Pages

Tuesday, February 23, 2010

რომანსი, პარაზიტოლოგი და სინდიოფალა

ნინო არაზაშვილის კივილმა მთელი სტუდია 'ქართული ჩანაწერები' ფეხზე დააყენა.

'ციყვი!!! ციყვი!!!', შემზარავად კიოდა ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი, რამაც სტუდიის თანამშრომლები ცოტა არ იყოს შეგვაშინა და თან შეგვაფიქრიანა. ეს კეთილშობილი მღრღნელი, მოგეხსენებათ, ადამიანებში უფრო სიმპათიას იწვევს, ვიდრე შიშს, ამიტომ ნინოს ყვირილის ლოგიკას ვერანაირად ვერ ჩავწვდით.

მესმის 'გველი!!! გველი!!!' ეყვირა, ან 'ვირთხა!!! ვირთხა!!!', კიდე გავიგებდით. ნუ, ჯანდაბას, 'ჭია!!! ჭია!!!' ყოფილიყო, ვიფიქრებით გოგოა, ნაზია, აზიზი და ჭიების ეშინია თქო, მაგრამ 'ციყვი!!! ციყვი!!!', კაცო???

გაფითრებული ნინო თითს იმ სტუდიისკენ იშვერდა, სადაც სულ რამდენიმე წამის წინ თავად იდგა და 'ატვარი პატიხონკუ კალიტკუ'-ს მღეროდა. ბუნებრივია შევედით, დავათვალიერეთ, მაგრამ ვერანაირი ციყვი იქ ვერ აღმოვაჩინეთ და ნინოს ვურჩიეთ სახლში წასულიყო და დაესვენა.

მეორე დღეს 'ციყვი' იმავე სტუდიაში ვახო ბაბუნაშვილმა დაინახა და მხოლოდ მისთვის ჩვეული კომპეტენტურობით მოგვახსენა, ციყვი კი არა სინდიოფალააო (Mustela nivalis). მერე მგონი გიორგი ასანიშვილმაც დაინახა და თქვა, სინდიოფალა არ ვიცი, მაგრამ ციყვი ნამდვილად არ არისო. მოკლედ ვახოს დავუჯერეთ და დავასკვენით, რომ სინდიოფალაა. მერე ბასა ჯანიკაშვილი მოვიდა და მხოლოდ მისთვის ჩვეული რაღაცნაირი ტონით გვიბრძანა, ვინმე სადმე წადით და ჰკითხეთ როგორ მოვიქცეთო. სად სადმე-მეთქი ვკითხე და გაბრაზდა, არ ვიცი, ყველაფერზე მე ხომ არ ვიფიქრებო.

ვინ ახსენა პირველად პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი ახლა არ მახსოვს, მაგრამ მეორე დღეს მე და ჩვენი მდივანი ეკა ოსიშვილი სწორედ იქ წავედით. შენობაში რომ შევედით (პლეხანოვზე იყო) პირველივე კაბინეტის კარი შევაღეთ და იქ მჯდომ თეთრხალათიან ქალბატონს დახმარება ვთხოვეთ.

- გამარჯობა
- მობრძანდით
- უკაცრავად, სტუდიაში სინდიოფალა შემოგვეჩვია და რა მოვუხერხოთ არ ვიცით
- სინდიოფალა? ოოოოოო... საინტერესოა. იცით, მისი გაბრაზება არაფრით არ შეიძლება
- რატომ?
- დაწყევლა იცის
- დაწყევლა?
- დიახ
- გასაგებია და, ხომ ვერ გვასწავლით როგორ გავაგდოთ ისე, რომ არ გაბრაზდეს
- გეტყვით აუცილებლად. შეწვით ერბოკვერცხი, პირჯვარი გადაწერეთ და იმ ოთახში დადეთ, სადაც სინდიოფალაა.
- შეჭამს და წავა?
- შეიძლება არ შეჭამოს, მაგრამ წავა.

სტუდიაში მობრუნებულებმა ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ერბოკვერცხის ვარიანტი მაინც ვცადეთ. არ გამოვიდა. უფრო სწორად, უარესი გამოვიდა: ჩვენმა სინდიოფალამ შვილები დაყარა.

ახლა უკვე სასწრაფო და კონკრეტული მოქმედება იყო საჭირო და სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ ჩემ სადარბაზოში ცნობილი ზოოლოგი არნოლდ გეგეჩკორი ცხოვრობდა (ახლაც ცხოვრობს). მოკლედ ერთი ბარტყი პატარა ყუთში ჩავსვი და ბატონი არნოლდის რჩევით ვაკეში, ზოოლოგიის ინსტიტუტში წავიყვანე. იქ მითხრეს, უი, ეს ძილგუდააო (Glis glis chechenicus), ბარტყი დაიტოვეს და საწამლავი გამომატანეს.

სტუდია 'ქართული ჩანაწერები' ერთი თვის განმავლობაში ყარდა...

1 comment: