Pages

Sunday, March 21, 2010

მტრედის წყარო

დიდი თავმოუბმელი ვინმე კი ვარ, სიმართლე თუ გნებავთ. რა უნდა, ადექი და წადი რა, დარეკე, გაიგე საიდან გადიან ავტობუსები, ჩალაგდი და ერთ 5 საათში იქ ხარ - ნიკორწმინდაში. წელს წავალ, აი ცოტა დათბეს და წავალ. მომენატრა. რამდენი ხანია არ ვყოფილვარ?... 1986-ს შემდეგ, ანუ 24 წელია. ბატონის ტყე, შაორი, საყინულე, უდაბნო, ოთხკუთხედი (რომბის ფორმის) პატარა ნაძვნარი ფერდობზე და მტრედის წყარო. პირველად როდის ჩამიყვანეს იქ არ მახსოვს, მაგრამ შემორჩენილი ფოტოების მიხედვით სადღაც 4-5 წლის უნდა ვყოფილიყავი და ეს მტრედის წყარო რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში. უკვე რომ მივუახლოვდებოდით ხოლმე ნიკორწმინდას და ვინმე იტყოდა წყალი მწყურიაო, მამაჩემი პასუხობდა, ცოტაც მოითმინე, მტრედის წყარომდე მივიდეთ, ნამდვილი წყალი ის არისო. რა მოხდა ჩემ გონებაში არ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყანაზე ეს სახელი ყველაზე ძალიან მიყვარს. ყველაზე ლამაზი, ყველაზე რომანტიული და ყველაზე სუფთაა ჩემთვის. ბრჭყალებში ჩასმაც კი ვერ გავბედე. მტრედის წყარო ცოცხალი არსებაა.

წელს აუცილებლად წავალ. ძალიან ბევრი ადამიანი აღარ დამხვდება იქ, მაგრამ მტრედის წყარო ხომ იქ არის, ის ხომ უკვდავია... უკვდავი კი არა, უკვდავების წყაროა. სერიოზულად ასე მჯერა. მჯერა, რომ დავლევ მეც უკვდავი გავხდები.

Saturday, March 20, 2010

მაგრამ.


2008 წლის დეკემბერი იყო მგონი, როდესაც ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე ბარი 'აგორა' ომისა და ფინანსური კრიზისის გამო ნელ-ნელა სულს ღაფავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად დავდიოდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და ვცდილობდით რაღაცნაირად გადაგვერჩინა ჩვენი საყვარელი ადგილი. ერთ-ერთ ასეთ დღეს, შუა დაკვრაში ვიყავით, როდესაც ჩვენთან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და 'დდტ' დაუკარითო გვთხოვა. უარი ვუთხარით. არ გვემღერებოდა რუსულად. რუსოფობები არასოდეს ვყოფილვართ და არც ახლა ვართ, მაგრამ მაშინ მართლა გულწრფელად არ გვემღერებოდა. ახალგაზრდა ბიჭს გაწბილება შეეტყო სახეზე და ცოტა ირონიულად გვკითხა: 'რა იყო, მიშისტები ხართ?'

ანალოგიური შემთხვევა კიდევ უთვალავი შეიძლება დასახელდეს. ამ ქვეყანაში ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს თავის საკუთად ქვეყანას. ვერ ხვდება, რომ ეს ქვეყანა მისია და არა მთავრობის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ტანკებმა საქართველოს გადაუარეს და არა საქართველოს მთავრობას. საქართველო კი ჩვენ ვართ. თითქოს მარტივი ლოგიკაა და ზედაპირულად ყველამ იცის, მაგრამ გათავისებული ძალიან ბევრს არა აქვს.

ფოტო, რომელიც აქ გამოვაკარი ამ ისტორიის გაგრძელებაა. რა მარკის მანქანაა, ვერ ვხედავ, მაგრამ წარწერამ დამაფიქრა. მე, მაგალითად, არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ მანქანა ვიყიდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვეში 25 ლარი ჩემთვისაც კი სასაცილო თანხაა. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ გადაიხდი თვეში 25 ლარს, შეგიძლია ქალაქის ნებისმიერ პარკინგზე გააჩერო მანქანა უპრობლემოდ. მაგრამ თქვენ გგონიათ ამ ადამიანს მართლა არა აქვს 25 ლარი? აქვს, როგორ არა აქვს, უბრალოდ ასეთი საშუალება გამონახა, რომ უკბინოს მთავრობას. ისიც მსხვერპლია. იმ არასწორი აზროვნების მსხვერპლი, რომელიც ზემოთ ვახსენე. მას ეს ქალაქი ქვეცნობიერად გიგი უგულავას საკუთრება ჰგონია და, შესაბამისად, თუ თვითონ მოვა მთავრობაში როდისმე, მაშინ უკვე თავისი საკუთრება ეგონება.

ჩვენ უნდა შევიცვალოთ და მერე იქნებ ოდესმე ვეღირსოთ ისეთ დემოკრატიას, როგორიც ევროპაშია. რადგან მთავრობა საზოგადოების ნაწილია, მთავრობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასევე საქართველოში ცხოვრობდნენ ყოველთვის. ეთიოპიაში ვერ მოვა პრეზიდენტად ვაცლავ ჰაველისნაირი ადამიანი, ხომ მართალია? ვერც ჩეხეთში მოვა ვერასოდეს მენგისტუ ჰაილე მარიამის ანალოგი, იმიტომ რომ ჩეხეთში სხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ, იმ საზოგადოებაში სხვა ფასეულობებია.

დათო ტურაშვილის სიტყვები მომყავს ხშირად, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და იმიტომ. ახლაც მოვიყვან მის ერთ-ერთ ფრაზას: 'რადგან ევროკავშირში ყველას ერთად არ გვიშვებენ, მოდით ცალ-ცალკე შევიდეთ. მე, მაგალითად უკვე შევდივარ'. მოდით ყველამ ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, ეს ქვეყანა გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე აქვს.

