Pages

Friday, February 19, 2010

აარონ ბერი Aaron Burr


აარონ ბერი - ამერიკის შეერთებული შტატების მესამე ვიცე პრეზიდენტი იყო, რომელიც 1807 წლის 19 თებერვალს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

ამ პოლიტიკოსის სკანდალური ისტორია 1800 წლის ნოემბერში დაიწყო. აარონ ბერი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მან და მისმა მოწინააღმდეგემ თომას ჯეფერსონმა ერთნაირი რაოდენობის ხმები დააგროვეს, გადამწყვეტი როლი კი აქ ფედერალისტმა ალექსანდერ ჰემილტონმა ითამაშა, რომელმაც ჯეფერსონს მისცა ხმა. შედეგად ეს უკანასკნელი პრეზიდენტი გახდა, აარონ ბერი კი - ვიცე პრეზიდენტი. როგორც ამბობენ ბერმა ჰემილტონზე სწორედ მაშინ ჩაიდო ბოღმა გულში. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰემილტონთან, რომელშიც ის აარონ ბერს სახიფათო ადამიანს უწოდებდა.

ბერმა ჰემილტონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, ჰემილტონმა უარი თქვა და ბერმა ის დუელში გაიწვია. 1804 წლის 11 ივლისს ბერი და ჰემილტონი ერთმანეთის პირისპირ ნიუ ჯერსის შტატის ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას წარსდგნენ. გადმოცემის მიხედვით ჰემილტონმა, რომელსაც ამ მომენტიდან 3 წლით ადრე შვილი მოუკლეს დუელში, შეგნებულად გაისროლა ჰაერში, აარონ ბერმა კი თავის ვიზავის სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ალექსანდერ ჰემილტონი მეორე დღეს, ნიუ იორკში გარდაიცვალა.

ამ დუელმა აარონ ბერის პოლიტიკური კარიერა დაასამარა. ვიცე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბერი ახალ ორლეანში გაემგზავრა და იქ ვინმე გენერალ უილკინსონს შეხვდა. მათი შეთქმულების ზუსტი შინაარსი უცნობია, მაგრამ გავრცელებული ხმების მიხედვით ბერს გადაწყვეტილი ჰქონდა ამერიკის სამხრეთში დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა და ამისთვის ესპანელებისთვის ტერიტორიის წართმევა. 1806 წელს გენერალი უილკინსონი საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით აარონ ბერს განუდგა და ის ვაშინგტონში დაასმინა. ბერი 1807 წელს დააკავეს, თუმცა სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ის გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრი ბერის შესახებ უკვე შექმნილი იყო - ხალხში მას მოღალატეს უწოდებდნენ.

აარონ ბერმა რამდენიმე წელი ევროპაში გაატარა, მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.

No comments:

Post a Comment