Pages

Wednesday, March 30, 2011

გამარჯვებულის ფსიქოლოგია

გუშინ ნაკრებმა წააგო და ისევ მომერია სევდა. ზოგჯერ ვფიქრობ, ამის დედა ვატირე, რატომ არ შეიძლება გულგრილი ვიყო მეთქი, მაგრამ არა... ვერ ვიქნები გულგრილი... წარმოიდგინეთ, 4-5 წლის ვიყავი რო დავინახე მამაჩემი ტელევიზორთან იჯდა და რაღაცას აღგზნებული უყურებდა. რას უყურებ მეთქი ვკითხე და ფეხბურთსო. გვერდში დამისვა და მითხრა, აი ჩვენები თეთრები არიან და იმ კარში უნდა შეაგდონ ბურთიო. იმის მერე ავად ვარ. თან, მადლობა ღმერთს, ის პერიოდი დაემთხვა დინამო რო მაგარი იყო. ისიც მახსოვს თასების თასის ნახევარფინალში ფეიენოორდი რო შეგვხვდა და პირველი თამაში თბილისში იყო. ხალხი ამბობდა, მინიმუმ 3-0 უნდა მოვიგოთ, ისე ვერ გავალთო. გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჰქონდა ხალხს. ფეხბურთელებსაც. ფეიენოორდთან 3-0 ვგეგმავდით. შევასრულეთ მაშინ. პირველ პირში ვლაპარაკობ, არ გაგიკვირდეთ. საყვარელი გუნდი ეგეთი რამეა. შენი სულის ნაწილია. შენი ნაწილია.

ახლა ხშირად ამბობენ, გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ აქვსო. რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, ერთ ქვეჯგუფში მოვხვდით ინგლისთან, იტალიასთან, პოლონეთთან და მოლდოვასთან. პირველი იტალიაში წავაგეთ 0-1, მერე ინგლისთან აქ - 0-2, მერე ისევ ინგლისთან იქ - 0-2 და მეოთხე თამაში, როგორც იქნა მოვიგეთ მოლდოვასთან ბათუმში 2-0. თამაშის მერე კახა ცხადაძემ მისცა ინტერვიუ ჟურნალისტს და თქვა, კარგია რომ მოვიგეთ, ახლა უკვე ბიჭებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდაო. მეხუთე თამაში პოლონეთში გვქონდა და 1-4 წავაგეთ.

ამ 'გამარჯვებულის ფსიქოლოგიას' ხშირად ახსენებენ, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ არავინ წესიერად არ იცის, რას ნიშნავს ეს ფრაზა.

როდესაც 12-თამაშიანი წაუგებელი სერია გაქვს, ხორვატიას დაამარცხებ, პირველ ადგილს სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩები და ამ დროს, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ შანსი მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლისა გვაქვს, ეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ არის. ეს დამარცხებულის ფსიქოლოგიაა.

ისრაელში რომ მოგვეგო, 4 ივნისამდე 12 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები ვიქნებოდით. მერე გვრჩებოდა გასვლა ხორვატებთან, სახლში ლატვია, გასვლა მალტასთან და სახლში საბერძნეთი. მაგრამ ვერა, ვერ მოვიგეთ.. წავაგეთ. ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. დამარცხებულის ფსიქოლოგიით შორს ვერ წახვალ. ეს ისეთი რაღაცაა, რომ პირველ ადგილზე ყოფნის შიში გიჩნდება. ჩვენ მეორესთვის უნდა ვიბრძოლოთ და თუ მესამეზე გავედით, კარგი იქნება. პირველზე ჩვენი ადგილი არ არის.

ისევ ხორვატია მახსენდება. ამ გუნდის ოქროს თაობა - შუკერი, ვლაოვიჩი, პროსინეჩკი, ბობანი... 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, მერე ჯგუფიდანაც გავიდნენ და პლეიოფში გერმანიასთან დამარცხდნენ. მსაჯი ერთი-ორჯერ გერმანიის სასარგებლოდ შეცდა. ხორვატების ცრემლები არასოდეს დამავიწყდება. 1998 წლის მსოფლიოზე ისევ შეხვდნენ პლეიოფში გერმანიას და 3-0 დაამარცხეს. თამაშის მერე შუკერმა თქვა, ახლა ხომ გაიგეთ, რომ მაგარი გუნდი ვართ და აწი ზემოდან ნუ შემოგვხედავთო. აი ეს არის გამარჯვებულის ფსიქოლოგია. იმ გუნდის გაჭრილ გზაზე დადის ხორვატია დღემდე. ხორვატია, რომელიც ჩვენსავით 4 მილიონიანი ქვეყანაა.

ზეპ პიონტეკი იყო ასეთი მწვრთნელი. 1986 წელს დანია რო მაგარი იყო, მისი დამსახურებაა. მან თქვა: 'ის, ვინც თანახმაა იყოს მეორე, ვერასოდეს ვერაფერს მოიგებს'.

