Pages

Wednesday, March 17, 2010

კიკა


დღეს ვიღაცამ ფეისბუკზე მაგარი ფოტო დადო, რომელზეც ამერიკის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და საბჭოთა კავშირის 'ცეკას' მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მეუღლე არიან გამოსახულნი(ქალბატონ ხრუშჩოვას სახელი ნამდვილად არ მახსოვს). კონტრასტი უზარმაზარია, ისეთი დიდი, რომ ღიმილს იწვევს, მე კი ამ სურათზე ერთი კარგი ისტორია გამახსენდა. ძველი თაობის ხალხმა კარგად იცის ეს თბილისური ამბავი, რომელიც ვერც ფოტოზე შემორჩა და ვერც კინოფირზე, ამიტომ მხოლოდ ლეგენდის სტატუსს ატარებს.

წარმოიდგინეთ 1960-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის ხანა და ასევე ის პერიოდი, როდესაც კუბაში კომანდანტე ფიდელ კასტრომ გადატრიალება მოახდინა. კასტრო, მოგეხსენებათ, კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო (დღესაც ცოცხალია მგონი, არა?), ამიტომ მისი და ნიკიტას ძმაკაცობაც არავის უკვირდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ფიდელ კასტრო ხრუშჩოვის მოწვევით საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. მაშინდელ საქართველოში მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი არსებოდა: თბილისის პირველი, მოსკოვის პირველი და კიდევ ერთი არხი, რომელზეც მონაცვლეობით მაუწყებლობდნენ თბილისის მეორე და მოსკოვის მეორე პროგრამები. რა გასაკვირია და, სამივე არხი დილიდან საღამომდე კუბისა და საბჭოთა კავშირის ლიდერების შეხვედრის ამბებს აჩვენებდა...

ამ დროს კი პლეხანოვზე ცხოვრობდა მთელი თბილისისთვის ცნობილი კიკა - სულით ავადმყოფი მამაკაცი, რომელიც თავისი მოტვლეპილი თავით ძალიან ჰგავდა ცეკას მდივანს. ვის მოუვიდა თავში იმ დღეს ეს იდეა არავინ იცის, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პლეხანოველებმა იქვე იპოვნეს გადახდილი 'ვილისი' და შიგ კიკა ჩასვეს, შემდეგ გვერდით მიუსვეს კიდევ ერთი ცნობილი თბილისელი გიჟი, რომელსაც გრძელი წვერები ჰქონდა და ვის ჰგავდა, თავად მიხვდებით. მძღოლის შოვნა კი უკვე ძალიან ადვილი იყო. მანქანამ დაახლოებით 100 მეტრი გაიარა პლეხანოვზე, კიკა და მისი ძმაკაცი ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ გარშემო და გამვლელებს ხელს უქნევდნენ, ხალხიც იგივეთი პასუხობდა. ამბობენ, იქვე მდგომმა ერთ-ერთმა მილიციონერმაც ვერ გაუძლო სიტუაციას და მანქანაში მჯდომ 'ხრუშჩოვს და კასტროს' 'ჩესტი აუღოო'.

ბუნებრივია, ეს ამბავი წამსვე აღკვეთეს, კიკა და მისი ძმაკაცი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს, რადგან ვერაფერი ათქმევინეს. ამბობენ, როცა გამომძიებელი კიკას ეკითხებოდა, ვინ გააკეთა ეს ყველაფერიო, კიკა მისკენ იშვერდა თითს და ეუბნებოდა, შენ არ იყავი? როგორ არ გახსოვსო...

2 comments:

  1. საყვარელი კიკა, მას არ მოსვლია აზრად საქართველოს გამოცხადება სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად და საბჭოთა არტილერიით თბილისის დემოკრატიზაცია.

    ReplyDelete
  2. საყვარელი კიკა, მას არ მოსვლია აზრად საქართველოს გამოცხადება სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად და საბჭოთა არტილერიით თბილისის დემოკრატიზაცია.

    ReplyDelete