Pages

Wednesday, March 30, 2011

გამარჯვებულის ფსიქოლოგია

გუშინ ნაკრებმა წააგო და ისევ მომერია სევდა. ზოგჯერ ვფიქრობ, ამის დედა ვატირე, რატომ არ შეიძლება გულგრილი ვიყო მეთქი, მაგრამ არა... ვერ ვიქნები გულგრილი... წარმოიდგინეთ, 4-5 წლის ვიყავი რო დავინახე მამაჩემი ტელევიზორთან იჯდა და რაღაცას აღგზნებული უყურებდა. რას უყურებ მეთქი ვკითხე და ფეხბურთსო. გვერდში დამისვა და მითხრა, აი ჩვენები თეთრები არიან და იმ კარში უნდა შეაგდონ ბურთიო. იმის მერე ავად ვარ. თან, მადლობა ღმერთს, ის პერიოდი დაემთხვა დინამო რო მაგარი იყო. ისიც მახსოვს თასების თასის ნახევარფინალში ფეიენოორდი რო შეგვხვდა და პირველი თამაში თბილისში იყო. ხალხი ამბობდა, მინიმუმ 3-0 უნდა მოვიგოთ, ისე ვერ გავალთო. გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჰქონდა ხალხს. ფეხბურთელებსაც. ფეიენოორდთან 3-0 ვგეგმავდით. შევასრულეთ მაშინ. პირველ პირში ვლაპარაკობ, არ გაგიკვირდეთ. საყვარელი გუნდი ეგეთი რამეა. შენი სულის ნაწილია. შენი ნაწილია.

ახლა ხშირად ამბობენ, გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ აქვსო. რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, ერთ ქვეჯგუფში მოვხვდით ინგლისთან, იტალიასთან, პოლონეთთან და მოლდოვასთან. პირველი იტალიაში წავაგეთ 0-1, მერე ინგლისთან აქ - 0-2, მერე ისევ ინგლისთან იქ - 0-2 და მეოთხე თამაში, როგორც იქნა მოვიგეთ მოლდოვასთან ბათუმში 2-0. თამაშის მერე კახა ცხადაძემ მისცა ინტერვიუ ჟურნალისტს და თქვა, კარგია რომ მოვიგეთ, ახლა უკვე ბიჭებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდაო. მეხუთე თამაში პოლონეთში გვქონდა და 1-4 წავაგეთ.

ამ 'გამარჯვებულის ფსიქოლოგიას' ხშირად ახსენებენ, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ არავინ წესიერად არ იცის, რას ნიშნავს ეს ფრაზა.

როდესაც 12-თამაშიანი წაუგებელი სერია გაქვს, ხორვატიას დაამარცხებ, პირველ ადგილს სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩები და ამ დროს, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ შანსი მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლისა გვაქვს, ეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ არის. ეს დამარცხებულის ფსიქოლოგიაა.

ისრაელში რომ მოგვეგო, 4 ივნისამდე 12 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები ვიქნებოდით. მერე გვრჩებოდა გასვლა ხორვატებთან, სახლში ლატვია, გასვლა მალტასთან და სახლში საბერძნეთი. მაგრამ ვერა, ვერ მოვიგეთ.. წავაგეთ. ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. დამარცხებულის ფსიქოლოგიით შორს ვერ წახვალ. ეს ისეთი რაღაცაა, რომ პირველ ადგილზე ყოფნის შიში გიჩნდება. ჩვენ მეორესთვის უნდა ვიბრძოლოთ და თუ მესამეზე გავედით, კარგი იქნება. პირველზე ჩვენი ადგილი არ არის.

ისევ ხორვატია მახსენდება. ამ გუნდის ოქროს თაობა - შუკერი, ვლაოვიჩი, პროსინეჩკი, ბობანი... 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, მერე ჯგუფიდანაც გავიდნენ და პლეიოფში გერმანიასთან დამარცხდნენ. მსაჯი ერთი-ორჯერ გერმანიის სასარგებლოდ შეცდა. ხორვატების ცრემლები არასოდეს დამავიწყდება. 1998 წლის მსოფლიოზე ისევ შეხვდნენ პლეიოფში გერმანიას და 3-0 დაამარცხეს. თამაშის მერე შუკერმა თქვა, ახლა ხომ გაიგეთ, რომ მაგარი გუნდი ვართ და აწი ზემოდან ნუ შემოგვხედავთო. აი ეს არის გამარჯვებულის ფსიქოლოგია. იმ გუნდის გაჭრილ გზაზე დადის ხორვატია დღემდე. ხორვატია, რომელიც ჩვენსავით 4 მილიონიანი ქვეყანაა.

ზეპ პიონტეკი იყო ასეთი მწვრთნელი. 1986 წელს დანია რო მაგარი იყო, მისი დამსახურებაა. მან თქვა: 'ის, ვინც თანახმაა იყოს მეორე, ვერასოდეს ვერაფერს მოიგებს'.

No comments:

Post a Comment