- რამაააზ!
- ჰა!
- მოდი ტელევიზორში ჯაზზეა გადაცემააა!
- ჯო დასენს რო აჩვენებენ დამიძახეეე!
ნანა თავიდანვე იყო მონდომებული რომ მის შვილს კარგი მუსიკალური გემოვნება განვითარებოდა, მაგრამ მისი შვილი სულ სხვაგან იყო: ჯო დასენი, ტოტო კუტუნიო, რიკარდო ფოლი, ჯანი მორანდი, ლაშატემიკანტარე, სარაპერკეტიამო... ასეთ კამპანიაში კი არც არის გასაკვირი რომ თინეიჯერმა რამაზმა სულ არ იცოდა რა იყო ჯაზი. უფრო სწორად კი იცოდა, მაგრამ მხოლოდ ის, რომ რაღაც იმპორტული იყო და მუსიკასთან კავშირში.
მერე ნანას ძმა - რეზო ჩაერთო საქმეში. მივიდა ერთხელ რამაზთან სახლში და რომ გადაავლო თვალი კასეტებს, შოკში ჩავარდა. მეორე დღეს ისევ მივიდა, სულ ახალი TDK-ს კასეტა მიუტანა და უთხრა, ერთი პირობით გჩუქნიო: უნდა წახვიდე და 'ბიტლების' 'თეთრი ალბომი' ჩაიწეროო. რამაზს კასეტა, რა თქმა უნდა, გაუხარდა, მაგრამ 'ბიტლების' ჩაწერის პერსპექტივამ არ მოხიბლა. რა დროს ეგ იყო, როცა სულ ცოტა ხნის წინ 'რიკი ე პოვერის' ახალი ალბომი გამოვიდა.
რეზოს ხათრი მაინც ვერ გაუტეხა და წავიდა ეს ჩვენი რამაზი მეორე დღეს 'ზვუკაზაპისში'. რომ მივიდა, კასეტა მიაწოდა იქ მდგომ... რა დავარქვა... ზვუკასაპისივატელს და უთხრა ბიტლების თეთრი ალბომიო. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა და შეასწორა: 'ერთ გვერდზე ეგ ჩაწერე და მეორეზე ახალი რიკი ე პოვერიო'. ზვუკაზაპისივატელს მაგრა გაუკვირდა და რამაზს შეახსენა, რომ 'თეთრი ალბომი' ორდისკიანი იყო და კასეტის ორივე გვერდს იკავებდა. რამაზმა უთხრა, არა უშავს, გააკეთე რასაც გეუბნებიო.
მოკლედ მაგარი კასეტა გამოვიდა: ერთ გვერდზე ნახევარი 'თეთრი ალბომი' და მეორეზე - რიკი ე პოვერი (მა მა მა, მა მა მარია მა...).
აი ასეთ დღეში იყო ეს ჩვენი რამაზი სანამ რაღაც მომენტში გარდატეხა არ მოხდა. ამ გარდატეხას კი სტივი უანდერი ერქვა. 15 წლის ასაკში დაეჯახა მას ეს საოცრება და შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში სხვა არაფერი აინტერესებდა.
დღეს რომ მითხრან, უანდერის 50 საუკეთესო სიმღერა დაასახელეო, 'I just called to say I love you' მათ შორის ვერ მოხვდება, მაგრამ სწორედ ეს სიმღერა იყო გარდამტეხი. პირველი მოსმენისთანავე საოცარი გრძნობა დამეუფლა: თითქოს წლების განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში ვიჯექი, უცბად ვიღაცამ ფანჯარა გააღო და დამანახა სივრცე, სილამაზე.. მთელი სამყარო წონასწორობაში მოვიდა... სწორედ ამის შემდეგ აღვიქვი ოსკარ პიტერსონი, ეროლ გარნერი, ბილ ევანსი, მაილს დევისი...
ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: სტივიმდე და სტივის შემდეგ.
აქ გავჩერდები. რაღაცა მინდა ვთქვა ამ ადამიანზე განსაკუთრებული და ვერასოდეს ვახერხებ. მუზას დაველოდები... ან არ დაველოდები. მოვუსმენ და მერე იქნებ ოდესმე ვთქვა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ამ ესეს შემდეგ მივხვდი რომ ჯერ ყველაფერი არაა დაკარგული ჩემს ცხოვრებაში (წესიერ მუსიკასთან დაკავშირებით!) :))))
ReplyDeleteმოვა ჯაზის ამინდი ჩემს სახლშიც და ნახეთ მერე!!!! :D ;)
:-))) :-* დაგეხმარები :-)
ReplyDeleteძალიან საინტერესო და თბილი მოგონებაა :), პრინციპში რაც ბავშვობას გვახსენებს....
ReplyDeleteრომ წავიკითხე მეც გამახსენდა ჩემი კასეტები TDK-ს da SONY-ს, როგორ ვუფრთხილებოდი, ვინახავდი:) ეხლაც მაქვს რამდენიმე შენახული, ოღონდ შესაბამისი აპარატურა აღარაა, რომ მოვუსმინო :))):PP
რა ნაცნობი მოგონებააა :)) ალბათ ყველას აქვს მსგავსი до и после :))) მეც რაღათქმაუნდა საკუთარი გამახსენდა და ისიც ზუსტად გარდატეხის ასაკს დამთხვა.
ReplyDelete"დო" - ჯო დასენი, ტოტო, ჩელენტანო, მირეი მატიე, რიკკი ე პოვერი, რაფაელლა კარრა' - მოკლედ სრულიად იტალიურ-ფრანგული ესტრადა, რომელიც იმ დროს ყოფილ საბჭოეთში მოდაში იყო :), ამასთან ბიტლები და სტივი უანდერი.
"პოსლე" კი დადგა "Queen"-ის Bohemian Raphsody-ის პირველივე ნოტებიდან. შოკი მქონდა, და წლები ამ შოკიდან ვერ გამოვდიოდი. მერკურიზე ძალიან ალბათ მხოლოდ დედა და და-ძმა მიყვარდა. პირველი სიყვარულიც კი ეჭვიანობდა უკვე გარდაცვლილ ფრედიზე :))))
გავხალისდი ამ ყველაფრის გახსენებით...