Wednesday, March 17, 2010

ოსკარი


...ფირფიტა მსუბუქად ტრიალებდა, ზუსტად ოცდაცამეტნახევარ ბრუნს აკეთებდა წუთში, არც ერთით მეტს და არც ერთით ნაკლებს და ამ ტრიალთან ერთად 'ოსკარის ბლუზი' ჟღერდა. რა თქმა უნდა ფორტეპიანოსთან თავად ოსკარი იჯდა, ზუსტად ის ოსკარ პიტერსონი, რომელშიც ერთდროულად არის რაღაც ვეფხვისებური და ხავერდოვანი...

ხულიო კორტასარი
'კლასობანა'


გუშინ მარიმ ოსკარ პიტერსონი ახსენა და ისევ გამახსენდა ის პირველი დღე, ან ერთ-ერთი პირველი, როცა ტელევიზორში ვნახე. ორი როიალი იყო ერთმანეთთან მიდგმული ისე, რომ პიანისტები ერთმანეთს უყურებდნენ. ერთი ოსკარი იყო და მეორე ბეისი... კაუნტ ბეისი. ალბათ 14 წლის ვიყავი და რაღაცამ მომაჯადოვა, არ ვიცი პიტერსონის თითების უსწრაფესმა მოძრაობამ თუ კიდევ რაღაცა სხვამ, მაგრამ მომაჯადოვა. არა, მხოლოდ თითების სწრაფი მოძრაობა აქ არაფერ შუაშია. მიდი და გააკეთე, ადვილია - ჩაივლი კლავიატურაზე და 2 წამში 20 ნოტს აიღებ, მაგრამ რა? არაფერი. მთავარია რა ნოტებს იღებ და არა რამდენს. ასე არ არის?

პიტერსონი ჯაზის სიმბოლო იყო. ბევრი მეტყვის, რომ მასზე უკეთესი პიანისტებიც არსებობდნენ და ამ საკითხზე დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მე ახლა სულ სხვა რაღაცას ვგულისხმობ. პიტერსონმა ფართო მასებში შეაღწია და სიტყვა 'ჯაზის' ხსენებაზე ადამიანების დიდ ნაწილს თავში სწორედ მისი გვარი მოუვა, ისევე როგორც ელა ფიცჯერალდის ან ლუი არმსტრონგის.

და ისევ ის მახსენდება, პიტერსონი და ბეისი... რაღაცას უკრავდნენ ენერგიულს, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი საოცრად რბილად და ლამაზად ჟღერდა. კორტასარმა თქვა ყველაზე კარგად: 'ვეფხვისებური და ხავერდოვანი ერთდროულად'.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოსკარ პიტერსონი სამყაროსთან ერთად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის მხოლოდ სამყაროსთან ერთად დასრულდება.

კიკა


დღეს ვიღაცამ ფეისბუკზე მაგარი ფოტო დადო, რომელზეც ამერიკის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და საბჭოთა კავშირის 'ცეკას' მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მეუღლე არიან გამოსახულნი(ქალბატონ ხრუშჩოვას სახელი ნამდვილად არ მახსოვს). კონტრასტი უზარმაზარია, ისეთი დიდი, რომ ღიმილს იწვევს, მე კი ამ სურათზე ერთი კარგი ისტორია გამახსენდა. ძველი თაობის ხალხმა კარგად იცის ეს თბილისური ამბავი, რომელიც ვერც ფოტოზე შემორჩა და ვერც კინოფირზე, ამიტომ მხოლოდ ლეგენდის სტატუსს ატარებს.

წარმოიდგინეთ 1960-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის ხანა და ასევე ის პერიოდი, როდესაც კუბაში კომანდანტე ფიდელ კასტრომ გადატრიალება მოახდინა. კასტრო, მოგეხსენებათ, კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო (დღესაც ცოცხალია მგონი, არა?), ამიტომ მისი და ნიკიტას ძმაკაცობაც არავის უკვირდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ფიდელ კასტრო ხრუშჩოვის მოწვევით საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. მაშინდელ საქართველოში მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი არსებოდა: თბილისის პირველი, მოსკოვის პირველი და კიდევ ერთი არხი, რომელზეც მონაცვლეობით მაუწყებლობდნენ თბილისის მეორე და მოსკოვის მეორე პროგრამები. რა გასაკვირია და, სამივე არხი დილიდან საღამომდე კუბისა და საბჭოთა კავშირის ლიდერების შეხვედრის ამბებს აჩვენებდა...

ამ დროს კი პლეხანოვზე ცხოვრობდა მთელი თბილისისთვის ცნობილი კიკა - სულით ავადმყოფი მამაკაცი, რომელიც თავისი მოტვლეპილი თავით ძალიან ჰგავდა ცეკას მდივანს. ვის მოუვიდა თავში იმ დღეს ეს იდეა არავინ იცის, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პლეხანოველებმა იქვე იპოვნეს გადახდილი 'ვილისი' და შიგ კიკა ჩასვეს, შემდეგ გვერდით მიუსვეს კიდევ ერთი ცნობილი თბილისელი გიჟი, რომელსაც გრძელი წვერები ჰქონდა და ვის ჰგავდა, თავად მიხვდებით. მძღოლის შოვნა კი უკვე ძალიან ადვილი იყო. მანქანამ დაახლოებით 100 მეტრი გაიარა პლეხანოვზე, კიკა და მისი ძმაკაცი ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ გარშემო და გამვლელებს ხელს უქნევდნენ, ხალხიც იგივეთი პასუხობდა. ამბობენ, იქვე მდგომმა ერთ-ერთმა მილიციონერმაც ვერ გაუძლო სიტუაციას და მანქანაში მჯდომ 'ხრუშჩოვს და კასტროს' 'ჩესტი აუღოო'.

