Pages

Wednesday, January 12, 2011

ხაშლამა მურაბით

’რადიო 2 - ქართული რადიო’ გაგიგიათ ალბათ.

ჰოდა, იქ ვმუშაობდი წინა ცხოვრებაში და ჩვენი უფროსი იყო ერთი დამსახურებული რადიომუშაკი, რომელიც წამდაუწუმ რეკავდა ხოლმე სტუდიაში და შენიშვნებს აძლევდა წამყვანებს. ამ რადიოში, მიუხედავად იმისა, რომ ’ქართული რადიო’ ერქვა, ზოგჯერ უცხოური სიმღერების გაშვებაც შეიძლებოდა, მაგრამ თუ ნამეტანი მოგივიდოდა, დამსახურებული რადიომუშაკი დარეკავდა ხოლმე და შეგახსენებდა, რომ ქართული სიმღერებიც არსებობდა.

ერთხელ, როდესაც მორიგე ვიყავი, 4-5 უცხოური სიმღერა მივაყოლე ერთმანეთს და სანამ დამსახურებული რადიომუშაკი დარეკავდა საყვედურით, თავად გამახსენდა რა ერქვა ჩვენს რადიოს, ამიტომ ’ბიტლების’ ერთ-ერთი სიმღერის შემდეგ, თუ არ ვცდები, ნანი ბრეგვაძის სიმღერა გავუშვი.

’ეგრე ავად რად მიყურებ მთვარეოოოო....’ ის-ის იყო გაისმა და ტელეფონმაც დარეკა. ავიღე ყურმილი და იქიდან დამსახურებული რადიომუშაკის ხმა შემომესმა:

- რომელი ხარ?
- რამაზ ხატიაშვილი, ბატონო ვახტანგ
- ბიჭო, შენ ხაშლამას მურაბით ჭამ?
- არა
- აბა ბიტლების შემდეგ ნანი ბრეგვაძე რამ გაგაშვებინა?

აღარ მახსოვს რა ვუპასუხე, მაგრამ ეს ხაშლამის და მურაბის ამბავი მაგრად ჩამრჩა გონებაში და კიდევ ერთხელ 2010 წლის 31 დეკემბრის ღამეს გამახსენდა.

ბათუმის ’ინტურისტში’ ვუკრავდი ’აგორა ლაივ ბენდთან’ ერთად. ბიტლებს ბობ დილანი მოჰყვებოდა, ბობ დილანს - როლინგები, როლინგებს - ლენი კრავიცი, სტივი უანდერი და ხალხიც ასე თუ ისე ერთობოდა.

ამ დროს ერთი საშუალოზე მეტი ასაკის მამაკაცი მოუახლოვდა სცენას და გვეუბნება:

- ბიჭებო ერთი რამე ქართული იმღერეთ რა...
- უკაცრავად, ჩვენ არ ვმღერით ქართულს
- როგორ? (სახეზე შეშფოთება შეეტყო) სულ არ მღერით?
- სხვა სიტუაციაში კი, მაგრამ დღეს - არა
- ე ბიჭო მერე, რა მოხდება ’ჭრელო პეპელა’ მაინც იმღერეთ

ალბათ ხაშლამა მურაბით უყვარდა.

ზოგჯერ დამსახურებული რადიომუშაკები კარგ რამეს იტყვიან ხოლმე...