე ოჯახის წევრივით ვიყავი, ფულიც კი ვასესხე, რომ თვის ბოლომდე მიეღწიათ. ლუკას წარსულის გარკვევა ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა, საკმარისი იყო სასაუბრო თემებს შორის ისეთი კითხვები ჩამესვა, რომლებიც მათ აინტერესებდათ: ბიძის რევმატიზმი, კონსიერჟის მავნებლობები, პოლიტიკა. აი ასე, ქიშებსა და ხორცის ფასების განხილვებს შორის, ლუკას ბავშვობის შესახებ ყველაფერი შევიტყვე. ახლა უკვე ნათელი იყო, რომ არ ვცდებოდი. მაგრამ, სანამ კიდევ შევუკვეთავდეთ თითო ჭიქას, კარგად მომისმინეთ: ლუკა იყო ის, რაც მე ვიყავი ბავშვობაში, თუმცა ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ის ჩემი ზუსტი ასლი იყო. ამას უფრო ანალოგი ჰქვია, გესმით? იმის თქმა მსურს, რომ ექვსი წლის ასაკში მე მუხლი ამომივარდა, ლუკას კი ლავიწის ძვალი, ცხრა წლის ასაკში ჩვენ შესაბამისად წითელა და ქუნთრუშა მოვიხადეთ, გარდა ამისა საქმეში ისტორიაც ჩაერთო, ჩემო ძმაო: მე წითელა თხუთმეტი დღე გამიგრძელდა, ლუკა კი ოთხ დღეში მორჩა. მედიცინის პროგრესთან გვაქვს საქმე, ხომ გესმით? ყველაფერი ანალოგიურად ვითარდებოდა და ამიტომ, კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სავსებით შესაძლებელია კუთხის საცხობის მეპატრონე - ნაპოლეონის რეინკარნაცია იყოს, თუმცა თავად მან ეს არ იცის, რადგან თანმიმდევრობა არ დარღვეულა, სიმართლეს ის ავტობუსში ვერასოდეს შეხვდება; მაგრამ თუ როგორღაც მოხდა და ეს სიმართლე შეიტყო, შეიძლება მიხვდეს, რომ იგივე გაიმეორა, რაც ნაპოლეონმა გააკეთა თავის დროზე. მიხვდება რომ ჭურჭლის მრეცხავიდან მონპარნასზე მდებარე კარგი საცხობის მეპატრონემდე ისეთივე მანძილია, როგორიც კორსიკიდან საფრანგეთის სამეფოს ტახტამდე; და თუ კიდევ უფრო ჩაუღრმავდება თავისი ცხოვრების ისტორიას, აუცილებლად იპოვნის მომენტებს, რომლებიც შეესაბამება ეგვიპტის კამპანიას, საკონსულოს და აუსტერლიცს, საბოლოოდ კი იმასაც მიხვდება, რომ რამდენიმე წელიწადში მის საცხობსაც რაღაცა მოუვა და ისიც თავის სანტა ელენაზე ამოჰყოფს თავს, რაც ალბათ ერთი პატარა ოთახი იქნება მეექვსე სართულზე. ისიც დამარცხებული იქნება, მარტოობის წყლებით გარშემორტყმული, ისეთივე ამაყი თავისი საცხობით, რომელიც მისთვის არწივის აფრენასავით იყო. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ?

ვხვდებოდი, მაგრამ მაინც გამოვთქვი აზრი, რომ ბავშვობაში ყველას ემართება ტიპიური დაავადებები და თან თითქმის ერთი და იმავე დროს; გარდა ამისა, თითქმის ყველა ბავშვს მოსდის რაღაცა ფეხბურთის თამაშისას.