ბუნებრივია, ეს ამბავი წამსვე აღკვეთეს, კიკა და მისი ძმაკაცი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს, რადგან ვერაფერი ათქმევინეს. ამბობენ, როცა გამომძიებელი კიკას ეკითხებოდა, ვინ გააკეთა ეს ყველაფერიო, კიკა მისკენ იშვერდა თითს და ეუბნებოდა, შენ არ იყავი? როგორ არ გახსოვსო...

Sunday, March 14, 2010

Thursday, March 11, 2010

გადავარჩინოთ საქართველო!


2004 წლის ზაფხულში ბაკურიანში ვიყავი რაღაც საერთაშორისო კონფერენციაზე. ვთარჯიმნობდი. კარგი ხალხი იყო შეკრებილი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან... ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ ამ უცხოელებისთვის ბორჯომის პარკი გვეჩვენებინა. თითქმის მთელი დღე ვისეირნეთ იქ, რადგან უცხოელებს ისე მოეწონათ ბუნება, რომ იქედან წამოსვლა არ უნდოდათ. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას და ამავე დროს გაკვირვებას ჰოლანდიელი გოგონა გამოხატავდა. აღფრთოვანებას ბუნების სილამაზის გამო და გაკვირვებას იმის გამო, რომ ამდენი ნაგავი ეყარა. დადიოდა ეს გოგონა ასე გიჟივით და სხვის დაყრილ ბოთლებს აგროვებდა, გასასვლელთან ნაგვის ყუთი იქნება და იქ ჩავყრიო. თან სულ იმეორებდა, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ ულამაზესი ადგილიაო. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ და ნაგვის ყუთამდე სანამ მივედით 50-მდე ბოთლი დაგვიგროვდა.

არ მინდა რაღაც ტრაფარეტული ტექსტი გამომივიდეს, მაგრამ ეს ხომ არ არის ცალკეული შემთხვევა? აჭარის სანაპიროებზე ხომ თითქმის ყველას დაგისვენიათ? საქართველოს სხვა ქალაქებშიც ხომ ყველას გაგივლიათ? რას გავს ჩვენი ქვეყანა, ხომ გინახავთ ყველას? მაინც და მაინც გზის აშენება უნდა დაიწყონ, რომ გამოვიდეთ და ყვირილი მოვრთოთ 'გადავარჩინოთ ქობულეთი!', 'გადავარჩინოთ ვაკის პარკი!', 'გადავარჩინოთ ბორჯომის ხეობა!'?

კიდევ ერთი მახსოვს, თბილისში მაკდონალდსის აშენება რომ დაიწყეს და ხალხი რომ ყვიროდა, ეს როგორ შეიძლება, დიდი შოთას ძეგლი წაგვიბილწესო. ამ დროს კი დიდი აკაკის ძეგლის გარშემო ანტისანიტარიის ზეიმი იყო. დღესაც არის, სხვათა შორის.

ჰოდა მოდით დღეს მხოლოდ მზიურზე კი არა, აჭარის პლიაჟებზეც ვიყვიროთ, თბილისის ბაღებზე ვიყვიროთ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ხალხო! ნაგავში ვიხრჩობით!

P.S. თუ მოულოდნელად მენტორული ტონი გამომივიდა ბოდიშს გიხდით.

Wednesday, March 10, 2010

ბედნიერების უფლება

საქართველოში 'იურაია ჰიპი' (Uriah Heep) ჩამოდის. ლეგენდარული ბრიტანელები ალბათ საკმაო რაოდენობის მაყურებელს მოუყრიან თავს, რომელთა შორის მე ნამდვილად არ ვიქნები. ახლა აქ მათ კრიტიკას არ ვაპირებ და საერთოდ ამ ჯგუფის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მათი თაყვანისმცემელი არა ვარ და სულაც არ მინდა ვიღაცის ხარჯზე მოვხვდე ამ კონცერტზე.

ამ ყველაფერზე კი იმიტომ ვლაპარაკობ, რომ საქართველოში გავრცელებული ტრადიციაა: აქ კონცერტებზე სახელების გამო მიდიან და არა იმის გამო, რომ კონკრეტული მუსიკოსის შემოქმედება მოსწონთ. არასოდეს დამავიწყდება რეი ჩარლზის კონცერტიდან გამოსულს, ნაცნობი რომ შემხვდა და მითხრა, უკმაყოფილო ვარ, მეტს ველოდიო. დალოცვილო, რეი ჩარლზი იყო და იმღერა, თან ძალიან მაგრად, მეტს რაღას ელოდი, ფოკუსს ხომ არ გააკეთებდა?! წამსვე ჩემი მეგობარი გამახსენდა, ბილეთი რომ ვერ იშოვა კონცერტზე, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

მსგავსი შედევრი კიდევ ბევრი თქმულა, მაგალითად ის რომ კენი გერეტი დაბერდა და ვეღარ უკრავს, ’მანჰეტენ ტრანსფერმა’ 'ქართულ ხმებს' მოუსმინა და კონცერტის გაუქმება უნდოდაო და ასე შემდეგ. შედევრთა შედევრი კი ჯონ ობერკრომბის გამოსვლისას მოვისმინე. წარმოიდგინეთ, სცენაზე არიან ობერკრომბი, დენი გოთლიბი, იგორ ბუტმანი და კიდევ რამდენიმე მაგარი მუსიკოსი და ადუღებენ ხოშიანად. ამ დროს ჩემს გვერდით ვიღაც ორი საშუალო ასაკის მამაკაცი ზის, შემთხვევით მათკენ გამექცა თვალი და დავინახე როგორი სკეპტიკური სახეები ჰქონდათ, მათ შუბლზე იკითხებოდა: 'დიდი არაფერი, ჯიგრებო, ჰარიფები ხართ'. და ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან: 'ეხლა სცენაზე არ ამიყვანოთ, თორემ ვაჩვენებ მე მაგათ როგორ უნდა დაკვრა'.