Friday, March 25, 2011

ელტონ ჯონი - 64


ერთი უკრაინული მუსიკალური საიტია (რუსულენოვანი), რომელსაც ხშირად ვიყენებდი რადიოში მუშაობისას. ბევრი სასარგებლო რუბრიკა აქვთ - ახალი ამბები, ჭორები, რომელ დღეს ვინ დაიბადა და ასე შემდეგ, მაგრამ, ამავე დროს, ბევრ სისულელესაც წერენ. მაგალითად ერთხელ წავიკითხე, რომ 'ბობ დილანი იმდენად დიდი მუსიკოსია, რომ თავისუფლად შეგვიძლია ის იოსიფ კობზონს შევადაროთ'. აი დღესაც, მოულოდნელად გამახსენდა ეს საიტი, დამაინტერესა ვისი დაბადების დღეა და შევედი. ელტონ ჯონი გამხდარა დღეს 64 წლის და აი რა წერია მასზე: 'ცნობილი ბრიტანელი მომღერალი. სახელი გაითქვა ჩაცმის ორიგინალური სტილით და ასევე იმით, რომ ემინემთან იმუშავა'.

საწყალი ელტონ ჯონი, მოკლედ ეგზოტიკური სამოსი რომ არ უყვარდეს და ემინემთან ერთად რომ არ ემღერა, კაციშვილი არ იყო მისი დამნახავი.

1970 წელს, როდესაც რეჯინალდ კენეტ დუაითმა (მისი ნამდვილი სახელია) თავისი პირველი ჰიტი 'შენი სიმღერა' (Your song) გამოსცა, ჯონ ლენონმა ასეთი რამ თქვა: 'This is the first new thing that happened, since we happened'. ზუსტი თარგმანის გაკეთება მიჭირს, მაგრამ იდეა ასეთია: 'ეს არის პირველი სიახლე, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვჩნდით'.

ცოტათი მოვიტყუე. ელტონ ჯონის პირველი ჰიტი სინამდვილეში 1969 წელს გამოსული 'ლედი სამანტა' იყო, მაგრამ 'შენი სიმღერა' პირველია, რომელიც დღემდე ცოცხალია და ყოველი მოსმენისას ახალივით ჟღერს.

მე თუ მკითხავთ, ელტონ ჯონის ნამდვილი შემოქმედება სწორედ 1970 წელს დაიწყო და სადღაც 1974-ში დასრულდა. ამის შემდეგ მუსიკალური სამყარო შეიცვალა და დღევანდელმა იუბილარმაც შეცვალა პრიორიტეტები.

ჩემი კლასიკური როკის მოყვარულ მეგობრებს დღემდე არ ესმით რატომ მომწონს ელტონ ჯონი. მათი აზრით, იქ, სადაც ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნზი, დიპ ფარფლი და პინკ ფლოიდი არიან, ამ 'პაპსავიკის' ხსენება საერთოდ არ უნდა იყოს.

ისე ერთხელ ერთ-ერთმა საინტერესო რაღაც მითხრა, შეიძლება ელტონ ჯონს ჰქონდა კიდეც რამდენიმე ღირებული სიმღერა, მაგრამ 'როკენროლშჩიკი' არასოდეს ყოფილაო. ამაში ორივე ხელით ვეთანხმები. 70-იანი წლების დასაწყისში პოპ მუსიკოსების უმრავლესობა ცდილობდა როკის სტილში დაეწერა სიმღერები, რადგან როკი მაშინ უფრო პოპულარული, უბრალო ენით რომ ვთქვათ 'კაი პონტი' იყო. სადღაც 1975 წლიდან კი ყველაფერი შეიცვალა და წამოვიდა დისკო, ელექტრო გიტარას პოპულარობით სინთეზარტორმა აჯობა და ელტონ ჯონიც დინებას მიჰყვა. ალბათ მართალიც იყო, რადგან 'როკელროლშჩიკობა' რომ სისხლში არ ჰქონდა თავად ყველაზე კარგად იცოდა.

შემდეგაც ჰქონდა ბევრი ჰიტი, მაგრამ მე თუ მკითხავთ ელტონ ჯონი სწორედ 1970-1974 წლების გამოა ლეგენდა.

მის ალბომს 'Tumbleweed Connection' (1971) დღესაც უკავია საპატიო ადგილი ჩემს ფონოტეკაში. დროდადრო გამახსენდება ხოლმე და პირველიდან ბოლო სიმღერამდე ერთი ამოსუნთქვით ვუსმენ.

თქვენც გირჩევთ.

Monday, March 7, 2011

კონკრეტული პასუხი

ამას წინათ წავაწყდი სადღაც ამ ისტორიას და ბევრი ვიცინე.

მოკლედ, ეს ამბავი ამერიკაში მომხდარა, სადღაც 70-იან წლებში. ერთ-ერთი ქალაქის ერთ-ერთ სტადიონს ვიღაც ინტრიგანმა წერილი გაუგზავნა:

'ბატონებო, მე ვარ მისტერ ჯ. კოქსი და თქვენს სტადიონზე რეგულარულად ვესწრები თამაშებს. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ პრობლემაზე: ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები ქაღალდის მტრედებს უშვებენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. მსურს გაგაფრთხილოთ, რომ თუ ერთ-ერთი ასეთი ქაღალდის მტრედი მე მომხვდა თვალში ან ყურში, შესაძლოა ჩემს ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს. ასეთ შემთხვევაში მე აუცილებლად ვიჩივლებ სასამართლოში. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ ამ პრობლემას'

ორ დღეში სტადიონის ადმინისტრაციამ პასუხი გააგზავნა:

'ძვირფასო მისტერ კოქს, გვსურს გაცნობოთ, რომ ვიღაც იდიოტი თქვენი სახელით სულელურ წერილებს გვიგზავნის'.