Pages

Friday, March 25, 2011

ელტონ ჯონი - 64


ერთი უკრაინული მუსიკალური საიტია (რუსულენოვანი), რომელსაც ხშირად ვიყენებდი რადიოში მუშაობისას. ბევრი სასარგებლო რუბრიკა აქვთ - ახალი ამბები, ჭორები, რომელ დღეს ვინ დაიბადა და ასე შემდეგ, მაგრამ, ამავე დროს, ბევრ სისულელესაც წერენ. მაგალითად ერთხელ წავიკითხე, რომ 'ბობ დილანი იმდენად დიდი მუსიკოსია, რომ თავისუფლად შეგვიძლია ის იოსიფ კობზონს შევადაროთ'. აი დღესაც, მოულოდნელად გამახსენდა ეს საიტი, დამაინტერესა ვისი დაბადების დღეა და შევედი. ელტონ ჯონი გამხდარა დღეს 64 წლის და აი რა წერია მასზე: 'ცნობილი ბრიტანელი მომღერალი. სახელი გაითქვა ჩაცმის ორიგინალური სტილით და ასევე იმით, რომ ემინემთან იმუშავა'.

საწყალი ელტონ ჯონი, მოკლედ ეგზოტიკური სამოსი რომ არ უყვარდეს და ემინემთან ერთად რომ არ ემღერა, კაციშვილი არ იყო მისი დამნახავი.

1970 წელს, როდესაც რეჯინალდ კენეტ დუაითმა (მისი ნამდვილი სახელია) თავისი პირველი ჰიტი 'შენი სიმღერა' (Your song) გამოსცა, ჯონ ლენონმა ასეთი რამ თქვა: 'This is the first new thing that happened, since we happened'. ზუსტი თარგმანის გაკეთება მიჭირს, მაგრამ იდეა ასეთია: 'ეს არის პირველი სიახლე, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვჩნდით'.

ცოტათი მოვიტყუე. ელტონ ჯონის პირველი ჰიტი სინამდვილეში 1969 წელს გამოსული 'ლედი სამანტა' იყო, მაგრამ 'შენი სიმღერა' პირველია, რომელიც დღემდე ცოცხალია და ყოველი მოსმენისას ახალივით ჟღერს.

მე თუ მკითხავთ, ელტონ ჯონის ნამდვილი შემოქმედება სწორედ 1970 წელს დაიწყო და სადღაც 1974-ში დასრულდა. ამის შემდეგ მუსიკალური სამყარო შეიცვალა და დღევანდელმა იუბილარმაც შეცვალა პრიორიტეტები.

ჩემი კლასიკური როკის მოყვარულ მეგობრებს დღემდე არ ესმით რატომ მომწონს ელტონ ჯონი. მათი აზრით, იქ, სადაც ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნზი, დიპ ფარფლი და პინკ ფლოიდი არიან, ამ 'პაპსავიკის' ხსენება საერთოდ არ უნდა იყოს.

ისე ერთხელ ერთ-ერთმა საინტერესო რაღაც მითხრა, შეიძლება ელტონ ჯონს ჰქონდა კიდეც რამდენიმე ღირებული სიმღერა, მაგრამ 'როკენროლშჩიკი' არასოდეს ყოფილაო. ამაში ორივე ხელით ვეთანხმები. 70-იანი წლების დასაწყისში პოპ მუსიკოსების უმრავლესობა ცდილობდა როკის სტილში დაეწერა სიმღერები, რადგან როკი მაშინ უფრო პოპულარული, უბრალო ენით რომ ვთქვათ 'კაი პონტი' იყო. სადღაც 1975 წლიდან კი ყველაფერი შეიცვალა და წამოვიდა დისკო, ელექტრო გიტარას პოპულარობით სინთეზარტორმა აჯობა და ელტონ ჯონიც დინებას მიჰყვა. ალბათ მართალიც იყო, რადგან 'როკელროლშჩიკობა' რომ სისხლში არ ჰქონდა თავად ყველაზე კარგად იცოდა.

შემდეგაც ჰქონდა ბევრი ჰიტი, მაგრამ მე თუ მკითხავთ ელტონ ჯონი სწორედ 1970-1974 წლების გამოა ლეგენდა.

მის ალბომს 'Tumbleweed Connection' (1971) დღესაც უკავია საპატიო ადგილი ჩემს ფონოტეკაში. დროდადრო გამახსენდება ხოლმე და პირველიდან ბოლო სიმღერამდე ერთი ამოსუნთქვით ვუსმენ.

თქვენც გირჩევთ.

No comments:

Post a Comment