ეგეთი ამბებია, ჩემო კარგებო და ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოდით დავუთმოთ ერმანეთს გზა. 'იურაია ჰიპის' კონცერტზე ის წავიდეს, ვისაც 'იურაია ჰიპი' უყვარს და დარწმუნებული ვარ ბევრს მათი დანახვისას ნოსტალგიის ცრემლები მოადგება თვალზე, ისევე როგორც მე მომადგა 1996 წელს რეი ჩარლზი რომ სცენაზე გამოსული დავინახე და რასაც ჩემი მეგობარი ვერ მოესწრო. მოდით ნუ წავართმევთ ერთმანეთს ბედნიერების განცდის საშუალებას.

'იურაია ჰიპის' თაყვამისმცემლებს დაუვიწყარ საღამოს გისურვებთ.
მუზებმა ზურგი მაქციეს. მაპატიეთ. მოვლენ, სად წავლენ....

Sunday, March 7, 2010

პოსტი

- რა ქვია, ბიჭო, შენ ძაღლს?
- რა ვიცი? ძაღლი


აი ასეა, დაისვენებ ორი დღე და ეგრვე ვარდები რითმიდან, მაგრამ არდასვენებაც რომ არ გამოდის... ვზივარ ახლა და ვფიქრობ რა დავწერო.

8 მარტია დღეს - ქალების დღე... სხვათა შორის ბავშვობაში ეს დღესასწაული არ მიყვარდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მწყინდა რომ ჩემ დას ულოცავდა ყველა, საჩუქრებს ჩუქნიდა და მე - არა... და საერთოდ რა არის ეს?! აქეთ 8 მარტიო, იქეთ ირინობაო, კიდევ იქეთ დაბადების დღეო. მე კიდევ მხოლოდ დაბადების დღე? უსამართლობა გამოდის. არც კაცების დღე არსებობს და არც რამაზობა... ეს სახელი საიდანღა მოიტანეს, ერთი მაგის ეშმაკი გამხადა და არაფერი არ მინდა რა. რომ დავიბადე, ორივე ბაბუასთვის პირველი ბიჭი შვილიშვილი ვიყავი, ორივეს შოთა ერქვა. დაარქვი რა ბავშვს შოთა. არა! რამაზი. რატომ, არავინ არ იცის. მამაჩემს თამაზი ქვია და მე მგონი რითმა მოეწონა - რამაზ ტამაზოვიჩ, ალბათ მაგიტომაც დამარქვა.

უი რა გამახსენდა! ჰე ჰე. სადღაც იმ დროს, როცა ესესერი დაიშალა, ჩემმა ერთ-ერთმა ნათესავმა გადაწყვიტა პატარა სტამბა გაეხსნა და რაღაც-რუღაცეებს ბეჭდავდა. ერთხელაც გამოსცა ძალიან საინტერესო კალენდარი, რომელშიც წელიწადის ყოველ დღეს რაღაც სახელი მიაწერა. ჰოდა იქ ჩემი სახელიც აღმოვაჩინე. რა დღე იყო, არ მახსოვს, მაგრამ კარგა ხანს ვცდილობდი ამ 'რამაზობის' 'გარასკრუტკებას' ახლობლებში. ბოლოს ვიღაცამ მითხრა, შენა, შვილოსან გატრაკებას თავი დაანებე, რა რამაზობა, რის რამაზობა, ეგეთი დღე არ არსებობსო. მოკლედ არაფერი გამოვიდა. იმ დროისთვის 23 თებერვალის აღნიშვნაც 'გრეხი' იყო უკვე და დავრჩი მოკლედ ამ ერთი დაბადების დღის ამარა.

ამას წინათ ჩემმა ერთმა კარგმა ნაცნობმა, რუსმა გოგონა ანიამ, რომელიც მოსკოველია (კარენოი, როგორც თავად ამბობს) და საქართველოში ცხოვრობს, ძალიან გულწრფელად მომილოცა 23 თებერვალი. იმდენად გულწრფელად, რომ ცოტა გულიც ამოჩუყდა. რაღაც ბლოკნოტი მაჩუქა თან და მაგარი კომპლიმენტი მითხრა. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა მითხრა... ჰოდა, მოკლედ რა მინდოდა? ჰო! შემოვიღოთ ჩვენც კაცების დღე, რა მოხდება? კიდევ აღვრიცხოთ რა სახელები არსებობს საქართველოში და წელიწადის ყოველ დღეს დავარქვათ ვიღაცის სახელი. 365-ზე მეტი თუ იქნება, მაშინ თითო დღეს რამდენიმე სახელი იყოს და იქნება ასე: მაგალითად 7 აგვისტო - სევასტის, დაგმარას და გულნარას დღეა, 30 დეკემბერი - გულნაზის, შალვასი და კონსტანტინესი, 8 ოქტომბერი - ნინოს, ზურაბის და ლევანის... ნინო, ზურაბი და ლევანი? მგონი ეხლა პოლიტიკაში გადავიჭრები. არ მინდა. შემეშვით.

გილოცავთ 8 მარტს.

Thursday, March 4, 2010

გარდატეხა

- რამაააზ!
- ჰა!
- მოდი ტელევიზორში ჯაზზეა გადაცემააა!
- ჯო დასენს რო აჩვენებენ დამიძახეეე!