- ვიცი, მაგრამ მე ხომ თქვენთან ჯერ მხოლოდ ხილულ დამთხვევებზე მქონდა საუბარი. მაგალითად, იმ ფაქტს, რომ ლუკა მე მგავდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანამ, სანამ ჩვენ ავტობუსში შევხვდებოდით ერთმანეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ცალკეული ეპიზოდებია და ამის ახსნა რთულია, რადგან საქმე ხასიათს, ბუნდოვან მოგონებებს და ბავშვობისდროინდელ იგავებს ეხება. იმ დროს, ანუ მაშინ, როდესაც ლუკას ასაკის ვიყავი, საკმაოდ მწარე პერიოდი გავიარე. ყველაფერი ხანგრძლივი, თითქმის დაუსრულებელი ავადმყოფობით დაიწყო, შემდეგ, როდესაც გამოვჯანმრთელდი, ბიჭებთან ერთად სათამაშოდ წავედი და ხელი მოვიტეხე, ბოლოს კი, ამ მდგომარეობიდანაც რომ გამოვედი, ჩემი თანაკლასელის და შემიყვარდა. შავ დღეში ვიყავი, რადგან იმ გოგოს თვალს ვერ ვუსწორებდი, ის კი დამცინოდა. ლუკაც ავად გახდა და ის-ის იყო გამოჯანმრთელდა, რომ ცირკში დაპატიჟეს, სადაც კიბეებზე ჩასვლისას წაიქცა და ტერფი იღრძო; შემდეგ კიდე ცოტა ხანი გავიდა და ერთ საღამოს დედამისმა ნახა, როგორ იჯდა თავის ოთახში ფანჯარასთან და ტიროდა, ხელში კი ვიღაცის ლურჯი ცხვირსახოცი ეჭირა.

ცხოვრებაში საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა აუცილებელია, ამიტომ ვთქვი, რომ ბავშვური სიყვარული ჩალურჯებული თვალების და პლევრიტების ჩვეული დამატებაა. თუმცა იქვე ვაღიარე, რომ თვითმფრინავის ამბავი სულ სხვა რამ იყო - თვითმფრინავისა, რომელსაც ზამბარიანი პროპელერი ჰქონდა და რომელიც მან ლუკას დაბადების დღეზე მიუტანა.

- რომ მივეცი, დედაჩემის ნაჩუქარი კონსტრუქტორი და მასთან დაკავშირებული შემთხვევა გამახსენდა. იმ დღეს თოთხმეტი წლის გავხდი. ეზოში ვიჯექი. ქარიშხალი ახლოვდებოდა და უკვე ჭექა-ქუხილის ხმაც ისმოდა, მაგრამ მანქანის აწყობა არ შემიწყვეტია. ამ დროს სახლიდან ვიღაცამ დამიძახა და სულ ერთი წუთით შევედი. რომ გამოვბრუნდი, კონსტრუქტორი მაგიდაზე აღარ იდო, ჭიშკარი კი ღია იყო. სასოწარკვეთილი გავვარდი გარეთ, მაგრამ უკვე აღარავინ ჩანდა და ზუსტად ამ დროს მოპირდაპირე სახლს მეხი დაეცა. ეს ყველაფერი თითქოს ერთდროულად მოხდა და სწორედ იმ მომენტში გამახსენდა, როდესაც ლუკას თვითმფრინავს ვაძლევდი, ის კი ისეთივე ბედნიერი სახით უყურებდა მას, როგორითაც მე ვუყურებდი ჩემს კონსტრუქტორს. დედამისმა ყავა მომიტანა და ის-ის იყო საუბარი დავიწყეთ, რომ მოულოდნელად ყვირილი შემოგვესმა. ლუკა ფანჯარასთან მივარდა, თითქოს გადახტომა უნდოდა. გაფითრებული იყო და ცრემლები მოსდიოდა. საბოლოოდ ძალა მოიკრიბა და გვითხრა, რომ თვითმფინავმა მიმართულება შეიცვალა და პირდაპირ ნახევრადღია ფანჯარაში გაფრინდა. ’აღარსად ჩანს, აღარსად ჩანს’, იმეორებდა ტირილით. ამ დროს ქვემოდანაც შემოგვესმა ყვირილი, ლუკას ბიძა შემოვარდა ოთახში და გამოაცხადა, რომ მოპირდაპირე სახლში ხანძარი იყო. ახლა გესმით? დიახ, სჯობს კიდევ ავიღოთ თითო ჭიქა.

