Pages

Tuesday, April 12, 2011

პასუხი

ერთი კარგი ისტორია გამახსენდა. დაახლოებით 2002 წელი იქნებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი მაშინ, 'იუნესკოს' დეპარტამენტში. ერთხელ რაღაც სემინარი გაიმართა თბილისში, თემა არ მახსოვს რა იყო, ალბათ რაღაც მსოფლიო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული... მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მთავარი ის არის, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის დელეგაციები იყო ჩამოსული. სემინარის ბოლო დღეს დიდი ბანკეტი გაიმართა. სადღაც ბოლოსკენ, უკვე კაი მაგრად მთვრალები რო ვიყავით, ერთი სომეხი ადგა, სადღეგრძელო უნდა ვთქვაო.

მოიმარჯვა ჭიქა და ამბობს:

- ამ ჭიქით მე მინდა ქართველი გოგოების სადღეგრძელო დავლიო, ასეთი ლამაზი გოგოები არსად არ მინახავს. სიმართლე გითხრათ, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მეგონა, რომ ყველაზე ლამაზი გოგოები სომხეთში იყვნენ...

მის პირდაპირ აზერბაიჯანელი იჯდა. რა ერქვა არ მახსოვს, მაგრამ კარგი იუმორი ჰქონდა. წამსვე რეაგირება მოახდინა:

- თქვენ ეტყობა სომხეთიდან ადრე არსად გასულხართ...

Tuesday, April 5, 2011

წერეთ ქართულად!!!

მომკალით და ვერაფრით შევეგუე, ქართულ ტექსტებში რომ უცხოურ სიტყვებს ლათინური ასოებით წერენ. მაღიზიანებს. არ ვიცი, ასაკის ბრალია (40-ს გადაცილებული ვარ უკვე) თუ სხვა რამის, მაგრამ მართლა მაგრად მეშლება ნერვები.

’ამას წინათ გაზეთ ’Weekend’-ში წავიკითხე....’

’იტალიელი ტენორი Luciano Pavarotti 2007 წელს გარდაიცვალა...’

’ნიუ იორკში მდებარე ’World Trade Center’-ის ორი ცათამბჯენი....’

’მეგობარმა მითხრა ’music ain't happening’-ო...’


მოგწონთ? მე - არა. მაცოფებს. მინდა ხოლმე რო ის ჟურნალი თუ გაზეთი, სადაც ასეთ ფრაზებს ვკითხულობ, დავხიო, დავწვა და ავტორი გავლახო. გაუგებარია, რატომ არ შეიძლება დაწერო ’გაზეთი ’უიქენდი’’ ან ’ლუჩანო პავაროტი’ ან ’მსოფლიო სავაჭრო ცენტრი’ ან ეს ოხერი ინგლისური ფრაზა, გასაგებია, რომ ინგლისურად გითხრეს და ისიც გასაგებია, რომ შენც კარგად იცი ინგლისური და ეს ყველაფერი გაიგე. ყოჩაღ შენ! მაგრამ დაწერე რა ქართულად, ძნელია?

უნდა მოათრიო ყურებით ასეთი ფრაზების დამწერი და მაგალითად აი ეს წააკითხო:

عمر خیام გარდაიცვალა 1131 წელს...

قناة الجزيرة-მ გადმოსცა, რომ طالبان ქალაქი قندهار აიღეს...

陳港生 დაიბადა 香港-ში და შემდეგ America-ში წავიდა, სადაც ძალიან ბევრ film-ში მიიღო მონაწილეობა...

Շահնուր Վաղինակ-ს კონცერტმა Երեւան-ში წარმატებით ჩაიარა...