ნანა თავიდანვე იყო მონდომებული რომ მის შვილს კარგი მუსიკალური გემოვნება განვითარებოდა, მაგრამ მისი შვილი სულ სხვაგან იყო: ჯო დასენი, ტოტო კუტუნიო, რიკარდო ფოლი, ჯანი მორანდი, ლაშატემიკანტარე, სარაპერკეტიამო... ასეთ კამპანიაში კი არც არის გასაკვირი რომ თინეიჯერმა რამაზმა სულ არ იცოდა რა იყო ჯაზი. უფრო სწორად კი იცოდა, მაგრამ მხოლოდ ის, რომ რაღაც იმპორტული იყო და მუსიკასთან კავშირში.

მერე ნანას ძმა - რეზო ჩაერთო საქმეში. მივიდა ერთხელ რამაზთან სახლში და რომ გადაავლო თვალი კასეტებს, შოკში ჩავარდა. მეორე დღეს ისევ მივიდა, სულ ახალი TDK-ს კასეტა მიუტანა და უთხრა, ერთი პირობით გჩუქნიო: უნდა წახვიდე და 'ბიტლების' 'თეთრი ალბომი' ჩაიწეროო. რამაზს კასეტა, რა თქმა უნდა, გაუხარდა, მაგრამ 'ბიტლების' ჩაწერის პერსპექტივამ არ მოხიბლა. რა დროს ეგ იყო, როცა სულ ცოტა ხნის წინ 'რიკი ე პოვერის' ახალი ალბომი გამოვიდა.

რეზოს ხათრი მაინც ვერ გაუტეხა და წავიდა ეს ჩვენი რამაზი მეორე დღეს 'ზვუკაზაპისში'. რომ მივიდა, კასეტა მიაწოდა იქ მდგომ... რა დავარქვა... ზვუკასაპისივატელს და უთხრა ბიტლების თეთრი ალბომიო. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა და შეასწორა: 'ერთ გვერდზე ეგ ჩაწერე და მეორეზე ახალი რიკი ე პოვერიო'. ზვუკაზაპისივატელს მაგრა გაუკვირდა და რამაზს შეახსენა, რომ 'თეთრი ალბომი' ორდისკიანი იყო და კასეტის ორივე გვერდს იკავებდა. რამაზმა უთხრა, არა უშავს, გააკეთე რასაც გეუბნებიო.

მოკლედ მაგარი კასეტა გამოვიდა: ერთ გვერდზე ნახევარი 'თეთრი ალბომი' და მეორეზე - რიკი ე პოვერი (მა მა მა, მა მა მარია მა...).

აი ასეთ დღეში იყო ეს ჩვენი რამაზი სანამ რაღაც მომენტში გარდატეხა არ მოხდა. ამ გარდატეხას კი სტივი უანდერი ერქვა. 15 წლის ასაკში დაეჯახა მას ეს საოცრება და შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში სხვა არაფერი აინტერესებდა.

დღეს რომ მითხრან, უანდერის 50 საუკეთესო სიმღერა დაასახელეო, 'I just called to say I love you' მათ შორის ვერ მოხვდება, მაგრამ სწორედ ეს სიმღერა იყო გარდამტეხი. პირველი მოსმენისთანავე საოცარი გრძნობა დამეუფლა: თითქოს წლების განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში ვიჯექი, უცბად ვიღაცამ ფანჯარა გააღო და დამანახა სივრცე, სილამაზე.. მთელი სამყარო წონასწორობაში მოვიდა... სწორედ ამის შემდეგ აღვიქვი ოსკარ პიტერსონი, ეროლ გარნერი, ბილ ევანსი, მაილს დევისი...

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: სტივიმდე და სტივის შემდეგ.

აქ გავჩერდები. რაღაცა მინდა ვთქვა ამ ადამიანზე განსაკუთრებული და ვერასოდეს ვახერხებ. მუზას დაველოდები... ან არ დაველოდები. მოვუსმენ და მერე იქნებ ოდესმე ვთქვა.


Wednesday, March 3, 2010

მაცადეთ სიკვდილი მიწაზე, სანამ მიწაში ჩავალ


ვიღაცამ თქვა ამას წინათ, ბობ დილანის გამოუქვეყნებელ სიმღერებს ნებისმიერი მუსიკოსი შეკრებდა და ალბომად გამოსცემდაო. დილანი საოცარი ვინმეა. თავისი 50-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მან უამრავი სიმღერა ჩაწერა და მათგან ძალიან ბევრი თავადვე დაიწუნა. ჰოდა, სწორედ ამ დაწუნებულ სიმღერებზე ჰქონდა საუბარი ზემთნახსენებ 'ვიღაცას'. ეს სიმღერები, რა თქმა უნდა გამოდიოდა შემდეგ, სხვადასხვა სახის ბუტლეგურ კრებულებში და პირადად ჩემშიც მსგავს გრძნობებს იწვევდა ყოველთვის. Abandoned Love; Blind Willie McTell; Mama, You Been On My Mind; You Ain't Goin' Nowhere; Let Me Die In My Footsteps; Who Killed Davey Moore... ეს მხოლოდ არასრული სიაა იმ სიმღერებისა, რომლებიც დილანის არც ერთ ორიგინალურ ალბომში არ შევიდა და მხოლოდ მოგვიანებით, კერძოდ კი 90-იან წლებში გამოქვეყნდა კრებულში The Bootleg Series (დღემდე ამ სერიის 8 ნაწილია გამოსული).

ამიტომ დღეს გადავწყვიტე ერთ-ერთ ასეთ სიმღერაზე გიამბოთ და თან მოგასმენინოთ. თუ ცოცხალ შესრულებას აღმოვაჩენ სადმე, ხომ მთლად უკეთესი.