გავჩუმდი, მან კი გააგრძელა და თქვა, რომ მას შემდეგ სულ ლუკაზე და მის ბედზე ფიქრობდა. დედამისს სურდა, რომ ტექნიკურ სასწავლებელში მიებარებინა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ასე იპოვნიდა ის თავის მოკრძალებულ გზას ცხოვრებაში. მაგრამ ეს გზა უკვე გახსნილი იყო და სწორედ ჩემს თანამოსაუბრეს - რომელმაც გაჩუმება არჩია, რადგან გიჟი ეგონებოდათ და საბოლოოდ ჩამოაშორებდნენ ლუკას - შეეძლო ეთქვა დედამისისთვის და ბიძამისისთვის, რომ ყველაფერი უაზრობა იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა: დამცირება, მძიმე ყოველდღიურობა, მონოტონური წლები, წარუმატებლობები, რომელიც მის სულს ისევე დაფლითავდა, როგორც ტანსაცმელს და საბოლოოდ თავს ამოჰყოფდა გაბოროტებულ სიმარტოვეში, უბნის ერთ რომელიმე ბარში. მაგრამ ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ლუკას ბედი არ იყო. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ თავის მხრივ ლუკაც მოკვდებოდა და კიდევ ერთი, სულ სხვა ადამიანი გამოვიდოდა ამ გზაზე. ლუკა მას უკვე თითქმის აღარ ანაღვლებდა. უძილო ღამეებისას მისი ფიქრები უფრო შორს, სხვა ადამიანებისკენ მიდიოდა - მათკენ, ვისაც რობერი, კლოდი ან მიშელი ერქმეოდათ და ვისთვისაც ეს უსასრულობის თეორია იქმნებოდა. თითოეული მათგანი ზუსტად გაიმეორებდა თავისი წინამორბედის ცხოვრებას ისე, რომ დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ თავისუფლებაში და ნებისყოფაში. ჩემს თანამოსაუბრეს ღვინო სევდიან გუნებაზე აყენებდა და ამას ვერაფერს მოუხერხებდი.

- ახლა დამცინიან, როდესაც ვამბობ, რომ ლუკა რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. ისინი შტერები არიან და ვერასოდეს გაიგებენ, რომ... დიახ, დიახ, ნუ მიყურებთ თქვენც ასეთი თვალებით. ის გარდაიცვალა. ყველაფერი რაღაც ბრონქიტის მსგავსით დაიწყო. ზუსტად იმავე ასაკში მე ღვიძლის დაავადება მქონდა. მე საავადმყოფოში დამაწვინეს, ლუკას დედამ კი გადაწყვიტა მისთვის სახლში ემკურნალა. მე მათთან ყოველდღიურად დავდიოდი და ზოგჯერ ჩემი ძმისშვილიც მიმყავდა, ლუკა რომ გართულიყო. სახლში ისეთი სიღარიბე ჰქონდათ, რომ ჩემი ყოველი ვიზიტი მათთვის ყველა გაგებით შვებისმომგვრელი იყო - ლუკაც არ იწყენდა და თან ქაშაყით სავსე პაკეტი ან ქლიავის ნამცხვარი მიმქონდა. ისინი უკვე იმასაც იყვნენ მიჩვეულები, რომ წამლების ყიდვაც მე მქონდა აღებული საკუთარ თავზე, რადგან იცოდნენ, რომ ერთ-ერთ აფთიაქში განსაკუთრებული ფასდაკლებით ვსარგებლობდი. ბოლო დღეებში უკვე ისე მხვდებოდნენ, როგორც ლუკას პირად ექიმს და ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ისეთ სახლში, როგორიც მათია, ანუ სადაც ექიმი განსაკუთრებული ინტერესის გარეშე შედის და გამოდის, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, ემთხვევა თუ არა ბოლო სიმპტომები პირველ დიაგნოზს... რატომ მიყურებთ ასე? რამე არასწორი ვთქვი?

არა, არაფერი ისეთი არ უთქვამს, განსაკუთრებით დალეული ღვინის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. პირიქით, თუ რაღაც განსაკუთრებულ საშინელებას არ წარმოვიდგენთ, საბრალო ლუკას სიკვდილი სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი წარმოსახვითი უნარის გამოყენებით ფანტაზიორობა 95 ნომერ ავტობუსში დაიწყოს და მომაკვდავი ბავშვის საწოლთან ჯდომით დაასრულოს. მინდოდა დამემშვიდებინა, ამიტომ ეს ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი. ცოტა ხანს უსიტყვოდ იყურებოდა ჰაერში, შემდეგ ისევ ალაპარაკდა.

