Pages

Friday, February 19, 2010

ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი


1885 წლის 18 თებერვალს მარკ ტვენმა გამოსცა თავისი ცნობილი რომანი ‘ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი’.

წიგნის მთავარი გმირები არიან თავად ჰაკლბერი ფინი და მისი მეგობარი ჯიმი, რომელიც მონობიდან გაიქცა და ახლა ჰაკლბერისთან ერთად ტივით მიცურავს მდინარე მისისიპიზე, რათა ოჰაიოს შტატამდე მიაღწიოს და მონობიდან საბოლოოდ განთავისუფლდეს. წიგნში სატირიკულად არის წარმოჩენილი მონობა და რელიგია. ჯიმი გამოყვანილია ძლიერ, მამაც, კეთილ და ბრძენ ადამიანად, ხოლო თეთრკანიანი პერსონაჟების უმეტესობა უხეშები, სულელები და ეგოისტები არიან.

1885 წელს ამერიკის სამოქალაქო ომი უკვე 20 წლის დამთავრებული იყო და ამდენივე იყო გასული მონობის გაუქმებიდან, მაგრამ წიგნმა მაინც არაერთგვაროვანი აზრი გააჩინა ამერიკის საზოგადოებაში. რომანის გამოსვლიდან ერთ თვეში ის აკრძალა მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთმა ბიბლიოთეკამ. მას მალე სხვებმაც მიბაძეს, რითიც სათავე დაუდეს პოლემიკას, რომელიც 1910 წელს მარკ ტვენის სიკვდილის შემდეგაც კი გაგრძელდა.

1950-იან წლებში ‘ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი’ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ამერიკის შავკანიანმა საზოგადოებამ, რომლის აზრით რომანი რასისტული იყო. სულ ახლახანს კი, 1998 წელს, არიზონას შტატის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თავისი შვილის სკოლას უჩივლა და განაცხადა, რომ ამ რომანის სკოლაში სწავლება ისედაც არსებულ რასისტულ ტენდენციებს კიდევ უფრო აღვივებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ‘ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი’ საყოველთაოდ ითვლება მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად. ერნესტ ჰემინგუეიმ თავის დროზე განაცხადა, რომ ეს წიგნი ამერიკის ლიტერატურის დასაწყისია: ‘მანამდე არაფერი იყო. მას შემდეგ ასეთი კარგი არაფერი ყოფილა’.

No comments:

Post a Comment