თავად დილანმა ახსენა თავის ავტობიოგრაფიაში, რომ მის მიერ დაწერილი სულ პირველი სიმღერა იყო `Let Me Die In My Footsteps` (მაცადეთ სიკვდილი მიწაზე). ეს სიმღერა იმ პერიოდისაა, როდესაც ამერიკაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანტიკომუნისტური ბუმი იყო. სწორედ მაშინ, ჯერ კიდევ თინეიჯერი რობერტ ალენ ციმერმანი (დილანის ნამდვილი სახელია, თუ ვინმემ არ იცის) საკუთარი თვალით უყურებდა როგორ თხრიდა ბირთვული ომის საფრთხით შეშინებული ამერიკელი ხალხი ეზოებში თავშესაფრებს, როგორ აყვავდა თავშესაფრების ბიზნესი და სწორედ მაშინ მოუვიდა თავში ეს სიტყვები: 'მაცადეთ სიკვდილი მიწაზე, სანამ მიწაში ჩავალ' (Let me die in my footsteps, before I go down under the ground).

წესით ეს სიმღერა მის პირველ ალბომში უნდა შესულიყო, მაგრამ არ შევიდა. თავად დილანი იხსენებს, რომ რაღაცა თავიდანვე არ მოეწონა მასში და რომელიღაცა ჯგუფს აჩუქა. აჩუქა მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ არავინ იცნობდა, როდესაც ჯერ არც ერთი სხვა სიმღერა არ ჰქონდა დაწერილი და არც ერთი ალბომი არ ჰქონდა გამოცემული. მან თავიდანვე დიდი მიზნები დაისახა. იმდენად დიდი, რომ ალბათ ეს სიმღერა მის დონეს არ აკმაყოფილებდა. არადა რა მაგარი სიმღერაა...

სიტყვები აქ არის:

http://www.bobdylan.com/#/songs/let-me-die-in-my-footsteps

Tuesday, March 2, 2010

Mama


მახსოვს, სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში იყო ასეთი ჯგუფი - ’ბიჭები როკენროლიდან’. საკმაოდ მაგრად ქოქავდნენ ხალხს იმ იშვიათ საღამოებზე, რომლებიც მაშინ იმართებოდა. ერთხელ ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა რომ არის 'That's all right mama', იმის გარჩევა გვინდა და ფეხს ვითრევთო. როდესაც გარშემო მყოფები მათი ყოყმანის მიზეზით დაინტერესდნენ, ბიჭმა როკენროლიდან საოცარი პასუხი გასცა: 'რა ვიცი, კაცო, დედა არის სიმღერაში ნახსენები. ინგლისური მე არ ვიცი რო შინაარსი გავიგო და იქნებ რაღაც საშინელებას მღერიან. ხო იცი ეგენი გადაჯიშებული ხალხია, არც დედა იციან და არც მამა'. არგუმენტად მან ჯიმ მორისონის ერთ-ერთი სიმღერაც მოიყვანა, რომელშიც ეს სკანდალური მომღერალი დედასთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე მიანიშნებს (Father, I want to kill you, mother, I want to....). სწორედაც რომ მიანიშნებს, რადგან სიმღერის სტუდიურ ვერსიაში მორისონი ამ წინადადებას ბოლომდე არ ამთავრებს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მან ბოლომდე იმღერა ეს ფრაზა და კონცერტის ორგანიზატორების რისხვაც დაიმსახურა.

მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევაა. დასავლურ პოპ კულტურაში მსგავსი რაღაცეები, რა თქმა უნდა, მასობრივ ხასიათს არ ატარებს და შიში, რომელიც ჰქონდა ბიჭს როკენროლიდან, უსაფუძვლო იყო.

ელვის პრესლის ზემოთნახსენებ სიმღერასთან დაკავშირებით კი აი რა ხდება: სიტყვა `mama` ინგლისურად დედას ნიშნავს, მაგრამ ჟარგონზე ის ასევე აღნიშნავს ძალიან მიმზიდველ ქალს. ამ კონკრეტულ სიმღერაში კი ეს სიტყვა ორივე მნიშვნელობით გამოიყენება:

Mama, she done told me (დედამ მითხრა)
Papa done told me too (მამამაც მითხრა)
Man, that gal you're fooling with (ეგ გოგო, ვისთანაც ერთობი)
Ain't no good for you (შენი შესაფერისი არ არის)

But that's all right, mama.... (მაგრამ არა უშავს, ლამაზო...)

ანუ პირველი `mama` დედას აღნიშნავს და მეორე - ქალს, შეყვარებულს.

მსგავსი მნიშვნელობით ამ სიტყვას სხვებიც ხშირად იყენებენ. მაგალითად, ბობ დილანს აქვს ასეთი სიმღერა: ’Mama, you been on my mind’, რომელშიც ის ასევე ლამაზ ქალს უმღერის:

I don't even mind who you'll be waking with tomorrow
(ისიც კი არ მანაღვლებს, ვისთან ერთად იღვიძებ დილით)
mama, you're just on my mind
(ლამაზო, უბრალოდ ჩემს გონებაში ხარ)

ასე რომ, ჩემო კარგებო, გადახედეთ სიმღერების ტექსტებს. შეიძლება რაღაცას უსმენდით და დედაზე ფიქრობდით, ამ დროს კი მომღერალს სულ სხვა იდეები აწუხებდა.

ჰო, და კიდევ ერთი: თბილისში ძალიან პოულარული სიმღერა 'mama', რომელსაც ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსი ჰიუ მასეკელა ასრულებს. სიტყვები ვნახე და დაკონკრეტებული არაფერია. ასე რომ ეს სიმღერა შეიძლება დედასაც ვუმღეროთ თამამად და შეყვარებულსაც.

If I had to live without you (შენს გარეშე რომ მომიწიოს ცხოვრებამ)
I wouldn't wanna live no more (სიცოცხლე აღარ მომინდება)
I wouldn't wanna live in this world (ამ ქვეყანაზე ცხოვრება არ მენდომებოდა)
If I had to live without you, mama (შენს გარეშე რომ მეცხოვრა, დედა (ან ლამაზო))

დედის დღეს გილოცავთ ყველას.

