Pages

Wednesday, June 15, 2011

საოცრება


13 მაისს სტივი უანდერის დაბადების დღე იყო. რაღაცის დაწერა მომინდა და ერთ-ერთ პოპლარულ ჟურნალს შევთავაზე. არ გვინდაო. ავდექი და მაინც დავწერე. ჰოდა, ისე რო არ ეგდოს, აქ დავდებ.

1985 წლის ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა, როდესაც გონება გამინათდა, ვიგრძენი როგორ ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და რაღაცისგან განვთავისუფლდი. 16 წლის ვიყავი და მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ. სახლში ვიჯექი და მაშინდელი იტალიური ესტრადის ერთ-ერთ ტიპიურ ნიმუშს ვუსმენდი. არ დავმალავ, მომწონდა. იმდენად მომწონდა, რომ სხვა სახის მუსიკას საერთოდ არ ვაღიარებდი. მოულოდნელად ტელეფონის ხმა გაისმა, მეზობლად მცხოვრები ჩემი მეგობარი რეკავდა, ის-ის იყო რაღაც ახალი სიმღერები გადაიწერა ვიღაცისგან და გაზიარება უნდოდა. იმ იმედით, რომ ტოტო კუტუნიოს, პუპოს ან ‘რიკი ე პოვერის’ მანამდე უცნობ სიმღერებს მოვისმენდი, სწრაფად ჩავიცვი და გვერდით სადარბაზოში გადავედი.

იქ კი ზუსტად ის მოხდა, რაც დასაწყისში ვთქვი: დინამიკებიდან საოცრება წამოვიდა, ვიგრძენი როგორ გააღო ვიღაცამ ფანჯრები და მივხვდი, რომ მანამდე დახურულ სივრცეში ვიჯექი. საოცრება კი მღეროდა, მღეროდა და გონებას მინათებდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი ჩაკეტილი ოთახის გარეთ მთელი სამყარო იყო. ფერადი სამყარო. დღეს სულაც არ ვთვლი, რომ კონკრეტულად ის ორი სიმღერა, რომელიც მეგობართან მოვისმინე, მსოფლიო მუსიკის შედევრებს შორისაა. მეტსაც ვიტყვი, მას შემდეგ სხვა მუსიკოსების უკეთესი სიმღერებიც მომისმენია, მაგრამ არც ერთ სხვა სიმღერას მანამდე ჩემში ამდენი დადებითი ემოცია არ გამოუწვევია.

საოცრება. საკმარისზე მეტი ამბიცია უნდა გქონდეს, რომ საკუთარ თავს ასეთი ფსევდონიმი მოუგონო. არა, ცოტას ვიტყუები. თავად არ მოუგონია. 12 წლის იყო, როდესაც ვიღაცამ აღმოაჩინა. დაბადებიდან ბრმა იყო, ტუჩის გარმონზე უკრავდა და მაგრად მღეროდა. ალბომი გამოაშვებინეს და ყდაზე დააწერეს: ‘პატარა საოცრება სტივი: 12 წლის გენიოსი’ (Little Stevie Wonder: The 12 Year Old Genius). შემდეგ მან თავად გადაწყვიტა ეს ზედმეტსახელი ფსევდონიმად დაეტოვებინა. ზუსტად ეს არის ამბიციური საქციელი.

როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერიც კი არ ხარ, კარგად სიმღერა და რამე ინსტრუმენტზე დაკვრა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა გენიოსი გიწოდონ. მით უმეტეს, თუ ამას ისიც ემატება, რომ დაბადებიდან ბრმა ხარ. როდესაც იზრდები, ეს ყველაფერი უკვე საკმარისი აღარ არის. კარგად სიმღერისა და დაკვრის გარდა საოცრებას კიდევ ბევრი რამ მოეთხოვება. ძალიან ბევრი. მან ეს იცოდა და ასეთ ფსევდონიმს რომ ირჩევდა, დარწმუნებული იყო, რომ საოცრებების კეთება შეეძლო.

ერთ-ერთი ასეთი საოცრება, ჩემი აზრით, არის ალბომი ‘შინაგანი ხედვები’ (Innervisions), რომლის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ის ავტოავარიაში მოყვა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

1973 წლის 6 აგვისტოს, სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინვილში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სტივი უანდერი მის მეგობარს, ჯონ ჰარისს, მანქანით მიჰყავდა სახლში. თავად სტივი მძროლის გვერდით იჯდა და ეძინა. უეცრად, მათ წინ მიმავალმა სატვირთო მანქანამ, რომელიც ხის მორებით იყო დატვირთული, დაამუხრუჭა, რამაც შეჯახება გამოიწვია. ერთ-ერთი ხის მორი სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა, მსუბუქი მანქანის საქარე მინა ჩაამტვრია და სტივის თავში მოხვდა.

დამტვრეული მანქანიდან ის დასისხლიანებული და გონებადაკარგული გადმოიყვანეს. კომატოზური მდგომარეობა ოთხი დღე გაგრძელდა. მისი მეგობარი აირა ტაკერი იყო პირველი, ვინც შეძლო და მასთან კონტაქტი დაამყარა. ტაკერი იხსენებს:

‘როდესაც საავადმყოფოში მივედი, სტივი უგონო მდგომარეობაში იყო. გამახსენდა, რომ ხმამაღალი მუსიკა უყვარდა და გადავწყვიტე მის ყურთან ახლოს რამე მემღერა. ექიმმა მითხრა, რომ პრობლემა არ იყო, ეს არაფერს ავნებდა. დავიხარე და მისი ერთ-ერთი სიმღერა ვიმღერე. მოულოდენლად დავინახე როგორ ათამაშდა მისი ხელის თითები და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად გამოკეთდებოდა’.

გამოჯანმრთელებამ საკმარისი დრო წაიღო. როდესაც სტივის გონება დაუბრუნდა, პირველი რაც აღმოაჩინა იყო ის, რომ ყნოსვის გრძნობა ჰქონდა დაკარგული. ამან მას იმის შიშიც გაუჩინა, რომ შესაძლოა აღარც დაკვრის უნარი ჰქონოდა. ისევ აირა ტაკერი იხსენებს:

‘მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი მივიტანეთ საავადმყოფოში, თუ არ ვცდები კლავინეტი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წუთი უბრალოდ უყურებდა. ეშინოდა, რომ შეიძლებოდა ვეღარ დაეკრა. ბოლოს შეეხო... სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს, რომელიც მას დაეუფლა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება’.

მკურნალობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, რადგან უანდერს ძლიერი თავის ტკივილები ჰქონდა და ადვილად იღლებოდა. ის რამდენიმე კონცერტი, რომელიც მას ავტოავარიამდე ჰქონდა დაგეგმილი, გადაიდო. თუმცა ერთი მაინც ჩატარდა: 1974 წლის მარტის ბოლოს, ნიუ იორკის ‘მედისონ სკვერ გარდენში’. სტივი სცენაზე გამოვიდა, თავის ნაიარევ შუბლს შეეხო, შემდეგ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და თქვა: ‘მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ’.