- კარგი, როგორც გსურთ ისე გაიგეთ. სიმართლე გითხრათ, დასაფლავების შემდეგ რამდენიმე კვირა რომ გავიდა, პირველად ვიგრძენი რაღაც ბედნიერების მსგავსი. დრო და დრო ისევ დავდიოდი ლუკას დედის მოსანახულებლად და ნამცხვრებიც მიმქონდა, მაგრამ ის და მისი სახლი უკვე ნაკლებად მადარდებდა. საოცარმა გრძნობამ შემიპყრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი მოკვდავი მერქვა, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება დღითიდღე, ღვინის ყოველ ჭიქასთან ერთად იცლებოდა და საბოლოოდ გარკვეულ დროსა და ადგილას დასრულდებოდა, ზუსტად გაიმეორებდა ჩემთვის უცნობი ადამიანის ბედს, რომელიც კაცმა არ იცის როდის და სად ცხოვრობდა, მაგრამ მე უკვე ნამდვილად მკვდარი ვიქნებოდი, იმ ლუკას გარეშე, რომელიც ამ გზაზე იმისთვის გამოვიდა, რომ ეს უაზრო ცხოვრება ასევე უაზროდ გაევლო. ჩაწვდით, ჩემო ძმაო, ამ გრძნობას, გშურდეთ იმ ბედნიერების, რომელიც მე განვიცადე.

როგორც ჩანს, ახლა აღარ განიცდიდა და ამის დასტური ბისტრო და იაფი ღვინო იყო; კიდევ მისი თვალები, რომლებშიც ციებ-ცხელება იკითხებოდა, თუმცა ის მისი სხეულიდან არ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, შემდეგი რამდენიმე თვე ის თავისი ყოველდღიური ცხოვრების თითოეული წამით ტკბებოდა, თავის არშემდგარ ქორწინებაზე, ორმოცდაათი წლის ასაკში განცდილ მარცხზე ფიქრობდა, დარწმუნებული იყო თავის სიკვდილში, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ეწვეოდა. ერთ საღამოს, როდესაც ლუქსემბურგის ბაღში სეირნობდა, ყვავილი დაინახა.

- პატარა შემოღობილი ბაღის კიდეზე იყო ამოსული - რაღაც ყვითელი ყვავილი. შევჩერდი, სიგარეტს მოვუკიდე და სწორედ ამ დროს შევამჩნიე. თითქოს ისიც მე მიყურებდა, ზოგჯერ ასეთი კონტაქტი მყარდება... ხომ იცით, ყველა გრძნობს იმას, რასაც სილამაზე ჰქვია. ყვავილი ლამაზი იყო, ულამაზესი. მე განწირული ვიყავი, ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდებოდი და სამუდამოდ წავიდოდი ამ ცხოვრებიდან. ყვავილი კი ლამაზი იყო, ყვავილი ყოველთვის იარსებებს მომავალი ადამიანებისთვის. ამ დროს სრულიად მოულოდნელად მივხვდი თუ რა არის არარაობა, ის რასაც მე ყოველთვის სიმშვიდედ და ჯაჭვის დასასრულად აღვიქვამდი. მე მოვკვდებოდი და ლუკაც უკვე მკვდარი იყო, ჩვენნაირებისთვის ყვავილი უკვე აღარ იარსებებდა, არაფერი დარჩებოდა, სრულიად არაფერი და ეს ’არაფერი’ სწორედ ის იყო რომ ყვავილიც აღარ იქნებოდა. ასანთმა ხელი დამწვა. მოედანზე გავედი, პირველ შემხვედრ ავტობუსზე დავჯექი და უაზროდ დავიწყე ყურება გარშემო, ქუჩაში და თავად ავტობუსში ვაკვირდებოდი ყველას. როდესაც ბოლო გაჩერებამდე მივედით, ჩამოვედი და სხვა, გარეუბანში მიმავალ ავტობუსში ავედი. მთელი საღამო, სანამ დაბნელდებოდა, უამრავი ავტობუსი გამოვიცვალე, თან ყვავილზე და ლუკაზე ვფიქრობდი, მგზავრებს ვათვალიერებდი და ვეძებდი ვიღაცას, ვისაც ლუკას ან საკუთარ თავს მივამსგავსებდი, ვინც ჩემი გაგრძელება იქნებოდა, ვისაც შევხედავდი და მივხვდებოდი, რომ ის ისევ მე ვარ; შემდეგ კი თავს დავანებებდი და წავიდოდი, მივცემდი საშუალებას, რომ თავად გაევლო თავისი საცოდავი და უაზრო ცხოვრება, თავისი სულელური და დანგრეული ცხოვრება სხვა სულელური და დანგრეული ცხოვრების დაწყებამდე, სხვა სულელური და დანგრეული ცხოვრების დაწყებამდე, სხვა...

ანგარიში მოვითხოვე.

No comments:

Post a Comment