Monday, March 1, 2010

Frank Sinatra


ფრენკ სინატრა რომ დიდი მაფიოზი ვინმე იყო, ყველამ იცის. ლაკი ლუჩანოსთან ძმაკაცობდა, კიდევ ბევრ სხვა ასეთ ადამიანს იცნობდა ახლოს და ამ კავშირებს სიამოვნებით იყენებდა, როცა კი დასჭირდებოდა.

ერთხელ თურმე ერთ-ერთი კაზინოს კრუპიე გოგონა მოწონებია ძალიან. არშიყობა რომ დაუწყია, გოგონას უთქვამს ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ქმარი მყავსო. სინატრასთვის კი ასეთ საქმეში წარუმატებლობა უცხო იყო და კიდევ უფრო გააქტიურებულა. ერთ მშვენიერ დღესაც გოგონას თავისი მეუღლისთვის უთქვამს ყველაფერი. მივიდა ის კაცი იმ კაზინოში და რომ დაინახა ეს ცნობილი მომღერალი მის ცოლს ეარშიყებოდა, არც აცია არც აცხელა და კაი მაგრად ხია თურმე ცხვირში. როგორც ჩანს სინატრას მაფიოზობის ამბავიც კარგად იცოდა, ამიტომ მეორე დღესვე მოკიდა ხელი თავის კრუპიე ცოლს და ქალაქიდან მოუსვა. თან ისე, რომ მას შემდეგ მათ შესახებ არავის აღარაფერი გაუგია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სინატრასა და ცნობილი კომიკოსის ჯეკი მეისონის ისტორიაა. რომელი წელი იყო ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ცნობილ მომღერალს, რომელიც უკვე შუახნის კაცი იყო, ახალგაზრდა მსახიობი მია ფეროუ მოწონებია, რომანი გაუბამს და მერე ცოლადაც მოუყვანია. მია ფრენკზე 30 წლით უმცროსი იყო და მსგავსი რაღაცეები, როგორც იცით, ამერიკელებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ამ შემთხვევაშიც წამსვე გავარდნილა ხმა და მთელი შტატები ამ ქორწინებაზე ლაპარაკობდა.

ჰოდა ეს ჯეკი მეისონიც თურმე თავის შოუებში შიგადაშიგ უკბენდა ხოლმე თავისი ოხუნჯობებით. ერთხელაც ის გააფრთხილეს, ხმა ჩაიგდეო. მეისონი არ გაჩერდა. მერე, მორიგი შოუ რომ დაასრულა და სახლში მივიდა, ბინის კარებზე ნატყვიარები დახვდა. მეისონი არც ამან შეაშინა და ერთხელაც თქვა, ნამდვილად არ ვიცი ვის სურდა ჩემი შეშინება, მაგრამ ნატყვიარები რომ დავინახე, რატომღაც ერთი სიმღერა ჩამესმაო და ფრენკ სინატრას ხმით წაინმღერა 'შუბი-დუბი-დუუუ'.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც მეისონი ქუჩაში მიდიოდა, მას უცნობი ადამიანი დახვდა და ისე ცემა, რომ ყბა მოტეხა. მეისონი რამდენიმე თვე ვერ ლაპარაკობდა. ფრენკ სინატრა კი მშრალი გამოვიდა ამ საქმიდან.

სხვათა შორის, მიუხედავად მაფიოზებთან კავშირისა, სინატრა ყოვლისშემძლე არ იყო. ერთხელ თურმე ვიღაც კაცთან მოსვლია კონფლიქტი და მეორე დღეს დაურეკავთ (სინატრასთვის) და უთქვამთ, თუ იმ კაცს ხელს ახლებ, მოკვდებიო. აი ასე.

7 ნესტანი

ზუსტად არ მახსოვს როდის გადამხდა ეს ამბავი თავს. მგონი 1994 წლის ადრეული გაზაფხული უნდა ყოფილიყო, ან 1993 წლის გვიანი შემოდგომა. მახსოვს მხოლოდ, რომ აფხაზეთის ომიც დამთავრებული იყო უკვე და სამოქალაქო ომიც. ინგლისში უკვე ნამყოფი ვიყავი და რადიოში მუშაობა ჯერ დაწყებული არ მქონდა. ჰო, მოკლედ ეგ პერიოდი იყო. დაახლოებით.

საშინელი დრო იყო. ხალხში ნიჰილიზმი სუფევდა, საღამოს და მით უმეტეს ღამე ქუჩაში გამოსვლა საშიში იყო. რომ დაბნელდებოდა, ქუჩები ცარიელდებოდა, ტრანსპორტი არ დადიოდა. ტრანსორტი კი არა, კინკილა მანქანასაც იშვიათად დაინახავდი.

ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე ბებიაჩემთან შემევლო. ჭავჭავაძეზე, ადრე რომ სავაჭრო პალატა იყო და ახლა რომ TBC ბანკია, იმ სახლში ცხოვრობდა. გვიანობამდე შევრჩი და დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ მერე რატომღაც გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. დაახლოებით 10 საათი იყო ქუჩაში რომ გამოვედი.

ჭავჭავაძიდან ბახტრიონზე მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობდა და ორივე - ფეხით. ერთი - მზიურით დოლიძეზე და იქიდან ზემოთ, ანუ მოკლე და სახიფათო და მეორე - ვარაზისხევი - კოსტავა - პეკინი - ბახტრიონი, ანუ გრძელი და შედარებით უსაფრთხო. 'გრძელი გზა გაიარე და შინ მშვიდობით მიდი'-ს პრინციპი ავირჩიე და ვარაზისხევისკენ წავედი.

10 ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ გზაზე ჩემსკენ მოძრავი მანქანა დავინახე. რომ ჩამიარა, დაამუხრუჭა და უკანა სვლით ისევ ჩემსკენ წამოვიდა. გამახსენდა, რომ ზუსტად ასეთი 'ნოლ-შესტი' ბიძაჩემს ყავდა და გამიხარდა. ვიფიქრე ეგ არის, სახლში წამიყვანს მეთქი, მაგრამ შევცდი. მანქანა ჩემ წინ რომ გაჩერდა, კარი გაიღო და იქიდან ახალგარდა ბიჭმა დამიძახა (ახალგაზრდა რა, ჩემზე უფროსი იქნებოდა ერთი 4-5 წლით. მე მაშინ 24-ს ვიყავი).

- გამარჯობა, ძამიკო, ერთი წამით თუ შეიძლება.
- დიახ
- მანქანაში დაჯექი რა ცოტა ხნით
- აქედანაც მშვენივრად მესმის, რა გნებავთ?
- დაჯე, კაცო, ნუ გეშინია

ამ სიტყვებმა ჩემ სიამაყეზე იმოქმედა, რისი უნდა მეშინოდეს მეთქი ირონიულად ვუპასუხე და დავჯექი (კარი მაინც ღია დავტოვე და მარჯვენა ფეხი - გადაყოფილი). ახალგაზრდა ბიჭმა (სახელი ახლა ნამდვილად აღარ მახსოვს) უკანა სკამზე მიმითითა, სადაც ვარდების დიდი თაიგული იდო და მითხრა, ფალიაშვილზე ერთი გოგო ცხოვრობს, ძალიან მიყვარს და მინდა ეს ყვავილები ავუტანო, მაგრამ ვერ ვბედავ და იქნებ შენ მიუტანო ჩემი სახელითო.

ნუ, ძალიან მომხიბლა ამ პერსპექტივამ მეთქი რომ გითხრათ, დამიჯერებთ? არა, ხომ? მართალია. ცოტა ჩამეცინა და ვუთხარი, მაგის თავი ეხლა ნამდვილად არა მაქვს სახლში მეჩქარება მეთქი. მანქანით მიგიყვან სახლამდეო, ოღონდ ეს საქმე გამიკეთეო, ამ შუაღამეზე შენნაირი კარგი ადამიანი სად ვიპოვოო... მოკლედ ჩართო და გადმოაფრქვია ყველაფერი რაც კი დიპლომატიის შესახებ გაეგებოდა და ბოლოს დამიყოლია. მარჯვენა ფეხი მანქანაში შევყავი, კარი დავკეტე და წავედით.

ფალიაშვილზე რომ მივედით, მანქანა გააჩერა და მითხრა - სადარბაზოს კარზე გვარი უნდა ეწეროს, აბა ნახეო. (გოგონას ნესტანი ერქვა, გვარს კი აქ შეგნებულად არ ვამბობ, კორექტულობიდან გამომდინარე. მიმხვედრი ისედაც მიხვდება ამ ისტორიის სახელწოდებას რომ წაიკითხავს). ვნახე - ეწერა. კაი მოდი, დაჯე უნდა დაგარიგოო.

ახლა მოკლედ გეტყვით ჩემი ამოცანა რაში მდგომარეობდა: უნდა ავსულიყავი, ზარი დამერეკა და ნესტანი მეკითხა. რომ გამოვიდოდა, თაიგული უნდა მიმეცა და მეთქვა მთავარი სიტყვები: 'ეს ყვავილები გადმოგცათ '7 ნესტანის' ავტორმა'.

ნუ ეს პროცესი ხომ გამამეორებინა რამდენჯერმე და რომ დარწმუნდა რომ ყველაფერი დავიმახსოვრე, მითხრა შენნაირი ნიჭიერი ადამიანი ჯერ არ შემხვედრიაო და გზა დამილოცა. სადარბაზოში რომ შევდიოდი, კიდევ ერთხელ დამიძახა, მოიცადეო. რა იყო მეთქი და მოდი რეპეტიცია გავიაროთო. მე სადარბაზოში შევალ, ვითომ ნესტანი ვარო, შენ კიდე დააკაკუნე და კარს რო გავაღებ ყვავილები მომეციო.

გავაკეთეთ. გვერდიდან იყო მაგარი შესახედავი: ვდგავარ ეს 24 წლის კრეტინი შუა ფალიაშვილზე ყვავილებით ხელში და სადარბაზოს კარზე ვაკაკუნებ. იქიდან მეორე კრეტინი მიღებს კარს, ამ ყვავილებს ღიმილით მართმევს და კარს ისევ კეტავს. მერე ისევ აღებს და აღფრთოვანებული მეუბნება რომ ჩემი თავი მას ღმერთმა გამოუგზავნა.

მოკლედ ავედი. კარი თავად ნესტანმა გააღო. დღეს რომ შემხვდეს, ვერ ვიცნობ, მაგრამ მახსოვს რომ შავგვრემანი და ლამაზი გოგო იყო. ყვავილები მივეცი, საკვანძო ფრაზა წარმოვთქვი და დავემშვიდობე.

რომ ჩამოვედი, ბიჭი მანქანაში იჯდა და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა. დავჯექი და ვუთხარი, ყვავილები რომ გამომართვა, გაიღიმა და გულში ჩაიკრა მეთქი. ამის გაგონებაზე მან სიხარულის რაღაც უცნაური ყიჟინა ამოუშვა და ისეთი სისწრაფით გაქანდა რომ მგონი 5 წუთში ბახტრიონზე ვიყავით.

მანქანიდან რომ გადმოვედი, ფანჯრიდან მომაძახა: 'შენ ქორწილში თამადა ვიქნები, ძმაო!'

'ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით', გავიფიქრე მე და სადარბაზოში შევედი.